პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბრიუსელში ოპოზიციის გახშირებული ჩასვლით გამოწვეული პრობლემა „მუშაობით არ დაძლია“. მთავარმა სარდალმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებიდან კომუნიკაცია მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრთან აქვს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობა მთავარსარდლის ბრალია, რადგან ის თავის ფუნქცია-მოვალეობებში ვერ გარკვეულა.
„პრეზიდენტი ვერ ერკვევა თავის ფუნქცია-მოვალეობებში. მას საგარეო საქმეთა საკითხები არ ეხება. მან კეთილი ინებოს და მიხედოს იმ საქმეს, რომელიც მას კონსტიტუციით ეხება. ხშირად გამოდის როგორც „არამკითხე მოამბე“ და ისეთ საქმეებში ერევა, რომელიც მას საერთოდ არ ეხება. ამიტომ, ჩვენმა ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა გაიგოს, რომ შეასრულოს ის მოვალეობა, რისთვისაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება კი არ უნდა აკრიტიკოს, არამედ მის გვერდით უნდა დადგეს“ , -განუცხადა გვენეტაძემ for.ge-ს.
ანალიტიკოსი პრეზიდენტის იმ განცხადებასაც შეეხო, სადაც ის საუბრობდა, რომ შესაძლოა, კვლავ მედიატორის როლი მოირგოს. ედიშერ გვენეტაძის თქმით, ახლა მედიატორობის დრო არაა.
„ახლა არც მედიატორობის, არც ადვოკატობის დრო არაა, არამედ საქმის კეთების დროა. პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიატორობით მაინც არაფერი გამოვა. უბრალოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სურს გამორჩეული ფიგურა იყოს“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის თუ კომუნიკაცია არ არსებობს, ეს ხელისფულების ბრალია.
„ხელისუფლებას წარმოდგენა აქვს ასეთი - ვინც მას არ ეთანხმება, ეს იქნება პრეზიდენტი თუ სხვა, აუცილებლად მისი ოპონენტია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ბოლო პერიოდში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდება. მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკა გვესმის, რაც 12 პუნქტი ცნობილი გახდა და ეს კრიტიკა მარტო პრეზიდენტისგან კი არა, დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც არსებობს. „ქართული ოცნება“ კი ცდილობს ყველა წარმომადგენელს, მათ შორის მთავარსარდალსაც იგნორი გაუკეთოს. ფაქტია, ადრე ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა დალაგებული იყო. ეს კი განპირობებული იყო იმით, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების არც ერთ გადაწყვეტილებაზე არ რეაგირებდა. როგორც კი მან რეაგირება დაიწყო, მმართველმა გუნდმა ის უმალვე ოპონენტად აღიქვა. უბრალოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია პრეზიდენტთან კომუნიკაციები ჰქონდეს. ვალდებულება რომ არ ჰქონდეს, არც მას ექნებოდა კომუნიკაცია“, - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პრეზიდენტს ეთანხმება იმ საკითხში, რომ მმართველმა გუნდმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ნაკლებად იმოქმედა.
„სალომე ზურაბიშვილს ვეთანხები, რადგან მან ფაქტის კონსტატაცია მოახდინა. როდესაც კანდიდატის საკითხი წყდებოდა, ხელისუფლება საკმაოდ ინერტული იყო. ზოგადად, მმართველი გუნდი პარტნიორებთან ურთიერთობაში აქტიური არაა. ეს ფაქტია და ამას პრეზიდენტი აღნიშნავს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ პრეზიდენტი ტყუის, ხელისუფლებას ამის დამტკიცება დოკუმენტურად შეუძლია - გამოააშკარაოს ვინ მიდიოდა ბრიუსელში, ვის ჰქონდა შეხვედრები და ა.შ. ისეთი შთებეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებისთვის სულ ერთი იყო ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა“, - განუცხადა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-ს.