„რატომ მივიღე პოლიტიკური თავშესაფარი“   

„რატომ მივიღე პოლიტიკური თავშესაფარი“  

"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თემურ ბასილია ყვება, როგორ და რატომ მიიღო ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი.

მიმდინარე წლის 26 მაისს, საემიგრაციო სასამართლოს მიერ ბალტიმორში ჩემი საკითხის განხილვა მოხდა. ამ განხილვის შედეგად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ჩემთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფრის მონიჭების თაობაზე. ჩემი არგუმენტები ემყარებოდა იმ ფაქტებს, რომ ჩემ მიმართ გრძელდებოდა პოლიტიკური მოტივით დევნა, რომელიც იქნა გაზიარებული ამერიკის საემიგრაციო სასამართლოს მიერ და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა კიდეც მიღებული", - აღნიშნულიაამერიკის ხმის" ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, ძებნილი ბასილია ჩვეულებრივად განაგრძობდა მუშაობას. 2004-2005 წლებში ის ტაჯიკეთში, გაერო- მილენიუმის პროგრამის ხელმძღვანელი იყო. მოგვიანებით, ისევ გაეროს თანამშრომლის რანგში ყაზახეთში ცხოვრობდა.

2009 წელს, ბასილია მოულოდნელად ვაშინგტონში, "პროგრესის ცენტრში" გამოჩნდა, რასაც თბილისში დიდი ხმაური მოჰყვა. შარშან, თებერვალში კი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბასილია ვაშინგტონში საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს.

პროკურორმა ნანა რაფავამ მაშინ განაცხადა, რომ ამერიკა ბასილიას საქართველოსთვის გადაცემას გეგმავდა. დღეს თემურ ბასილია აცხადებს, რომ ეს შეგნებული დეზინფორმაცია იყო და იგი არავის დაუკავებია.

როგორც "ამერიკის ხმა" იუწყება, ძებნილი ბასილიასთვის ამერიკის მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე კომენტარის გაკეთება საქართველოს არც აღმსარულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისურვეს. თავად ბასილია ამბობს, რომ პროფესიით აპირებს მუშაობის გაგრძელებას:

"ეხლა უკვე მე შემეძლება ჩავერთო ჩემი პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით. მე მაინც პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიული კარიერა გავაგრძელო, როგორც ეკონომისტის და ამის შემდეგ შემეძლება დანარჩენ სხვაზე საუბარი".

"ამერიკის ხმა" იხსენებს, რომ 2004 წლის შემდეგ, თემურ ბასილიას მსგავსად, უცხოეთის ქვეყნებში პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში გასამართლებულმა ან ძებნილმა რამდენიმე ცნობილმა პირმა მიიღო.

საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს და შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ ქარელს, რომელთაც საქართველოში, შესაბამისად, 11 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ჰოლანდიამ თავშესაფარი მისცა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს იასონ ჩიხლაძეს, რომელიც იძებნებოდა და გერმანიაში დაკავებულიც იყო. გერმანიამ თავის მხრივ თავშესაფარი მისცა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილ მეპატრონე ქიბარ ხალვაშს და თბილისს არ გადმოსცა სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი, რომელიც დღემდე წითელი ცირკულარით იძებნება.

შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღო "მადნეულის" ყოფილმა დირექტორმა ზურაბ ლობჟანიძემ, რომელსაც შვიდი წელი აქვს მისჯილი და ასევე ინტერპოლის ხაზით იძებნება.

ბოლო წლებში, შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი ასევე მისცა სოსო ჯანდიერს, თბილისში მოკლული გურამ შარაძის ქალიშვილს რუსუდან შარაძეს და ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ეკონომისტი თემურ ბასილია ქართულ პოლიტიკაში "რესპუბლიკურ-ფედერალური პარტიის" რიგებში გამოჩნდა, შემდეგ კი "ტრადიციონალისტთა კავშირის" წევრი გახდა. სწორედ ამ პარტიის სიით შევიდა ბასილია 1992 წელს პარლამენტში, სადაც ჯერ საბიუჯეტო საკითხების კომიტეტის თავჯდომარე იყო, 1994 წელს კი მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობა დაიკავა.

ერთი წლის შემდეგ, როცა "ტრადიციონალისტები" პარლამენტში ვეღარ მოხვდნენ, ბასილიამ პარტია დატოვა და სახელმწიფო სამსახურში დარჩა.

უკვე 1997 წელს იგი პრეზიდენტ შევარდნაძის ეკონომიკურ მრჩევლად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე "ვარდების რევოლუციამდე" იმუშავა.

ბასილია 2004 წელს რამდენჯერმე დაკითხეს, თუმცა არ დაუკავებიათ და ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს.

მოგვიანებით მასზე ძებნა გამოცხადდა, 2008 წელს საქალაქო სასამართლომ დაუწრებლად, ბასილიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.