ირაკლი ალასანია:   სამალავში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს იარაღი არ იყო

ირაკლი ალასანია: სამალავში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს იარაღი არ იყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება, სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღსა და სამალავის შესახებ კომენტარი გააკეთოს. "ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული ღონისძიება და არ იყო თავდაცვის სამინისტროს იარაღი. ყველა ჩვენი იარაღი, მათ შორის ყველა ტიპის იარაღი, აღრიცხულია. აქედან გამომდინარე, რა მიმართულებით წავა გამოძიება, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. მე არანაირი განცხადებების გაკეთების უფლება არ მაქვს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში სპეციალური სამალავებია აღმოჩენილი, სადაც, ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივია ნაპოვნი.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა 17 ივნისს ბრიფინგი გამართა. გიორგობიანის განცხადებით, სამალავი სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად იყო მოწყობილი.