დავით არახამია მზად არის ჩამოვიდეს საქართველოში, ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ ლიდერებთან დააკავშიროს და ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს. აქვე წინაპირობებსაც აყენებს - მისთვის სულერთია რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია პრორუსი არ იყოს. „ხალხის მსახურის“ ლიდერი აქვე დასძენს, რომ მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც. შესაბამისად, ქართველ პოლიტიკოსებს შემდეგი ფრაზით მიმართავს: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში“.
„ხალხის მსახურის“ ლიდერმა დამსახურებული პასუხიც მიიღო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არახამიას სანქციას გამოუტანს უკრაინელი ხალხი, იმ ყველაფრის გამო, რაც მოუტანა უკრაინას. ამასთან, ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს დავით არახამიას განცხადებების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ მის ოჯახს უკავშირდებოდა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ არახამია არაკაცია და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
„ეს კაცი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი ვის მიმართაც, მე მგონი, ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციას გამოუტანს თვითონ უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროდ, მათი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი „მესიჯებით“, რომლის მიზანი არის საქართველოს დაზიანება და ხელისუფლების ცვლილება.
„ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია. რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია, ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული, თავის უბინძურესი „მესიჯებით“, „ნაცმოძრაობის“ მათი ლობისტების თუ დავალებების მიმცემების კვალდაკვალ და საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მედია, „ნაცები“ აყოლილი არიან ამ ბინძურ „მესიჯებს“.
მიზანი არის საქართველოს დაზიანება და მიზანია საქართველოში ცვლილებები, „ნაცმოძრაობით“ ჩანაცვლება „ქართული ოცნების“, ომში ჩართვა ამ ქვეყნის. წარმოიდგინეთ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ომის და აგრესიის ობიექტი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი თავს ესხმის ასევე ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებას. მეტი სიბინძურე რა უნდა იყოს?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ არახამიას ქართული გვარი აქვს, საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში სხვა ქვეყნის მოქალაქის ჩარევა პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სწორი არ არის.
„შეიძლება, მას თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ასეთი ფორმით სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა სცდება იმ ურთიერთობებს, რაც უკრაინასა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობდა. არახამიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მეგობრობაზე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მისი განცხადებების უკან რა დგას. რაც ნამდვილად ვიცი, არის ის, რომ ასეთი სახის ჩარევა შიდა პოლიტიკაში და ყველას კრიტიკა, ვინც მათ პოლიტიკურ ხაზს არ ეთანხმება, სწორი არ არის. საქართველოდან არახამიას საუბარს ვერ ავუკრძალავთ, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობა იმსახურებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თუ არახამიას თავი ჩე გევარა ჰგონია და შეუძლია, ქვეყანაში ჩამოვიდეს, რაღაც რევოლუცია მოაწყოს, რევოლუციები ასე არ ტარდება. როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, უკრაინა დიდი ქვეყანაა, სადაც ბევრი პოლიტიკური ჯგუფია და არ მგონია არახამია ყველას პოზიციას გამოხატავდეს, მით უმეტეს, რომ უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში ერთმანეთთან დიდი დაპირისპირებაა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი რესურსი, რომ არათუ სანქციები არ დაწესდეს, არამედ ევროინტეგრაციის მიმართულებით წინ ნაბიჯი გადავდგათ.
„რევოლუციები ასე არ ტარდება. მთავრობა ქმნის გარემოს, სადაც რევოლუცია შესაძლებელია და ვინც არ უნდა იყოს ლიდერი, რევოლუცია შეიძლება, მოხდეს. არ მგონია, ეს სერიოზულად იყოს ნათქვამი. საერთოდ, ჩემი აზრით, ჩე გევარა ცუდი ადამიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუცია ადამიანის უფლებაა და თუ რეჟიმი ცუდად იქცევა, რევოლუციის ჩატარება ადამიანების ვალდებულებაა, მაგრამ ჩე გევარა ბოროტი ადამიანი იყო, რომელიც არასოდეს არ უნდა მოგვეწონოს. მაგრამ, არ მგონია, რომ არახამაიას განცხადება სერიოზული იყოს. წარმოუდგენელია, რევოლუცია გვინდოდეს, ვიღაცის ჩამოსვლას და დახმარებას ველოდებოდეთ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
არახამიას სრულად ეთანხმება ხატია დეკანოიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განმარტებით, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს. მისი თქმით, მთავარია გვესმოდეს, ვის მხარეს დადგა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომში და როგორი პოზიცია დაიკავა მან.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ცივილიზებული სამყაროს გვერდით არ დგას. თუკი რამემ საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, შელახა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან - როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის იყო ანტიუკრაინული განცხადებები.
მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყოს, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, წარმოიქმნა როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ქართული რადიკალური ოპოზიცია და უკრაინის ხელისუფლების წევრი არახამია რომ საქართველოში პროცესების რადიკალიზაციისთვის მუშაობენ, ამაში დარწმუნებული არიან ანალიტიკოსები. დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ძალიან მარტივია, გარკვეული ძალები დასავლეთში, რომელთა კლიენტი არის მთლიანად უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის ეს არახამია, მიზანია საქართველო როგორმე ჩაერთოს ამ კონფლიქტში. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მიმდინარეობს მცდელობა, რომ რუსეთის გარშემო შეიქმნას დესტაბილიზირებული სივრცე.
„რა თქმა უნდა, ამ დიდი გეგმის ნაწილია არახამია და მისი მცდელობაა, რომ საქართველოში მოხდეს არეულობა. მიზანი არაა ხელისუფლება შეიცვალოს, არამედ - დიდი დესტაბილიზაცია. იციან, რომ ხელისუფლების შეცვლა არაკანონიერი გზით ვერ მოხდება. ამიტომ, მათი მიზანია მოხდეს ხანგრძლივი დროით დესტაბილიზაცია. ეს არის მიზანი, ამას აკეთებენ. რასაკვირველია, ხელისუფლება ფხიზლად არის და მცდელობას არ აკლებენ. აშკარად ჩანს, რომ მზადდება ხელისუფლების შეცვლა არაკანონიერი გზით და ამაში ჩართულია საერთაშორისო ძალები, არახამიაც ამ გეგმის ნაწილია. მიზანი არის რუსეთის გარშემო დიდი დესტაბილიზირებული სივრცის შექმნა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ არახამია ქართული ოპოზიციაში „ნაცმოძრაობის“ ნაწილს განიხილავს როგორც მსუყე ნამცხვარს, რომლის შეჭმა და მოკბეჩა თავისუფლად შეიძლება. მისი თქმით, რეალურად აფასებს ე.წ. ლიდერებს როგორც ნაყოფიას, ასევე მელიას, რომლებიც ვერანაირად ვერ უმკლავდებიან იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.
„საბოლოო მიზანს ამ ნაწილმა ვერ მიაღწია, მაგრამ ამავდროულად, არახამია აფასებს როგორც გარკვეული პოტენციალის მქონე ძალას, რომელსაც ჰყავს ამომრჩეველი. არავინ არ იცის როგორ დამთავრდება უკრაინაში სამხედრო და პოლიტიკური პროცესი, ამიტომ, რატომაც არა - მოსინჯოს თავისი პოტენციალი და შესაძლებლობები საქართველოში, რატომ არ მოევლინოს ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას ახალ ახალგაზრდა ლიდერად?! არა აქვს მნიშვნელობა უკრაინის მოქალაქეობა აქვს, თუ ამერიკის.
სააკაშვილს წლებია უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ხელს არ უშლიდა არც ეს მოქალაქეობა და არც ციხეში ყოფნა, რომ ემართა ყველა დესტურქციული პროცესი ქვეყანაში. ამიტომ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ არახამია თავადაც გამოთქვამს სურვილს ქართულ ოპოზიციურ ლიდერობაზე და ალბათ, ის საერთაშორისო პროექტი, რომელიც, ზოგადად, მსგავს პროცესებს მართავს მსოფლიოში და რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო აწ უკვე გარდაცვლილი აკერმანი (და ჩვენ კარგად გვესმის, რომ აკერმანით არ შემოიფარგლებოდა მენეჯმენტი) - ალბათ, არახამიას განიხილავს ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად, რომ საქართველოში ეს პროცესები თუნდაც ონლაინ რეჟიმში, თუნდაც კიევიდან, დისტანციურად მართონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.