ომი და შანტაჟი - რუსეთი მარცვეულის კრიზისით იმუქრება

ომი და შანტაჟი - რუსეთი მარცვეულის კრიზისით იმუქრება

სტამბოლში მიღწეული ისტორიული შეთანხმება რუსეთმა 24 საათში დაარღვია. ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთმა ვალდებულება აიღო, რომ მისი მიმართულებით იარაღს აღარ გაისვრიდა, რამოდენიმე საათში დაარღვია. რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. შესაბამისად, რეჯეფ თაიფ ედროღანის მოლოდინი, რომ თურქეთში დადებული შეთანხმება მილიარდობით ადამიანს შიმშილის საფრთხისგან იხსნის, დიდი ალბათობით, ეჭვქვეშ დგება და რუსეთმა შესაძლოა მსოფლიო კრიზისის წინაშე დატოვოს.

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმებას ხელი ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა თურქეთმა და გაერომ მოაწერეს. სტამბოლში, გლობალური სასურსათო კრიზისის გადასალახად მხარეები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად უკრაინას შესაძლებლობა ეძლევა ექსპორტზე გაიტანოს 20 მილიონ ტონამდე მარცვლეული. უკრაინულ პორტებში ჩარჩენილი 80 სატვირთო გემი 5-თვიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მოამარაგებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ოდესაზე თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ თურქეთში ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულებას.

„ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულების საიმედოობას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება, რომელზეც დათანხმდა“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი რაკეტებს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოში ერები აშიმშილოს, ისევე როგორც ადრე მან მოაწყო „გოლოდომორი“ უკრაინაში.

„მხოლოდ გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება ჩვენს პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განსახორციელებლად. დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა დაარტყეს ოდესის პორტს. 90 წლის წინ რუსეთმა მოაწყო „გოლოდომორი“ იარაღის დახმარებით. ახლა ისინი იყენებენ რაკეტებს, რომ სხვა ერები აშიმშილონ“, - განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ადასტურებს, რომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ოდესის პორტზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ქალაქზე პორტის მახლობლად, სადაც მარცვლეული ინახებოდა ექსპორტისთვის, თავდასხმა „მაღალი სიზუსტის“ რაკეტით განხორციელდა. მარია ზახაროვა ირწმუნება, რომ დარტყმების სერიის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავი იყო და არა მარცვლეულის საწყობები.

ამავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებაზე, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მოელის, რომ გაერო შეძლებს, მიაღწიოს რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის ხელისშემშლელი უკანონო სანქციების მოხსნას. რუსი დიპლომატის განცხადებით, უკრაინის დამოკიდებულება იბრძოლოს ბოლომდე, უკრაინელ ხალხს სარგებელს არ მოუტანს.

„სურსათის თემაზე დასავლეთმა უნდა აღმოფხვრას მის მიერ შექმნილი პრობლემები. მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებაზე, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო. მიმდინარე პირობებში, უკანონო სანქციები, რომლებიც შემოღებულ იქნა, ხელს უშლიდა რუსულ მარცვლეულთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ახლა გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივით სტამბოლში შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებული იქნება“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსული დიპლომატიას ხელშეკრეულების დაცვის მაგალითები არ აქვს. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დარღვევაზე გაწაფული რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს დასავლეთი, რომ შეარბილოს სანქციების თემა, რომელმაც რუსული ეკონომიკა დააზარალა.

„არაა გამორიცხული, რომ რუსეთს არ აწყობდა ეს ხელშეკრულება. ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ხორბალს იარაღად იყენებენო და არაა გამორიცხული, რომ მართლაც გააჭინაუროს ხორბლის დაშვება იმისთვის, რომ შექმნას უფრო მეტი კრიზისი და ამის საფუძველზე უფრო მეტი პირობა წამოაყენოს, თუნდაც სანქციების შერბილების მიმართულებით. მაგრამ მეორე მხრივ, ახლა საერთაშორისო დონეზე უარის თქმა, ანუ ერდოღანის ინიციატივაზე, ეს ძალიან უხეში განაცხადი იქნებოდა და ამით რუსეთი იტყოდა, რომ მე ყველას მტერი ვარ.

ეს რომ არ ეთქვა, მოაწერა ხელი და რადენიმე საათში სარაკეტო თავდასხმაც განახორციელა, თან ისე, რომ მართლაც ხორბლისთვის არ დაურტყია, მაგრამ ძალიან გართულდება ხორბლის გატანის პროცესი, როცა ყველას ექნება იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ხელახალა განახორციელებს შეტევას და თან იტყვის, რომ უმიზნებს სხვა რაღაცას და ააცდენს და დაარტყამს ქარავანს, რაც არაა გამორიცხული. აი, ეს შიში გააჩინა რუსეთმა. მე მგონია, რომ ამ შიშის მიღწევა უნდა რუსეთს, რომ შეაკავოს ხორბლის გატანის ეს პროცესი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

უსაფთხოების საკითხებში ექსპერტის დავით კუხალაშვილის შეფასებით, ოდესის პორტის დაბომბვით რუსეთი ამბობს, რომ მას აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები და ის იმოქმედებს პრაქტიკულად შეურაცხოფის მიყენების დონეზე ნებისმიერ სახელმწიფოსთან, სანამ არ გაითვალისწინებენ მსოფლიოში მის ინტერესებს. მისი თქმით, ნებისმიერი ხელშეკრულების ხელმოწერაში მონაწილეობა და მოლაპარაკება არის გარკვეული დროის მოგება კონკრეტული აქციის მოსამზადებლად, რასაც მიაღწია და კიდევ ერთხელ შანტაჟის ახალი ელემენტი შემოუშვა საერთაშორისო არენაზე.

„საერთაშორისო ურთიერობებში მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება შესაძლებელია, რომ შეიცვალოს არსებული ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ამიტომ ნებისმიერ ხელშეკრულებას შეიძლება ანალოგიური დასასრული ჰქონდეს. რუსეთის ინტერესებში შედიოდა ის, რაც გააკეთა. მეცინება როდესაც საუბრობენ ასეთ ხელშეკრულებებზე, არ ვიცი ვის და როგორ სჯერა ამისი იმიტომ, რომ საომარი მოქმედებებია, მთელი მსოფლიო პირდაპირ, ან ირიბად არის ჩართული ამ ომში, ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ გარკვეულ ჰუმანიტარულ მისიებზე.

ომის პრინციპებიდან და სადაზვერვო ქმედებებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დაუძლურებისათვის აუცილებელია მას შეუწყვიტოს ყველა სახის საერთაშორისო ურთიერთობა და მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, იმ ხელშეკრულების შესრულება არანაირად არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში. ხელი მოაწერა, დროც მოიგო და საბოლოო ჯამში გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

ასე რომ, ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევის საშიშროება, რომელიც არის მიღებული, ან რომელსაც მიიღებენ, ყოველთვის არსებობს. ნებისმიერი სახელმწიფო მოღვაწეობს და მოქმედებს მისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი ხელშეკრულებების არ მჯერა - მშვიდობიანობაზე ხელმოწერილი ბევრი ხელშეკრულება გამხდარა ომის საფუძველი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ანალიტიკოს მამუკა არეშიძის განმარტებით, რუსეთი არასოდეს არ იყო სანდო პარტნიორი. საქართველოს ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაურღვევია ნებისმიერი ხელშეკრულება. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, რუსეთის მმართველობით რგოლებში და კერძოდ, ძალოვან უწყებებში მნიშვნელოვანი პროცესებია, ომის მსვლელობის პარალელურად ჩანს გარკვეული დაპირისპირება, რომელიც არსებობს ერთი მხრივ სპეცსამსახურების ხელმძღვანელებსა და ეროვნულ გვარდიას შორის, მორე მხრივ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებს შორის.

„რასაკვირველია, რუსეთმა დააშანტაჟა მსოფლიო და ეუბნება, რომ მას შეუძლია შიმშლისთვის გაწიროს მსოფლიო. თან, მისი მიზანია საკუთარი ხორბლის გაყიდვა და როგორც ვიცი, ერთი მეორეში გაიცვალა. კერძოდ, ემბარგო მოეხსნებოდა რუსეთის ხორბალს და ეს იქნებოდა საპასუხო ნაბიჯი მსოფლიოს მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის ხორბლის გატანის საშუალებას მისცემდა დანარჩენ მსოფლიოს.

ერთი მეორეში გაიცვალა, მაგრამ რა მოხდა და რატომ დაბომბეს ოდესის პორტი შეთანხმებიდან ძალიან მალე, ძნელი სათქმელია, რადგან პრინციპში, რუსეთმა თავისი საქმეც გაიფუჭა - ემარგო ადევს მის ხორბალს. ბუნებრივია, ეს არც სანდო პარტნიორობა არ არის და არც რუსეთს არ აღიქვამს არავინ სანდო პარტნიორად. დასავლეთში მაინც ეგონათ, რომ რუსეთი ამ ვითარებაში შედარებით გონივრულად მოქიცეოდა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.