103 წლის ივლიტა ვეკუა სოფელ ნოღაში ცხოვრობს. გარდა იმისა, რომ უკვე საუკუნეს მოუგრიხა კისერი (ასე ამბობს თავად), ის ცნობილი ქართველი მსახიობისა და სპორტული კომენტატორის, კოტე მახარაძის ძიძა აღმოჩნდა. ქალბატონი ივლიტა გათხოვების შემდეგ ვეღარ შეხვდა სანატრელ გაზრდილს. მოხუცს ახლა თვალისჩინი აქვს დაკარგული.
ივლიტა ვეკუა: "მაშინ 15 წლის ვიყავი... ერთ დღეს ჩვენი ოჯახის ნათესავი მოადგა ჭიშკარს. მაშინ სხვა სოფელში ვცხოვრობდი. თბილისელი დისშვილისთვის ძიძას ეძებდნენ სანდო და წესიერი ოჯახიდან. ჩემს ოჯახში ბევრი დედმამიშვილი ვიყავით, ყველაზე უფროსი მე გახლდით.
ბავშვების მოვლა კარგად მეხერხებოდა. ჩემი და-ძმები სულ ჩემი გაზრდილები იყვნენ. იცოდნენ სანათესავოში, რომ ამ საქმეში ძალიან მარჯვე ვიყავი და ასე გამამწესეს ძიძად თბილისში.
ვტიროდი, არ მინდოდა, დედასა და ჩემს ოჯახს მოვშორებოდი. თბილისში რომ ჩამიყვანეს, ერთი უსუსური ბავშვის მოვლა დამავალეს. ისეთი გამხდარი იყო, მომაკვდავს ჰგავდა. არც ჭამდა და არც სვამდა. ამას რა აცოცხლებს-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ გულმოდგინედ შევუდექი მის მოვლა-პატრონობას. თურმე ჩემამდე რუსი ძიძა ჰყოლია და უარი უთქვამს ამ უმწეო არსების მოვლაზე.
პატარა კოტე ძალზე უჭმელი ბავშვი იყო. ჩემს ხელში აიდგა ფეხი. თავს არ ვზოგავდი, ყოველდღე ახალ-ახალ კერძს ვუკეთებდი, რომ იქნებ რამე ეჭამა. ათ ლუკმამდე რომ ავედი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. თითებს ვუჩვენებდი, ეს დედას ხათრით შევჭამოთ, ეს მამას, ეს ბებიას, მერე საყვარელ მეზობლებსაც ჩამოვუთვლიდი და ასე წვალებით მოვასულიერე. გამოკეთდა და ძალიან გონებაგახსნილი ბავშვი დადგა.
ცოტა რომ წამოიზარდა, არც ერთი საღამო არ მახსენდება, უარიკოდ (მეგრულად იგავები, ზღაპრები) დაეძინოს. ვუყვებოდი ნაირ-ნაირ არიკს, სად ვიცოდი ამდენი და ზოგსაც თვითონ ვიგონებდი. ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა, ჩემი ნეკათითი აუცილებლად უნდა ჩაედო პირში, ისე არ დაიძინებდა, ამის გამო ერთხანს ნეკი დაპატარავებული მქონდა. მე სკოლაში არ მისწავლია, სად იყო მაშინ ამდენი განათლების საშუალება. ის არიკები სოფელში, კოცონთან მქონდა მოსმენილი.
მოკლედ, შვიდ წლამდე მე გავზარდე კოტე. მერე სოფელში დავბრუნდი, გავთხოვდი და მას მერე აღარ მინახავს, მხოლოდ ტელევიზორით ვესიყვარულებოდი ჩემს გაზრდილს.
შვილი არ მომცა უფალმა, ქმარი მეორე მსოფლიო ომში დამეღუპა და მაზლიშვილი გავზარდე. მერე ის სხვა სოფელში გათხოვდა და სულ მარტო დავრჩი... დავკარგე კოტესთან კავშირი. ტელევიზორში მის ხმას რომ გავიგონებდი, ის დღე ჩემთვის დღესასწაული იყო. მის ხმას შემოვევლე. ერთხელ რომელიღაც ტელეარხზე ჰყავდათ მიწვეული. მაშინ გაიხსენა ბავშვობა და თქვა, მყავდა ძიძა, რომელიც, ალბათ, უკვე ცოცხალი აღარ არისო.
ვთხოვე ჩემი ოჯახის წევრებს, ხმა მიაწვდინეთ ჩემს კოტეს, რომ ცოცხალი ვარ-მეთქი, მაგრამ ვერ მოახერხეს. გული მიტირის, ცოცხალი რომ აღარ არის, მე კი საუკუნეს მოვუგრიხე კისერი.
სულ ერთი წლის წინ გავიგე კოტეს სიკვდილის ამბავი, მიმალავდნენ. ხუთი თაობა მყავს სახლში, ყველა ჩემი გაზრდილია, მაგრამ იმ ქვეყნად წასული კოტე მაინც მირჩევნია მთელ ქვეყანას.
103 წელს გადავაბიჯე უკვე, თვალებში სინათლე წამერთვა, ვეღარ ვხედავ ვერაფერს, მაგრამ დავაბერე მაინც საუკუნე. ერთ რამეზე მწყდება გული, - ისე წავიდა მიწაში ჩემი საყვარელი კოტე, მისი ნახვა ვერ მოვახერხე, ხმა ვერ მივაწვდინე, მის სახელს ვენაცვალე.
თვალში სინათლე მე აღარა მაქვს და დუნიის ამბებისა არაფერი გამეგება. ვარ ჩემს ჯოხს ჩახუტებული, ჩემი გაზრდილებით გარშემორტყმული და ვებრძვი საუკუნეს".