ალტერნატიული პროცესი ალტერნატიული საქართველოსთვის

ალტერნატიული პროცესი ალტერნატიული საქართველოსთვის

ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში, საკანონმდებლო პაკეტების მომზადების მიზნით, სამმა საპარლამენტო ოპოზიციურმა გაერთიანებამ: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალტერნატიული პროცესი დაიწყო. ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები აფასებენ:

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაუგებარია, როგორ შეიძლება სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არა აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი, სადაც ჩართული არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები.

„ეს ყველაფერი არის უბადრუკი მცდელობა იმის, რომ დისკრედიტაცია მოხდეს იმ სამუშაო პროცესის, რომელსაც ხელისუფლება ეწევა. ყველა, ვინც არ უერთდება სამუშაო პროცესს, ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ვინც სამუშაო პროცესს უერთდება, ისინი თავის ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა იმდენად დიდი სისულელე იყო, რომ მგონი, თავად მიხვდნენ და სისულელეების ლაპარაკს შეეშვნენ. მათ ევროპარლამენტარებმა ძალიან ღიად და მკაფიოდ უთხრეს, რომ სამუშაო ჯგუფებში უნდა ჩაერთონ და შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში. ათასი მოწოდების მიუხედავად, პროცესებში არც 2020 წლის შემდეგ ერთვებოდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა შედეგი დადგა, ესეც გვახსოვს. ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან თუ არა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მმართველი გუნდის წევრის, გია ვოლსკის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიული გეგმა, რომელსაც რევოლუცია ჰქვია, ჩაფლავდა და ამ ჩაფლავების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ საპარლამენტო ფორმატებში მუშაობაზე უარს იტყოდნენ.

„პარალელური პროცესი, რომელიც ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. ვერ შეძლეს რა რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი საკანონმდებლო პაკეტების მომზადების ალტერნატიულ პროცესს „იმიტაციას“ უწოდებს. „ოპოზიციური პარტიები კანონების წერაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუერთდნენ, ოღონდ ეს იგივე ორგანიზაციები „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ და მათ სამუშაო ჯგუფებში იღებენ მონაწილეობას. გამოვიდა, რომ გიორგი ვაშაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. არ მგონია ამას რაიმე შინაარსი ჰქონდეს. ევროპელები პირდაპირ, არაორაზროვნად გვეუბნებიან, რომ ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ოპოზიციის ცალკე სამუშაო პროცესის შექმნა ანალიტიკოსებისთვისაც მიუღებელია. ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციას, ერდაერთი, პოლარიზაციის დასრულება შეეძლო, მაგრამ თავისი ქმედებით პირიქით, აღრმავებს.

„ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „ლელოს“ მხოლოდ ერთი გეგმა აქვთ - ნებისმიერი მოლაპარაკება ნებისმიერი გზით ჩაშალონ. ვერ ამბობენ რომ ევროკავშირში შესვლა არ გვინდაო, მაგრამ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ - პარტნიორებს არწმუნებენ, რომ ხელისუფლება დეპოლარიზაციისკენ არ მიდის. არადა, დღეს ვინც პოლარიზაციის დასრულებაზე ფიქრობს, ის „ქართული ოცნებასთან“ ერთად ერთ მაგიდასთან ზის“, - განუცხადა ლატარიამ for.ge-ს.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილმა დეპოლარიზაციის შესრულება მმართველ გუნდთან ერთად დაიწყო, ხოლო რადიკალური ოპოზიცია პირიქით - პოლარიზაციას ხელს უწყობს. „ევროკავშირის რეზოლუციის 12 პუნქტიდან, პირველივე საკითხი დეპოლარიზაციას ეხება. ოპოზიციას მხოლოდ ამ ერთ საკითხში შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ნაწილმა ამ პროცესის შესრულება დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი სატელიტი პარტია კი, პროცესის მიღმა დარჩა და პოლარიზაციას აღრმავებს. რაც ყველაზე მთავარია, ისინი ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების წინააღმდეგ მიდიან. ცნობილია, როგორი წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩამოსული. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ, რომ ჩართულიყვნენ იმ სამუშაო პროცესში, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. ბუნებრივია, თუ ვინმეს უნდა რეკომენდაციების შესრულება, ეს ხელისუფლებაა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი ასახელებს იმ სამ მიზეზს, რის გამოც „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ.

„ამ ორი პარტიის „ნაცებთან“ ერთად ყოფნას ერთადერთი ახსნა აქვს, პირველი - ისინი თავად არიან „ნაციონალური მოძრაობაზე“ მეტი „ნაციონალები“. ამას ამტკიცებს მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით კი „ლელოს“ ლიდერებს, ხაზარაძე-ჯაფარიძეს გამოვყოფდი. გიორგი ვაშაძის პოზიციები უკვე დიდი ხანია გარკვეულია. მეორე მიზეზი - ცნობილია, რომ მაღალი საარჩევნო ბარიერი გვაქვს და მათ კარგად იციან, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. ასევე გვაქვს შეთანხმება, რომ 2024 წლის არჩევნებზე 2%-იანი ბარიერი იყოს და აქაც კი აქვთ შიში იმისა, რომ 2%-ს ვერ გადალახავენ. მესამე - ეს ბულინგია, რომელიც მათ „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვთ. როგორც ჩანს, ეს ბულინგი არ აძლევთ საშუალებას არც „ლელოს“ და „სტატეგია აღმაშენებს“, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოონ. საბოლოო ჯამში, მათ ყველას ერთად 2024 წლის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვიხილავთ“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge-ს.