პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შესაძლებლობას იძლევა, როგორც ეს იყო მარგველაშვილის შემთხვევაში. მისი თქმით, ახლაც იგივეს ვხედავთ ზურაბიშვილის შემთხვევაში, რომელმაც საკმაოდ კონფრონტაციული კურსი აიღო.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
37 ელჩიდან 36-ზე ხელი მოაწერა, რჩება დავით ბაქრაძე რომლის გაეროში ელჩად დანიშვნას პრზიდენტი ხელს იმ მოტივით არ აწერს, რომ ბაქრაძე 5 წელი იყო ელჩი ამერიკაში და არაფერი გაუკეთებია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის. როგორ უყურებთ პრეზიდენტის პოლიტიკურ ფერისცვალებას?
სოსო მანჯავიძე: საერთოდ, საპრეზიდენტო, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებების უფლებამოსილებები როგორც ეს კონსტიტუციაშია გაწერილი, ტოვებს ურთიერთდაპირისპირების საფრთხეს, რისი ნათელი მაგალითი ჩვენ ვნახეთ პატივცემული მარგველაშვილის მმართველობისას, როდესაც ვხედავდით განუწყვეტლივ დაპირისპირებას, განუწყვეტლივ ვეტოებს, რომელსაც სინამდვილეში არავითარი შედეგი არ მოჰქონდა, მაგრამ დაძაბულობას იწვევდა.
ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის მეორე წლისთავზე ასევე დავინახეთ მისი დრეიფი ოპოზიციისკენ. ახლა, იგივეს ვხედავთ ზურაბიშვილის შემთხვევაში, ოღონდ აქ სიტუაცია გაცილებით რთულია არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო. სალომე ზურაბიშვილმა აიღო კონფრონტაციული კურსი და ამ კურსს აქვს იმგვარი ხასიათი, რომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.
დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის?
- რა თქმა უნდა. ჩვენ ვხედავთ ამ დაპირისპირებას და კონფრონტაციას ორი საკითხის გარშემო, განსაკუთრებით ეს ეხება იმ პროცესს, რომელიც დაიწყო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, გაგრძელდა პოლიტიკური დაძაბულობით, მასთან დაკავშირებული დაპატიმრებებით, პატიმართა პოლიტპატიმრებად გამოცხადებით და მათი ნაძალადევი შეწყალებით, შარლ მიშელის დოკუმენტით და ვნებებით ამ დოკუმენტის გარშემო. იგივე სიტუაცია არის ახლა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებაში. აქ სალომე ზურაბიშვილმა დაიჭირა ამ რეზოლუციის მკვეთრი მხარდაჭერის პოზიცია და მისი რიტორიკა ე.წ. ოპოზიციურისგან რთული განსასხვავებელია. ამავე დროს, ისევე როგორც ე.წ. „შერიგების პროცესით“ , ახლა კი რეზოლუციის მიმართ გამოხატული მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილი ცდილობს შეიძინოს მეტი პოლიტიკური წონა. რატომღაც „ოცნებიდან“ წამოსულ და შემდგომ მასთან ოპოზიციაში მყოფ თანამდებობის პირებს ჰგონიათ, რომ ამ პოლიტიკური წონის მომატების საშუალებაა „ნაცმოძრაობის“ ნარატივის ახალი ვარიაციები და მათთან ალიანსი. ამ ადამიანებმა, ვგულისხმობ ყოფილ ოცნებელებს, ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ ეს ჩიხური გზაა და არავითარ სიმპათიას ამით მოსახლეობაში ვერ მოიპოვებენ. იგივეს დავინახავთ, ალბათ, სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაშიც. ქალბატონი სალომეც სულ უფრო და უფრო დაუახლოვდება სწორედ ამ ნარატივს და უკვე დაიწყო ხელისუფლების კრიტიკა. ულტრალიბერალური და ულტრამედასავლეთე პოზიციებიდან აკრიტიკებს ხელისუფლებას არასაკმარისი ევროატლანტიკურობისთვის.
ცხადია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებასთან დაპირისპირებისთვის აირჩია საგარეო მიმართულება, მაგრამ ეს რამდენად ვნებს სახელმწიფოს სტაბილურობას? იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი აკრიტიკებს ხელისუფლებას, რომ ის აწარმოებს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ კამპანიას, ამავე დროს ცდილობს, არ აწყენინოს რუსეთს, ანუ ოპოზიციის ნარატივს იმეორებს...
- პირველ რიგში, ხელისუფლებას აქვს პრაგმატული პოზიცია და როგორც ყველა ხელისუფლება, ისიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებით. ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მისწრაფება და პოზიცია, რომ გადაირჩინოს თავისი თავი, ემთხვევა ქვეყნის ინტერესებსაც. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის ქმედებას, ეს შეკვეთილი პოზიციაა და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა წავიდეს სუიციდზე და ამ სუიციდური ქმედებით გადაიყოლოს საქართველოც. ხელისუფლების ინტერესები ხშირად არ ემთხვევა ქვეყნის ინტერესებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით რაც ხდება, ნამდვილად არაა ასე.
კერძოდ, რუსეთთან მიმართებაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში საქართველოს ექმნება ეგზისტენციალური საფრთხე, ვინაიდან არანაირი სამხედრო პოლიტიკური გარანტიები, ან დახმარებების მოლოდინი რეალისტური არ არის დასავლეთიდან. მარტივად რომ ვთქვათ - უნდა დავსვათ ყველა ეს ექსპერტი, მედიები, ენჯეოები და ვკითხოთ - გამწვავების შემთხვევაში, მათი აზრით, საიდან და როგორ დახმარებას უნდა ველოდოთ?
პრეზიდენტის განცხადებები ცხადყოფს, რომ ამაზე არ აქვს ნაფიქრი...
- საინტერესოა რომელს აქვს ნაფიქრი? - არც ერთს. მაგრამ ვკითხოთ, თუ გამწვავდა ვითარება იმგვარად, როგორც მათ უნდათ, ასეთ შემთხვევაში რომელი ქვეყნის იმედი აქვთ, რომელი ქვეყანა მისცემს საქართველოს გარანტიებს? ხომ შეიძლება ერთმანეთს მაინც დაუსვან ასეთი კონკრეტული კითხვები. გასაგებია, რომ არიან მოხვედრილი ისტერიულ მენტალურ ქარბორბალაში, მოჯადოებულ წრეში და იქიდან ვერ გამოდიან, მაგრამ ჩვენ გამოვაფხიზლოთ, დავსვათ და ვკითხოთ - დავუშვათ და მოხდა გამწვავება, რისკენაც მიისწრაფვიან, დაიწყო სამხედრო კონფლიქტი, ასეთ შემთხვევაში რომელი ქვეყნის იმედი აქვთ და თუ აქვთ იმედი, მაშინ ისიც გვითხრან, რა კონკრეტული ქმედებებს ელიან მისგან?
ჩვენი პოლიტიკოსების და უკვე აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის პრობლემა ის არის, რომ ღრმა ანალიზისგან თავს იკავებენ. სიღრმისეული კვლევა, რა შედეგი შეიძლება დადგეს საომარი მოქმედების შემთხვევაში და რამდენად რთული იქნება საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა, ეს უკვე მათი ინტერესის სფერო აღარ არის და ეს ცხადია, მაგრამ ვის ინტერესებს ემსახურება ასეთი პოზიცია?
- გასაგებია, რომ დასავლეთიდან არის ასეთი შეკვეთა, რომ იყოს რადიკალიზმი. დასავლეთის გარკვეული ძალების ინტერესშია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ომში რუსეთს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას, ეს გასაგებია, ეს მათი ინტერესია. ამ შემთხვევაში შეიძლება დასავლეთის გარკვეული წრეებისთვის მისაღები სცენარი იყოს საქართველოში სიტუაციის აფეთქება. გასაგებია, ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ ის ხალხი, ვინც აქ ფულს იხდის იმაში, რომ ასეთი ტიპის დაძაბულობა იყოს, ასე ფიქრობს და ეს ხომ ფაქტია. ხომ ვხედავთ უკრაინის ოფიციალური პირების პოზიციას - იგივე პოლიტიკური გავლენის გამხმოვანებლები არიან.
უკრაინის ხელისუფლების შემდეგ, იგივე ნარატივს იმეორებს ანდრეი კასიანოვი, რომლის განცხადებით თავდაცვის მიმართულებით უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა საქართველოსგან...
- დიახ, შეკვეთა აქვთ ასეთი. ისინი ხომ არ არიან სუვერენული. მათი კურატორები საომარ მდგომარეობაში არიან და ბუნებრივია, თავის ამ მორჩილ მთავრობებს ადგმევინებენ ისეთ ნაბიჯებს, როგორიც სჭირდებათ. მაგალითად, ისეთი ნაბიჯები გადადგა მოლდოვამ, რომელიც იწვევს მისი ეკონომიკური მდგომარეობის დრამატულ გაუარესებას, იგივე გააკეთეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. ომია და ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ჩვენ გვთხოვენ მეტს - არა მხოლოდ სანქციებს შევუერთდეთ, არამედ სხვა ნაბიჯები გადავდგათ, რაც იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს.
ჩვენ ვართ კავკასიაში, 40 კილომეტრში გვიდგას რუსეთის ჯარი, სამხრეთით ვესაზღვრებით სომხეთს, რომელიც რუსეთის მოკავშირეა, გვაქვს პრობლემური რეგიონები და ბალანსის დარღვევის შემთხვევაში ეს შეიძლება ეროვნულ კატასტროფაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს ბალანსის დაცვას უკიჟინო, რომ ეს ბალანსი სამარცხვინოა და რაღაც რადიკალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ რუსეთის საწინააღმდეგოდ, რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის პირდაპირი მტრობა.
ამას წინათ შემთხვევით ვუყურებდი ქვეყნის მოღალატეების ტელევიზიას, ვინმე ხარშილაძე ქვეყნის „უდიდეს პატრიოტთან“ და „ზნეობრივად უაღრეს სპეტაკ“ თარგამაძესთან საუბრობდა, რომ თურმე თურქეთი აწარმოებს პრაგმატულ პოლიტიკას, რომ ის მკაცრად მოქმედებს თავისი ინტერესების შესაბამისად, მაგრამ საქართველოში ნამდვილი მთავრობა რომ გვეყოლება, მაშინ თურქეთთან პრაგმატულად უნდა ვიმოქმედოთო. ოღონდ ამ პრაგმატიზმის კონტექსტიდან ამოაგდო რუსეთი და იცით რატომ? - იმიტომ, რომ თურმე, ჩვენი ხელისუფლება პრორუსულია და რუსეთს მისი გამოცვლა არ უნდაო. ამ ცალტვინებს ჰგონიათ, რახან რუსეთი არ მოსწონთ, რუსეთი არ არსებობს. საინტერესოა, როგორ უნდა ამოაგდო რუსეთი გეოპოლიტიკური რეალობიდან?! - რუსეთის პოლიტიკა არ მომწონს, უამრავი პრეტენზია მაქვს, როგორც ქართველს პუტინის რეჟიმთან, მაგრამ არ გაითვალისწინო ის, რომ ეს ქვეყანა არსებობს, იბრძვის და აქვს დიდი პოტენციალი, ეს სულ მცირე, იდიოტიზმია. იმდენი პოტენციალი ნამდვილად აქვს, რომ ჩვენ მოგვაყენოს გამოუსწორებელი ზარალი. ეს კოლექტიური სისულელე ეროვნული უსაფრთხოებისათვის წარმოადგენს უმძიმეს საფრთხეს, რადგან დიდი უგუნურებაა არ გაითვალისწინო დიდ ჯგუფებად შეკრებილი სულელების ძალა, მით უმეტეს, როცა მათ წინამძღოლად ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი შეიძლება მოგვევლინოს.