შესაძლებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება? რა მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ? დააფინანსებს თუ არა დასავლეთი სააკაშვილის პარტიას და ეცდება თუ არა მის ხელისუფლებაში დაბრუნებას? რა იქნება ღარიბაშვილის შეცდომა? - ამ თემების ირგვლივ საუბრობს და ბოლო თვეების მოვლენებს for-ge-სთან აფასებს აკადემიკოსი ლადო პაპავა.
ბატონო ლადო, რას იტყვით ქვეყანაში შექმნილ საკმაოდ რთულ ვითარებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას, საერთაშორისო დონეზე, ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა იგივე ევროპარლამენტარებთან და ელჩებთან მიმართებაში. რამდენად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა საქართველო ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესში?
- სიტუაცია, რა თქმა უნდა, რთულია. პრობლემას ართულებს რუსეთის ომი უკრაინაში. საქართველოსთვის პრობლემის სიმწვავე იმაში მდგომარეობს, რომ სანამ ეს ომი დამთავრდება (დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ უკრაინა გაიმარჯვებს), ვფიქრობ, ალბათობა, რომ საქართველო ჩათრეული იყოს ომში, საკმაოდ მაღალია. აქ ლაპარაკი აღარ არის იმაზე, ვის ინტერესშია საქართველოს ამ ომში ჩართვა. არაერთხელ მოგვისმენია მოწოდებებიც ამ ომში ჩართვის - ზოგი პირდაპირი, ზოგიც ირიბი. ხშირად ეს მოწოდებები კიევიდან მოდიოდა. მისი პოზიცია გასაგებია - უნდა მეორე ფრონტის გახსნა, რათა რუსეთის სამხედრო ძალები ორივე ფრონტზე გადანაწილდეს. მაგრამ ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, მას არ სჭირდება საქართველოში შეჭრა, რადგან ის უკვე აქ არის. სურვილი, საქართველო ჩართულიყო ომში ამათუ იმ ფორმით, არაერთხელ გაჟღერებულა. გაგახსენებთ იგივე საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას - ისე მრცხვენია, რომ ნეტა, ბომბები ცვიოდეს ჩვენ თავზეო. შეიძლება ზუსტი ციტირება არაა, მაგრამ დაახლოებით ამ კონტექსტში ითქვა. მსგავსი სხვა ქართველებსაც უთქვამთ. იმავდროულად აშშ-ის ელჩმა ქ-ნმა კელი დეგნანმა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა იმ სახალხო დამცველს, რომელმაც, როგორც გითხარით, საქართველოს თავზე ბომბები ინატრა.
ქართულმა საზოგადოების ნაწილმა, ელჩის ეს მხარადჭრა ომში ჩათრევის სურვილად აღიქვა.
- ჩემი აზრით, საქმე გვაქვს დასავლეთში პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ სტანდრტთან, რომლის თანახმადაც ერთი და იგივე ძალა მხოლოდ ორი ვადით შეიძლება იყოს ხელისუფლებაში. ამ სტანდარტის უპირობო გადმოღება საქართველოსთვის აშკარა შეცდომაა, რადგანაც ეს სტანდარტი ეხება მხოლოდ პრეზიდენტს, ხოლო სპარლამენტო რესპუბლიკაში ამ სტანდტის დაცვა უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ეს ეფემერული სტანდარტი აიძულებს ზოგიერთ უცხოელს უპირობოდ დაუჭიროს მხარი ყველას, ვინც ხელისუფლებას, მთავრობას, თუნდაც არაობიეტურად, აკრიტიკებს. სწორედ ეს მხარდაჭერა აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ან სახალხო დამცველს...
სტანდარტები ერთია, თუმცა ქართული სახელმწიფოს ინტერესები, უმნიშვნელოვანესია.
- სწორედ აქეთკენ მივდივარ. რადგან „ქართული ოცნება“ მესამე ვადით არის არჩეული და მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ პრაქტიკულად არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ამის მიუხედავად, დასავლეთის განწყობა კლიშედ ქცეული ხსენებული სტანდარტიდან გამოდის. ამიტომ ხშირად დასავლელი პარტნიორების მიდგომა არის ძალიან მარტივი: ორი ვადა საკმარისია და უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. თანაც ავიწყდებათ, რომ საქმე საპარლამენტო რესპუბლიკასთან აქვთ, რაც ორვადიოანობას სავალდებულოდ არ და ვერ განიხილავს.
ცალკე საკითხია, პოტენციურად ვინ შეიძლება ჩაანაცლოს ხელისუფლება. ფაქტია, რომ ამის მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი გააანალიზება ბოლომდე არ ხდება. წარმოვიდგინოთ ასეთი ჰიპოთეტური რამ: ჰიტლერს, გებელს და გიმლერს რომ თავი არ მოეკლათ, ნიურნბეგის პროცესი რომ არ ჩატარებულიყო, ვინ იქნებოდა კონრად ადენაუერის ოპოზიცია? - ვინ და ჰიტლერი, გებელსი, გიმლერი და ნიურნბეგის პროცესის მსჯავრდებულები. როგორ ფიქრობთ, მათ მხარდამჭერები არ ეყოლებოდათ? მაგრამ ნიურნბერგის პროცესმა ეს პრინციპულად გამორიცხა. საკითხის უტრირება არ მინდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ შეცდომაა ის, რომ 2013 წელს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის თუნდაც პოლიტიკურ შეფასებაზე თქვა უარი. სამწუხაროდ, იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარისგან ისიც ითქვა, რომ ჩვენი ამოცანაა მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა“ შევინარჩუნოთო. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი ყველანაირად ცდილობდა ე.წ. კოჰაბიტაციურ რეჟიმში საერთო ენა გამოენახათ ნაცებთან...
იქნებ ეს დასავლეთის დავალებაც იყო...
- არც ეგაა გამორიცხული. მე ხომ არ ვიძახი, რომ მაინცდამაინც ნიურნბერგის პროცესი უნდა გამართულიყო საქართველოში. მაგრამ ხომ შეიძლება პარლამენტს მიეცა შეფასება და მიეღო პოლიტიკური დოკუმენტი. ვფიქრობ, შეიძლებოდა გაკეთებულიყო „ნაციონალური მმართველობის“ 9-წლიანი პერიოდის შეფასება, თუ რა ხდებოდა საქართველოში, როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ილახებოდა საკუთრების უფლება. ამ პოლიტიკური შეფასების საფუძველზე ბევრად გაადვილდებოდა დასავლელ პარტნიორებთან საუბარი. ამას ემატება ის, რომ არაერთგან მსმენია და მეც მრჩება ამის განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლობისტების სერვისი მაქსიმალურად არ გამოიყენა - 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრაქტიკულად, ჩახსნა ლობისტები.
მოდით, ხელისუფლების განცხადებებზე ევროპელი კოლეგების მიმართ, 12-პუნქტიან გეგმასა და ევროპარლამენტარების ვიზიტზე ვისაუბროთ. მართლაც ცეცხლი გაუხსნა პოლიტიკურ ფლანგზე საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ კოლეგებს, როგორც გარკვეულ შეფასებებში ითქვა? ისიც ითქვა, „ოცნება“ დასავლელ მხარდამჭრებს აუჯანყდაო.
- საქართველო, ჩემი აზრით, მართლაც დაჩაგრეს ბრიუსელის გადაწყვეტილებით: უკრაინას და მოლდოვას მისცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი, ჩვენ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ყველანაირი რეფორმით და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვებით საქართველო აშკარად მოწინავე იყო უკრაინასთან და დსთ-ში ჯერ კიდევ მყოფ მოლდოვასთან შედარებით. თან რა კონტექსტში იყო ეს ყველაფერი გაჟღერებული, რომ უკრაინას მიეცა კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ომშია ჩართული, მოლდოვას იმიტომ, რომ ომის საფრთხის ქვეშაა. ისევ ომის კონტექსტი წამოვიდა წინა პლანზე. მაშასადამე, საქართველო რომ ყოფილიყო ომში ჩართული, ისიც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. ლოგიკურად მხოლოდ ასეთი დასკვნა გამოდის. მიუხედავად ამისა, მაინც მინდა დავიჯერო, რომ არც ევროკავშირი, არც მისი ელჩი, არც ევროპარლამენტი, არც ევროპის საბჭო, არც აშშ არ მოითხოვს საქარველოს ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ ომში და მეორე ფრონტის გახსნას, თუმცა ზემოხსენებული არტიკულაციით, ამის განცდა მაინც დარჩა.
12 პუნქტიდან 11-ის მამართ, მეტ-ნაკლებად, გასაგებია, რაცაა გასაკეთებელი. აი, პოლარიზაციის შემცირება, სულ ცოტა, გაუგებარია, თუ როგორ უნდა შემცირდეს. საერთოდ, პოლიტიკაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშის წესია. ნეტა „6 იანვარის მოვლენები“ არც თუ დიდი ხნის წინ რომელ ქვეყანაში იყო?! რა აშშ პოლარიზებული არ იყო, ან არ არის? ასე მარტივად არ ხდება პოლარიზაციის შემცირება. მით უფრო, თუ რადიკალური ოპოზიცია საერთოდ უარს აცხადებს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე.
და თან, ის ოპოზიცია, რომელსაც მხარს დასავლელი ლობისტები და ევროპარლამენტარებიც უჭერენ. სწორედ მათმა ლობისტებმა განაპირობეს ეს ხმაურიანი რეზოლუცია.
- სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ განაპირობა ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მასში გაპარულია ტექნიკური შეცდომები (მაგალითად, სააკაშვილს საავადმყოფოში არ უშვებენო და ამ დროს, რამდენი ხნის წინ იყო ის იქ გადაყვანილი). მთავარი კი შინაარსობრივი პრობლემებია. ის, რომ ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ეს თავისთავად ნორმალურია, მაგრამ რადიკალურ ოპოზიცია ხვდება, რომ არჩევნების გზით ძალიან გაუჭირდება გამარჯვება, რადგანაც ამომრჩევლების დიდ ნაწილს, მათი მობრუნება ხელისუფლებაში ნამდვილად არ სურს. ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში და უკვე სიებს ადგენენ, ვინ უნდა დასაჯონ. მათ ხომ რევანშისტული, აგრესიული გეგმები არასდროს დაუმალავთ. ამიტომ რადიკალურ ოპოზიციას საქართველოს წარმატება გულზე არ ეხატება იმიტომ, რომ რაც უფრო წარმატებული იქნება საქართველო, მით მეტი ალბათობაა, რომ მომავალ არჩევნებში ისევ „ოცნებამ“ გაიმარჯვოს. საქართველომ რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ამან წყალი რადიკალური ოპიზიციის წისქვილზე დაასხა. მათ უნდათ ეს პროცესი გარდასახონ რევოლუციაში, ან თუნდაც სახელმწიფო გადატრიალებაში მაინც, რომელსაც რევოლუციას დაარქმევენ, მაგრამ ამის რესურსიც არ აქვთ. ეს აჩვენა ივნისის ბოლოს გამართულმა აქციებმა, როცა ხალხი გამოვიდა ევროკავშირის იდეის მხარდასაჭერად, თუმცა ოპოზიციური ლიდერები ამ მიტინგებზე ვერ გამოჩნდნენ, რადგანაც ხვდებიან, რომ მათი გამოჩენა ხალხის რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს. აშკარაა, რომ ოპოზიციას უნდა საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ეს მისთვის იქნება არგუმენტი, რომ ხელისუფლება მოიშოროს. ამიტომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან შესაბამისი კომისიების ფორმატში, მიუხედავად ევროპარალმენტარების, სხვადასხვა ელჩის მოწოდებებისა.
რამდენად ადეკვატურია, სწორი და სახელმწიფოებრივი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და „ოცნების“ ლიდერშიპის განცხადებები, რომლებმაც არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა გაამწვავა.
- რაც შეეხება პრემიერის განცხადებებს, ვფიქრობ, ისინი შინაარსობრივად იყო სწორი, თუმცა საკმაოდ ემოციური. ფაქტია, რომ საქართველო პრაქტიკულად იცავს ყველა იმ სანქციას, რომელიც შემოღებულია დასავლეთის მიერ რუსეთთან მიმართებაში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, „ვითიბი ბანკი“, რომელიც, საბჭოთა დროიდანაა ცნობილი, როგორც კაგებე-ს ბანკი და რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიყვანა 2005 წელს საქართველოში, არ დაიხურებოდა. ასევე „ბორჯომს“ პრობლემა არ შეექმნებოდა. რადგან „ბორჯომის“ მესაკუთრე რუს ოლიგარქს ფინანსური პრობლემები შეექმნა, საქართველოს მთავრობამ მოახდინა „ბორჯომის“ წილის ნაციონალიზაცია, რათა ქარხანა არ გაჩერებულიყო. რაც შეეხება სანქციების დარღვევით რაღაც ტვირთების რუსეთისთვის მიწოდებას, ეს ხშირად გვსმენია, მაგრამ ფაქტებით ეს ჯერ არავის დაუდასტურებია.
ანუ მთავრობის მეთაურს სწორად აქვს განსაზღვრული ნაბიჯები საომარი პერიოდის განმავლობაში?
- პოზიცია, რომ საქართველო არ იქნეს ჩათრეული ომში, აბსოლუტურად სწორია. უბრალოდ, არტიკულაცია შეიძლებოდა ყოფილიყო ცოტა უფრო დიპლომატიური. აქ მინდა გავიხსენო ერთი ძალიან ცუდი გამოცდილება, რომელიც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს ეხება. კერძოდ, ის საკმაოდ კრიტიკული იყო არა მარტო მოსკოვის, არამედ ვაშინგტონის მისამართითაც. ჩვენ ვიცით, სამწუხაროდ, როგორ დასრულდა ის პერიოდი. არ მინდა სიტუაცია გავამარტივო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ია, ის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რეალური გარანტორია. ამიტომ ვისურვებდი, რომ დასავლეთთან საკომუნიკაციო ენა უფრო დიპლომატიური იყოს. შესაძლებელია ელჩთან პირისპირ საუბარში ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბო შენი უკმაყოფილება, მაგრამ არა ღია მიმართვებში, რომელიც სულ სხვა შეფერილობას იღებს არამარტო საზოგადოებაში, არამედ საერთაშორისო არენაზეც.
კონკრეტული მოსამართლე ჩხიკვაძის თემა იყო აქ პრობლემური თუ სხვა ფაქტებსაც გულისხმობთ?
- რაც შეეხება მოსამართლე ჩხიკვაძეს, პასუხგაუცემელი რჩება არაერთი კითხვა. ჯერ სიაში შეიყვანეს, რომ აშშ-ში უნდა წასულიყო, მერე გვარამიას პროცესის შემდეგ მას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა, შედეგად კი ხსენებული სიიდან ამოიღეს. ლოგიკურია, რომ მას გადაწყვეტილება დაუწუნეს. ნამდვილად არ ვთვლი, რომ სასამართლოში ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, პრობლემებია, მაგრამ მოსამართლე ჩხიკვაძის მიმართ განვითარებული მოვლენები მართლა ბევრ ეჭვს ბადებს...
სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე განმარტეს, რომ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დეპარტამენტის სახელით ლაპარაკობს და არა პირად აზრს აყალიბებს. ამ ფონზე ამერიკასთან ქვეყნის ურთიერთობის დაძაბვას უნდა ველოდეთ?
- არა. ამას წინათ ვაშინგტონში მიღებულ იქნა ორპარტული აქტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შავი ზღვის რეგიონში. აშშ-სთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. საქართველოს როლი ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, როცა აშშ-ის ჯარები გადიოდნენ ავღანეთიდან, საქართველო იქნა გამოყენებული როგორც სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბი. ამერიკელებისთვის საქართვლო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვიმეორებ, რომ სასურველია, დიალოგი აშშ-ის ელჩთან თუ სახელმწიფო დეპარტამენთთან წარიმართოს დიპლომატიურ ფორმატში. უწინარეს ყოვლისა, უნდა გააქტიურდნენ ჩვენი საელჩოები. სამაგალითოა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მუშაობა, რომელსაც ომის განმავლობაში, ბევრი სხვა ქვეყნის საელჩოსგან განსხვავებით, უკრაინა არ დაუტოვებია!
თუმცა, ამ წარმატებული მუშაობის ფონზე უკრაინის ხელისუფლებასთან ძალიან დაუფასებელი გამოჩნდა საქართვლოს დახმარება და თანადგომა. ესეც ევროპის რაღაც სტრატეგიის ნაწილი ხომ არ იყო?
- როდესაც პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა და მერე ოდესის გუბერნატორობა მისცა სააკაშვილს, საქართველოს მხარეს მაშინ უნდა გამოეხატა ძალიან სერიოზული პროტესტი. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ უკმაყოფილება კი გამოხატა, მაგრამ კიევის მიერ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი პრაქტიკულად „გადაყლაპა“. გავიხსენებ, რომ პუტინმა ზელენსკის საჯაროდ ურჩია სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მიცემა, რაც ზელენსკიმ გააკეთა კიდეც. უფრო მეტიც, პრემიერადაც კი უნდოდა სააკაშვილი დაენიშნა, თუმცა მიხვდა, რომ პარლამენტში მას ვერ გაიყვანდა და ამიტომ რაღაც ხელოვნური თანამდებობაც კი შეუქმნა. სამწუხაროდ, არც ამ არამეგობრულ ნაბიჯს არ მოჰყოლია თბილისიდან მკაცრი რეაგირება (მარტო ელჩის კიევიდან დროებით გამოძახება ნამდვილად არ იყო საკმარისი რეაქცია). ამიტომ, ნუ გაგიკვირდება, რომ ჩვენგან ადეიშვილი და სხვებიც წარმოდგენილი არიან უკრაინის ხელისუფლებაში.
არ მიკვირს, უბრალოდ საწყენია ევროპარლამენტართა ორმაგი სტანდარტი, როცა იგივე სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეს იმ წლებში ვერ ხედავდნენ, არ იმჩნევდნენ რეჟმის მსხვერპლთ, ახლა კი საკმაოდ აქტიურობენ და დამნაშავე რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნებას ფაქტობრივად ირიბად მხარს უჭერენ.
- კიდევ ერთი რამა გასათვალისწინებელი. სააკაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, ანუ თავის საპრეზიდენტო წარსულზე. ფაქტია, რომ დღეს, ის, როგორც ცხო ქვეყნის მოქალაქე, რევოლუციის მოსაწყობადაა უკრაინიდან საქართველოში შემოპარული. რევოლუციის შესახებ თავად არაერთხელ ბრძანა სასამართლო დარბაზიდან. საბედნიეროდ, ხალხი მას არ აჰყვა...
სააკაშვილს ყოველთვის ახასიათებდა პროდასავლური არტიკულაცია. მისი მეტყველების უნარი ხშირად ხიბლავდა ბევრ ევროპელს თუ ამერიკელს. აქ შეიძლება იმაზე ლაპარაკიც, რომ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი ეკონომიკურ სარგებელსაც ნახულობდა საქართველოში, მაგრამ არა ყველა. უმრავლესობა კი მის მიერ ინგლისურად გაჟღერებულ დემოკრატიულ ფრაზებს შეჰყავდა შეცდომაში.
გასაგებია, მაგრამ ამას ქართველების სიცოცხლე ხომ არ უნდა შესწირვოდა.
- მართალია, მაგრამ პარლამენტს ხომ უნდა გაეკეთებინა ამის პოლიტიკური შეფასება. ქვეყანაში დღემდე სამართლიანობა არ არის აღდგენილი. ისევ იმას ვუბრუნდებით, რაც უნდა გაკეთებულიყო 2013 წელს, ან თუნდაც 2014-ში.
რადგან დასავლეთის ინტერესში იყო ნაციონალების მეორე ძალად შენარჩუნება, გამოდის ისევ უცხოელთა დაფინანსებით და მხარდაჭერით შეეცდებიან ძალაუფლების აღებას...
- რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არის „ნაცმოძრაობა“ და მის გარშემო შემოკრებილია შედარებით პატარა პარტიები - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „მეტი გირჩი“ და ა.შ. ისინი, რამე რომ იყოს, ისევ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანდებიან. „ოცნებას“ ასეთი არავინ ჰყავს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს ისეთი ძალებიც, რომელიც შეიძლება პოტენციურად „ქართული ოცნების“ ფლანგზე მოიაზრებოდეს. თუ არჩევნების გზით, და არა ხელოვნურად, საქართველოში შეიქმნება კოალიციური მთავრობა, დასავლეთი ამას მიესალმება.
რას იტყვით პრეზიდენტის განცხადებებზე და დაპირისპირებაზე მმართველ გუნდთან? აგრეთვე ფრაზაზე „დებიძინიზაცია“ და რამდენად ნიშნავს ეს მთავრობის შეცვლაზე „მწვანე შუქს“?
- დღეს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა დიდი შეცდომა იქნება. ეს იქნება პრაქტიკულად საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალების გამარჯვება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ნამდვილად ვთვლი, რომ პრემიერის გადადგომა დაუშვებელია! რაც შეეხება „დებიძინიზაციას“, ეს ტერმინი არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული. სამწუხაროდ, რამდენიმე ევროპარლამენტარმა იკადრა და თქვა, რაც რადიკალურ ოპიზიციაში აიტაცეს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ დეოლიგარქიზაციაზე იმ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რაც კანონში ჩაიწერება. კანონის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი პირია ოლიგარქი. სიტყვა „დებიძინიზაცია“ კი უბრალოდ შეურაცხმყოფელია - ის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.
რაც შეხება პრეზიდენტს, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა საკადრო შეცდომებია. ბოლო ორი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ შეთავაზებითაა არჩეული და, პრაქტიკულად, ორივე აღმოჩნა მხარდამჭერ პარტისთან დაპირისპირებული. კარგად გვახსოვს, როგორ აირჩიეს გიორგი მარგველაშვილი და რატომ. გვახსოვს, რატომაც აირჩიეს ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი. მეორე ტურში მისი დამარცხების ალბათობა ძალიან მაღალი იყო. ამიტომ ბანერებიდან გააქრეს ქ-ნი სალომეს ფოტო და ის ჩაანაცვლეს ივანიშვილის, ბახტაძის და კობახიძის ფოტოებით. ხალხმა ქ-ნ ზურაბიშვილს ამ პირების გამო მისცა ხმა, თანაც მისი ალტერნატივა, ბ-ნი გრიგოლ ვაშაძე ხომ სააკაშვილს შეწყალებას და მოქალაქეობის დაბრუნებას ჰპირდებოდა. ივანიშვილს და მის გუნდს დაუჯერა ხალხმა კიდევ და ქ-ნ ზურაბიშვილს მისცა ხმა. ის, რაც ახლა ხდება, უმადურობა ჰქვია. ჩემთვის ეს სულაც არ არის მოულოდნელი. ქ-ნი სალომე არ არის ქართველი პოლიტიკოსი. მას საქართველო არ სტკივა, თუმცა ქართულენოვანია, და გარკვეული აზრით, პატრიოტიცაა, მაგრამ ის მენტალურად მაინც ფრანგია. მისთვის საქართველოს პრეზიდენტობა არის წინსვლის მორიგი კარიერული საფეხური. ეს ნათლად გამოჩნდა, როცა პრეზიდენტად აირჩიეს. მან უარი თქვა პრეზიდენტის ხელფასზე და დაიტოვა საფრანგეთის დაგროვებითი პენსია. არადა, პირიქით უნდა ექნა. როცა იმ ხალხის გადასახადებით გადახდილ ხელფასზე იძახი უარს, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული უნდა იყო, ეს უკვე პირველი სიმპტომია, რომ რაღაც სწორედ არ ხდება.
დაბოლოს სოსო გოგაშვილის მიერ მედიისთვის მიცემული ჩანაწერებიის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები ვაშაძემ მოიგო... დღეს გოგაშვილის თემა აქტუალურია. ასეთი სუსტი სპეცსამსახურები ჰყავს ქვეყანას, რომ ასე ჟონავს ინფორმაციები? კითხვები გაჩნდა, ვინ იცის, რომელ ქვეყანას აწვდიდა აქედან ინფორმაციებსო...
- რაც შეეხება გოგაშვილის თემას, ნამდვილად არ მინდა მასზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. ამ საქმეზე საბოლოო სიტყვას სამართალდამცავები იტყვიან, და რაც მთავარია, სასამართლო დაადგენს დანაშაულის ხასიათსა და ზომას. პირადი კითხვები და გარკვეული ეჭვები მეც მაქვს. თუმცა ამ თემაზე საუბრისგან მოცემულ ეტაპე თავს შევიკავებ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებას უშვებთ?
- არა მგონია. ბ-ნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა კიდეც, რომ პარტია არ შევა პრეზიდენტთან კინკლაობაში, რასაც მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. თუმცა, თუ, ქ-ნი სალომე დესტრუქციულ პოზიციაზე დარჩება, არაფერია გამორიცხული. თუნდაც ახლა პარლამენტის სხდომა რომ მოიწვია ოპოზიციის მოთხოვნით, რატომ გააკეთა? რომელი კანონპროექტები უნდა ყოფილიყო განხილული? პარლამენტის სხდომა დღის წესრიგის გარეშე წარმოუდგენელია. ისეთ სხდომას იწვევ, რომლის აუცილებლობაც არ დგას. ოპოზიცია ითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მე ნამდვილად არ ვთვლი პრობლემად საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას, მაგრამ მოდით, ამას ნუ მივაბამთ 12 პუნქტს. საკონსტიტუციო ცვლილება საჩქარო ნამდვილად არ არის. ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თავისუფლად მოესწრება.
ივანიშვილის პრემიერის პოსტზე დაბრუნების აუცილებლობას თუ ხედავთ? დეპუტატ ყაველაშვილის ბოლო განცხადებამ ისევ გაააქტიურა ეს საკითხი. თან ის მაინც მშვიდობის გარანტად აღიქმება.
- მე მაქვს განცდა, რომ ის პოლიტიკიდან მართლაც წასულია. თვითონ ქ-ნ ზურაბიშვილს ჰქონდა მცდელობა ბიძინა ივანიშვილი შემოებრუნებინა. გახსოვთ, მან ე.წ. შერიგების პლატფორმა რომ შექნა, ერთ-ერთ სტუმრად მოიწვია ივანიშვილი და მერე თქვა, არ მოვიდაო. სწორედ იმიტომ არ მივიდა, რომ პოლიტიკიდან არის წასული. რაც შეეხება მის პოლიტიკაში დაბუნებას, როგორც იტყვიან, თეორიულად არაფერია გამორიცხული...