რატომ არ მიდიან ჩვენი მდიდარი ენჯეოები პოლიტიკაში? რატომ ურჩევნიათ პროცესები გვერდიდან აამღვრიონ და არასამთავრობოების იარლიყი მოირგონ? კაპიკ-კაპიკ უთვალონ სხვებს ფინანსები მაშინ, როცა საკუთარ არც თუ მოკრძალებულ შემოსავლებზე თვალი დახუჭონ?
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირონიით შენიშნავს, რომ მიესალმებოდა, თუკი სამი მდიდარი NGO პარტიად ჩამოყალიბდებოდა და მონაწილეობას მიიღებდა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რითაც ისინი საკუთარ ნდობას გადაამოწმებდნენ. „მერწმუნეთ, ისინი ერთად ამ არჩევნებში ერთ პროცენტსაც ვერ მიიღებენ“, - ასკვნის ირაკლი კობახიძე სამი მდიდარი ენჯეოს შესახებ, რომლებიც, მისი თქმით, დღემდე დე-ფაქტო პოლიტიკური პარტიები იყვნენ, მაგრამ დე-იურედ ჯერ არ გაფორმებულან პოლიტიკურ პარტიებად.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასამთავრობოების პირით სწორედ „ნაცმოძრაობა“ გვესაუბრება, რომ ქვეყანა უნდა წალეკონ, აკერმანის გეგმა უნდა განახორციელონ, ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნან, რომ ენჯეო სექტორმა უნდა დააკომპლექტოს მთავრობა და გიგაური ან ლომჯარია იყოს მთავრობის თავმჯდომარე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანიც იზიარებს იმ აზრს, რომ თუკი არასამთავრობოებს პოლიტიკაში ყოფნა სურთ, ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პოლიტიკურ ორგანიზაციად და თავი დაანებონ არასამთავრობოების სახელით პოლიტიკური მიზნების მიღწევას, რაც არ გამოუვათ.
რამდენად საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და პოლიტიკურად ანგაჟირებული არასამთავრობოები პოლიტიკაში ღიად შემოვიდნენ?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გასაგებია ირაკლი კობახიძის ირონია არასამთავრობოების მიმართ, როცა მათ პოლიტიკაში შესვლა შესთავაზა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ენჯეოები პოლიტიკაში შესვლით სიმდიდრეს დაკარგავენ.
„მოგეხსენებათ, არასამთავრობოები უცხოური ფულით ფინანსდებიან. კანონმდებლობა კრძალავს საქართველოს პოლიტიკაში უცხოური ფულის მონაწილეობას. არადა, რასთან გვაქვს საქმე? NGO-ების აქტივობა არასამთავრობო კი არ არის, არამედ - ვიწრო პოლიტიკური. ცხადია, ჩვენს სახელმწიფოს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ზომების მიღება მოუწევს, რათა ჩვენს პოლიტიკაში არალეგალური მონაწილეობა შეზღუდოს“, - მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი და კონკრეტულ გამოსავალს გვთავაზობს.
ანალიტიკოსის განმარტებით, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის, საკმარისი იქნება ამერიკული გამოცდილების გაზიარება. ამერიკაში თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება უცხოეთიდან, ამის შესახებ მან ღიად უნდა განაცხადოს, მოახდინოს ამის დეკლარირება და დარეგისტრირდეს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი, ვინაიდან აქ უკვე საუბარია სხვა ქვეყნის, ანუ უცხო ქვეყნის ინტერესებზე. ამ შემთხვევაში, საზოგადოებაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენს ასეთი „არასამთავრობო“ ორგანიზაციის მიმართ, მეტი ყურადღებით მოეკიდება ამ ფაქტს და არ დაუშვებს, რომ კონფლიქტი შეიქმნას უცხო ქვეყნის ინტერესებსა და საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შორის.
დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომ, ცხადია, საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები არაფრით არ აღიარებენ, რომ უცხო ქვეყნის აგენტები არიან, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები და არასამთავრობოებთან დაკავშირებით თუნდაც ამერიკული მოდელი გაიზიაროს.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკაში არასამთავრობოები ისედაც არიან. ისინი ხელისუფლებას სთავაზობენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მზად არიან, მათ რეალიზაციაში მიიღონ მონაწილეობა. ამდენად, ავთანდილ დემეტრაშვილის აზრით, თუ ირაკლი კობახიძეს სურს ამ არასამთავრობოებს პოლიტიკური პარტიები დავარქვათ, ეს არ არის საჭირო, რადგან ნებისმიერ სუბიექტს შეუძლია პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა.
„პირადად მე, როგორც მეცნიერი და კონსტიტუციონალისტი, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა საკონსტიტუციო კომისიაში ვიღებდი მონაწილეობას. მე არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ვიღებდი მონაწილეობას პოლიტიკის განსაზღვრაში, ასევე, არიან არასამთავრობოებიც. ჩვენ ორი დიდი აქცია ვნახეთ, მრავალსუბიექტიანი, მრავალი ხალხის მონაწილეობით, რომელთაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ამ ტიპის მთავრობის შექმნის შესახებ ოთხი თვის წინ პირველად, მე მგონი, მე განვაცხადე, როცა საჯარო განცხადება გავაკეთე. შემდეგ სააკაშვილმაც განაცხადა ამის შესახებ. საერთო ეროვნული თანხმობის მთავრობის იდეა რა არის? რომ ყველა ფენა უნდა იყოს წარმოდგენილი. ამიტომ სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ განცხადების მიმართ, თითქოს პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ ამ მთავრობაში და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს. ეს შეუძლებელია“, - გვითხრა ავთანდილ დემეტრაშვილმა.
მისივე შეფასებით, პოლიტიკური კომპონენტის გარეშე თანხმობა არ იქნება, რადგან უთანხმოება და დაძაბულობა პოლიტიკურ პარტიებს შორისაა. ამიტომ პოლიტიკური კომპონენტი ყოველთვის უნდა არსებობდეს. კონსტიტუციონალისტი იმაშიც დარწმუნებულია, რომ შემდგომ აქციებში პოლიტიკური კომპონენტი უნდა იყოს ჩართული. უფრო მეტიც, კონსტიტუციონალისტს მიაჩნია, რომ მომავალი საერთო ეროვნული თანხმობის მთავრობა უნდა შედგებოდეს „ქართული ოცნებისგან“, ცალკე ეროვნული მოძრაობისგან, ან ოპოზიციისგან და არაპოლიტიკური კომპონენტისგან. ეს იქნება ნამდვილი ეროვნული თანხმობა და ეს იქნება ნამდვილი დეპოლიტიზაცია. ამიტომ სრულიად გამართლებულია, როდესაც ამბობენ, რომ არასამთავრობოების საქმიანობაში პოლიტიკური კომპონენტიც არსებობს.