პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, 23 ივნისს, 15:00 საათზე, მედიის თანდასწრებით განადგურდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
სამინისტროში, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა უკვე დასრულდა. კომისიას შს მინისტრი ხელმძღვანელობდა. მასში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ასევე, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ეკა გიგაური, ლაშა ტუღუში, კახი კახიშვილი და სხვები მონაწილეობდნენ.
როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა განუცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები 54 კომპაქტდისკზეა განთავსებული და 12 800-ზე მეტ ფაილს შეადგენს. მისივე თქმით, ფირებზე ასევე ასახულია პოლიტიკური პარტიების ოფისებში მიმდინარე პროცესები, ლიდერების საუბრები, მედიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების საუბრები.
როგორც სხდომაზე გაირკვა, ამ ვიდეოჩანაწერების შესახებ ინფორმაცია გრაფიკის სახით იყო წარმოდგენილი და მასზე ასახული იყო, რომელი უწყების მიერ რომელი ჩანაწერი იყო გაკეთებული და ვიზე იყო ჩაწერილი.
პოლიტიკური და სხვა ტიპის ვიდეომასალების განადგურების შესახებ კომისია ხვალ იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს კახი კახიშვილმა განუცხადა, ის კვლავაც რჩება იმ აზრზე, რომ პოლიტიკური პროცესების, პარტიების და მათი ლიდერების შესახებ ვიდეოჩანაწერები არ უნდა განადგურდეს. მისი თქმით, საჭიროა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რათა დასავლეთმა ნახოს რასთან იყო საქმე ყოფილი ხელისუფლების დროს.
"კონგრესმენები რომ ნახავენ, როგორი დემოკრატიის შუქურასთან ჰქონდათ საქმე, ასეთი განცხადებები ნაკლებად იქნება ყოფილი ხელისუფლების მიმართ", - აღნიშნა კახიშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე საჭიროა კონსულტაციები პარტიებთან და მათ ლიდერებთან, რათა მათ იცოდნენ, რა ჩანაწერები კეთდებოდა ოპონენტების მიმართ.