„სამუშაო ჯგუფები უნდა შექმნას არა პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ პარლამენტმა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან ინტერვიუში და ამით პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა.
ვიცით, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე მუშაობის ფორმატსა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, თუ რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება „ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ მიუღია. პრეზიდენტმა მოუწოდა როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, რომ სრულად ჩაერთონ პარლამენტის საქმიანობაში. როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას? რა შედეგს მოგვცემს ეს და თქვენი აზით, „ქართული ოცნება“ დაესწრება თუ არა ამ სესიას?
- პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა უნდა გადაიდოს მეორე პლანზე. პირველ რიგში, უნდა მოხდეს გააზრება, რა სჭირდება ქვეყანას. ეს არ არის ერთი პარტიის საქმე, არამედ საზოგადოებრივი საკითხია. როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ეს იქნება შოუ და ა.შ. ამ ქვეყანაში უამრავი შოუ გვინახავს და თუ ეს კიდევ ერთი შოუ იქნება, ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს ამ შოუს.
თუმცა, მე მაინც მგონია, რომ რიგგარეშე სესიაზე პირველი სხდომა უნდა იყოს დღის წესრიგი და მიეძღვნას იმას, რომ განხილულ იქნას ყველა ვარიანტი, არა მხოლოდ ის ვარიანტი, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა, უნდა მოხდეს ყველა ინიციატივის შეჯერება. ხელისუფლებამ შეიმუშავა რაღაც გეგმა და დანარჩენებს უთხრა: - მოდით, ჩაერთეთ. ჩვენ გვჭირდება საერთო გეგმა, ეს არა ხელისუფლების მიერ, არამედ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, სამუშაო ჯგუფები უნდა შექმნას არა პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ პარლამენტმა.
აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში უნდა გადავიდეს ის თემები, რაზეც არის საუბარი. ამ შემთხვევაში ეს ვერ იქნება შოუ, ეს იქნება პარლამენტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ყველა მიიღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვანია გაირკვეს, რაზე თანხმდებიან და რაზე ვერა. როდესაც საუბარია სახელმწიფოებრივ მიდგომაზე, „ქართული ოცნება“ უნდა დაესწროს ამ სხდომას.
თუ ოპოზიცია ამას სთავაზობს, ხელისუფლებას არგუმენტი არ რჩება. ხელისუფლებას, არ მგონია, აწყობდეს, რომ რიგგარეშე სესია გაიმართოს, მას ურჩევნია, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა ამ სამუშაო ჯგუფებში. სამწუხარო ის არის, რომ ოპოზიცია ამას ვერ ხვდება და ისევ ბოიკოტს უცხადებს ამ სამუშაო ჯგუფებს, რაც პრობლემაა. არც ერთი მხარე არ ფიქრობს სახელმწიფოებრივად.
ამის ფონზე, როგორ გადაწყდება ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ბედი?
- ევროკომისია, როგორც ჩანს, მიხვდა იმას, რომ 6-თვიანი ვადა არ ივარგებდა და ეს ვადა გაახანგრძლივა. შეხედა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და შეეშინდა, რომ ეს 6-თვიანი ვადა ამოიწურებოდა და 12 პუნქტი შესრულებული არ იქნებოდა, ამიტომ ქვეყანაში დაიწყებოდა პროტესტის ახალი ტალღა, რაც არასტაბილური გარემოს შექმნიდა. ამიტომ, მათ ამჯობინეს, რომ ეს ვადა გააგრძელონ, ამასობაში ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არასტაბილური გარემო ქვეყანაში არ შეიქმნას.
საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მხარე ამ რეკომენდაციების შესრულებას შეეცდება, არ იქნება ასე, მუდმივად იმ რეჟიმში გააგრძელებენ ყოფნას, რომ ერთმა მეორეს რაღაც გადააბრალოს და ძირითადი თამაში ეს იქნება. ლაპარაკია პიარზე და არა იმაზე, თუ როგორ შევასრულოთ 12 პუნქტი.
თქვენ თქვით, რომ იმ დროის განმავლობაში, როდესაც საქართველომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს. რამდენად არის მოსაალოდნელი ხელისუფლების ცვლილება, რაზეც მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობს?
- თუ რაიმე არარიგითი არ მოხდა, ეს ხელისუფლება არ შეიცვლება. რამე ექსტრავაგანტული უნდა მოხდეს, რომ ეს ხალხი, ვინც 20 ივნისს ქუჩაში გამოვიდა, ისევ ქუჩაში გამოეფინოს. თუ პოლიტიკური ცხოვრება ისე წავიდა, როგორც დღეს არის, არ მგონია, რომ რაიმე ხიფათი ემუქრებოდეს ხელისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს.
ის არჩევნები, რომლესაც ოპოზიცია გაყალბებულს უწოდებდა, ცნობილია ლეგიტიმურად. ახალი თემა, ისევ აგორდეს, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, შედეგს ვერ გამოიღებს. ამიტომ, მგონია, რომ ამ მიმართულებით არაფერი მოხდება. ოპოზიციის სურვილები, რომ რიგგარეშე არჩევნები გაიმართოს, არ ასრულდება.