უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ასახელებს სამ მიზეზს, რის გამოც ევროპარლამენტარები ყოფილი პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენელი for.ge-თან საუბრობს, თუ რატომ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და როგორ მოხდება იმ 12-პუნქტიანი მუხლიდან მთავარი მუხლების - დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის შესრულება.
ბოლო რამდენიმე დღეა „ქართული ოცნება“ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრებმა დატოვეს. ამ დროს ევროკავშირი ითხოვს დეპოლარიზაციას. იმ ფონზე, როდესაც მმართველ გუნდს მისი წევრები ტოვებენ ეს დეპოლარიზაციას ხელს ხომ არ შეუშლის?
- ეჭვი მეპარება ამ პროცესმა პოლარიზაცია გააღვივოს. ადამიანებს უნდოდათ აზრის გამოხატვა, რადგან მათი თქმით, პარტიული შინაგანაწესით შებოჭილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს პარტიიდან წასვლა. გავიდნენ და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ეს პროცესი ისედაც გამძაფრებულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ვერ გაამწვავებს.
კულუარებში საუბრობენ, რომ „ოცნება“ დაშლის პირას არის. არის მოსალოდნელი, რომ უმრავლესობის ამ წევრებს სხვებიც გაჰყვნენ?
- „ოცნებას“ 11 წელია შლიან, მაგრამ ვერაფრით ვერ დაშალეს. პარტია საქმიანობას გააგრძლებს და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადება. 2024 წლამდე რთული გზა გვაქვს გასავლელი, ბოლომდე ვზიდავთ იმ ტვირთს, რომელიც 2012 წელს საზოგადოების წინაშე ვიკისრეთ. ასე რომ, მინდა ბევრს გავუცრუო იმედი, პარტია არ დაიშლება და უფრო გაძლიერდება.
შიდა პოლიტიკის გარდა მთავარი საკითხია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც წლის ბოლოსთვის გახდებოდა ცნობილი, მოგვენიჭებოდა თუ არა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ პროცესმა მომავალი წლის ოქტომბრამდე გადაიწია. როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამის მიზეზი?
- ამ ვადის დამდგენი ევროკომისია მიხვდა, რომ 6 თვე საკმაოდ მცირე დროა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებისთვის, რომელიც ამ 12 პუნქტში მოიაზრება. გარკვეულწილად, საკმაოდ რთულ ვითარებაში აგდებდა ქვეყანას, ასევე პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ეს ყველაფერი კი ხელს არ უწყობდა პოლარიზაციის შემცირებას. ჩვენს მიმართ დაკისრებული ვალდებულებები, რა თქმა უნდა, შესრულდება. კალენდარი არ გადაიხედება, შევეცდებით წლის ბოლომდე გამოქვეყნებულ კალენდარს მივყვეთ. რეკომენდაციების უმრავლესობას აღვასრულებთ და ევროსაჭოსა და ევროკომისიას წარვუდგენთ. თუ ამისთვის დრო მეტი გვექნება, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2023 წლის ოქტომბრამდე საქართველო ყველა პირობას პირნათლად შეასრულებს. ამ ქვეყანაში, ადრე თუ გვიან, დაპირისპირება უნდა დასრულდეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარ თავში ძალა უნდა გამონახონ და ერთმანეთთან საუბარს მიეჩვიონ. ევროპერსპექტივა და ევროკანდიდატის სტატუსი პარტიული მონაპოვარი არაა, ეს ქვეყნის მონაპოვარია. როდესაც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ვამბობდით, რომ ეს ყველასთვის მოპოვებული სიკეთეა. უვიზო მიმოსვლით ისარგებლა ყველამ.
როგორც მმართველი გუნდის წევრი, როგორ ფიქრობთ, რა გახდა რეალური მიზეზი იმისა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს?
- ნამდვილად უსამართლო მოპყრობაა, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს აძლევენ და ჩვენ არა. განსაკუთრებით არ დავმალავ და გამიკვრიდა მოლდოვასთან დაკავშირებით. ევროკავშირის რამდენიმე ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმიტომ, რომ იგი ახლა უსამართლო ომშია ჩართული. რაც შეეხება მოლდოვას, აქაც იყო მიზეზები მოყვანილი, რომ ძალიან დიდი საემიგრაციო ტალღის წინაშე დადგა. თითქმის ნახევარმილიონზე მეტმა უკრაინელმა მოლდოვის რესპუბლიკას შეაფარა თავი. აქაც ვითომ და ეს მიზეზი იყო მოყვანილი. ჩვენ კი ევროპული პრესპექტივა მოგვანიჭიეს. არა და, ყველა რეფორმის მიმართულებით - სასამართლო რეფორმიდან დაწყებული, საჯარო მმართველობის რეფორმით დასრულებული ორივე ქვეყანას ვუსწრებთ. არამარტო ამ ორ ქვეყანას, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას და ეს ყოველწლიურ რეიტინგებში არის ასახული. რეიტინგებს კი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, გაეროს ორგანზაციები და ა.შ. ასე რომ, მართლაც უსამართლო მოპყრობაა. პირდაპირ გეტყვით, იბადება ეჭვები, რომ სხვა მიზეზებიც არსებობს. ამგვარი ეჭვები რომ გაქარწყლდეს, ეს წუნი უნდა გამოსწორდეს და ევროპულ ოჯახში საქართველომ ღირსეული კუთვნილი ადგილი დაიკავოს. ეს არის ისტორიული ადგილი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. არავის დასაყვედრებელი არაფერი გვაქვს. საქართველომ ამ 32 წლის მანძილზე თავისიც იომა, მსხვერპლიც გაიღო, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელწიფოებრიობა შეენარჩუნებინა და აქამდე მოეტანა. რუსეთის ფედერაციასთან რამდენი ომი გადავიტანეთ, არავის მტკიცება არ გვიჭირდება, თუ ვინ არის ჩვენი მტერი. არც ერთი დიპლომატის შეძახილი არ მჭირდება, რომ თურმე ჩვენი ეკლესიები თავის დროზე რუსებმა კირით გადაღებეს, თურმე ავტოკეფლია წაგვართვეს, თურმე და თურმე... ამის შეხსენება არავისგან არ მჭირდება, რადგან ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. ამიტომ არ გვინდა არც დაყვედრება და არც თითის აწევა. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელმაც სისხლით მოიპოვა დამოუკიდებლობა. ძალიან უგუნური სანახავია ბევრი ადამიანისგან ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირი მოწოდება, განსაკუთრებით ევროპარალმენტის ზოგიერთი წევრისგან, რომლებმაც ხაბეიშვილსაც კი გადააჭარბეს. ვინმე კუბილიუსი, რომლის დამოძღვრაც ზღარს გადავიდა... მისგან პირდაპირ იყო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ამას აკეთებს ევროპარლამენტარი, ეს ხომ გაუგებარი რამაა.
გარედან ასეთი მოწოდებები ქვეყნის შიგნით სიტუაციას ხომ არ არევს და შეუშლის ხელს დეპოლარიზაციას?
- რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უწყობს სიტუაციის განმუხტვას. იმ ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომელიც ორი კვირით ადრე გვეუბნებიან პოლარიზაცია დაასრულეთო, ორი კვირის თავზე კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანეთ და ხელისუფლება დაამხეთ, ეს რაში წერია? რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაციას გააღრმავებს. ჩვენს ოპოზიციაზე კი რისი თქმა შეიძლება - „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა“. სააკაშვილი ბინძური კონტეინერით შემოაპარეს, რადგან გადატრიალებას ლამობდნენ, მაგრამ ესეც არ გამოუვიდათ. ბოლოს წაბრძანდნენ ევროპის დედაქლალქებში და იქ ენების ჩატანით, გაუკუღმართებული ინფორმაციის მიწოდებით ცდილობენ არეულობის მოწყობას. მესმის, რომ ზოგი პარლამენტარის ენას ძვალი არ აქვს. ჩვენი საქმე ასეა - „შეძახილმა ხე გაახმოო“. ევროპაში წარმოდგენა შეექმნათ, რომ არიქა, აქ ხელისუფლებას ოლიგარქი მართავს. ასეთი პირდაპირი შეტევა საქართველოზე, გაუგონარი ამბავია.
მოვისმინეთ, რომ ივანიშვილზე სანქციები უნდა დაწესდეს. ეს ევროპარლამენტარები ივანიშვილს აქამდე ოლიგარქად რატომ არ იხსენიებდნენ, რაში დასჭირდათ დღეს ამის ხსენება და მასზე სანქციების დაწესება?
- არც 2012 წლამდე და არც აქამდე არ საუბრობდნენ, როდესაც ივანიშვილი ქვეყნისთვის უამრავ რამეს აკეთებდა - ქართულ პოლიციას, ჯარს ეხმარებოდა, სკოლებსა და პოლიციის შენობებს აშენებდა, ეს ყველაფერი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კეთდებოდა. სააკაშვილისთვის კი არა, ქვეყნისთვის აშენებდა. მაშინ რატომღაც მას ოლიგარქს არავინ ეძახდა. პირიქით, ექსპრეზიდენტი თვალებში შესციცინებდა და თხოვდა, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაედო.
რატომ გახდა დღეს ივანიშვილი ოლიგარქი? შემიძლია რამდენიმე ვერსია დავასახელო. პირელი - დავუკავშირო სააკაშვილის დაკავებას. ეს ადამიანი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. მისი პატრონები მიხვდნენ, რომ იგი სასჯელს ვერ აცდება. ახლა გადაწყვიტეს ყველა საშუალებით ბელადის გამოხსნა. დაიწყეს ხალხთან და ხელისუფლებასთან დაპირისპირება. სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ წინაშე კი არ ჩაიდინა დანაშაული, მან ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული. მან დაარღვია საქართველოს კანონი. იგი ივანიშვილის პატმარი არაა. ეს ხელისფლება წავა და ის კიდევ პატიმრობაში იქნება. ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ.
მეორე მიზეზი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, სადაც საკმაოდ მსუყე შენატანი შეაქვს. როდესაც შენი წევრ პარტიას საერთო სალაროში დიდი შენატანი აქვს და ამ დროს ითხოვს დახმარებას, იქ უკვე აღარ აკვირდები სამართლიანი თუ უსამართლო საქმისთვის ითხოვს. არადა, წესით, უნდა გაარკვიონ, რათა ევროპული პარტია კრიმინალების თავშესაფრად არ გადააქციონ. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპის სახალხო პარტია“ მიხვდნენ, რომ არც 2024 წლის არჩევნებში არ უწერიათ კარგი ბედი და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.
მესამე მიზეზი - ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა საქართველოს ომში ჩართვა. ეს არ არის ყურით მოთრეული თემა. ჩვენ კი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სიმშვიდე შენარჩუნდეს.