პრობლემები „კარფურში“

პრობლემები „კარფურში“

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ხორცის სექცია დახურა და სამდღიანი პაუზის შემდეგ აღადგინა. მიზეზად პროდუქტის უვნებლობის ხარისხთან ხორცის კრიტიკული შეუსაბამობა სახელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროდუქცია ობიექტიდან ამოიღეს და განადგურდა, ხოლო ჰიპერმარკეტი 1000 ლარით დაჯარიმდა.

„კარფურის“ ადმინისტრაცია კი ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ აღმოუჩენია მათ ჰიპერმარკეტში უხარისხო პროდუქტი და ხორცის სექციის დალუქვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

არადა, ამ განცხადბიდან სულ ცოტა ხანში გაიკრვა, რომ ჰიპერმარკეტმა „კარფურმა“ ხორცის რეალიზაციის პროცესი, სამდღიანი შეჩერების შემდეგ, განაახლა.

სურსათის ეროვნული სააგენტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჰიპერმარკეტში არსებულ ხორცის სექციაში გარკვეული დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც „კარფურში“ ხორცის რეალიზაციის პროცესი დროებით, სამი დღით შეჩერდა. ხუთშაბათს კი, განმეორებითი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კანონთან არსებული შეუსაბამობები გამოსწორებულია, რის გამოც საწარმოო პროცესი პარასკევს განახლდა.

ცუდია, როდესაც ამ რანგის სავაჭრო ობიექტში ამ მასშტაბის დარღვევაა, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, როცა ამ ობიექტის ადმინისტრაცია რეალური ინფორმაციის დაფარვას ცდილობს.

საერთოდ კი „კარფური“ ის სავაჭრო დაწესებულებაა, რომელსაც მომხმარებლები ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად უჩივიან. მაგალითად, მომხმარებელთა უფლებების დამცავი ორგანიზაციების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, „კარფურში“ ეტიკეტის ნორმებს ხშირად არღვევენ. განსაკუთრებით, უცხოური პროდუქტის გაყიდვისას.

სულ ახლახან „კარფურში“ ვადაგასული არაქისის პროდუქტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი ვებგვერდის „მომხმარებელი.გე“-ს მიერ გავრცელდა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, მომხმარებელმა მათ 2013 წლის 03 მაისს მიმართა და წარუდგინა არაქისის პროდუქტი, რომელიც ვადაგასული იყო.

კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლია თოდუა განმარტავს, რომ მსგავსი დარღვევა სისტემატურად ხდება „კარფურში“, რაც მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა.

„ნებისმიერ მყიდველს აქვს უფლება იცოდეს როგორ პროდუქტს ყიდულობს და არის თუ არა ის ახალი. გარდა იმისა, რომ პროდუქტს არ აწერია შემადგენლობა და თარიღი, ზოგჯერ დასახელებაც კი არ არის მითითებული. ჩვენი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე ხშირად მოგვმართავენ მომხმარებლები. მათი საჩივრის დიდი ნაწილი ეტიკეტს უკავშირდება, თუმცა გაცილებით მეტი პრობლემაა შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. ძირითადად, მაშინ გვიკავშირდებიან, როცა ვადაგასულობის ან სხვა მიზეზით იწამლებიან. სინამდვილეში პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს სხვა ხარვეზი, რომელიც ჩვეულებრივი მყიდველისთვის ნაკლებად შესამჩნევია.

სამწუხაროდ, მსგავს პრობლემას „კარფურის“ მომხმარებელი ხშირად აწყდება. ჰიპერმარკეტში, ძირითადად, იყიდება უცხოური ნაწარმი, რომელსაც ქართული ეტიკეტი არ ახლავს. გარდა იმისა, რომ არ აწერია ვარგისიანობის ვადა. მარტო ჩვენ მიერ 3 ასეთი შემთხვევაა გამოვლენილი. სამივე შემთხვევაში მითითება იყო, რომ შეფუთვაზე ქართულად არ ეწერა.

როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რასთან აქვს საქმე, როცა კომპანია მას პროდუქტის შესახებ ინფორმაციას არასათანადოდ აწვდის?! მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მეტად საჩივარი „კარფურზეა“, სადაც დარღვევები სისტემატურად ხდება“, - აცხადებს თოდუა და დასძენს, რომ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, ქვეყანაში ქმედითი ღონისძიებები გასააქტიურებელია.