სოფელ კუმისის საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპული სამხედრო მოსამსახურის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრნენ.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო განათლების მინისტრს, რომელიც მართლაც ზრუნავს, რომ ჩვენი გმირების სახელები უკვდავყოფილი იყოს. მეამაყება, რომ დღეს ამ სკოლაში ვარ - აქ მართლაც გმირები იზრდებიან. ბავშვებს თვალებზე ეტყობათ, რომ საქართველოსთვის უძგერთ გული, რაც აქაური პედაგოგების დამსახურებაა. ზურაბის დედა აქ აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. მომავალი თაობის პატრიოტული აღზრდა სწორედ ჩვენი გმირების მაგალითზეა შესაძლებელი“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ასევე, ომში გარდაცვლილი სამხედროს მშობლები და ახლობლები, თანასოფლელები, პედაგოგები და მოსწავლეები. ზურაბ ბეგიაშვილის მასწავლებლებმა მისი სკოლაში გატარებული წლებიც გაიხსენეს.
უმცროსი ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ზურაბ ბეგიაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. საომარი მდგომარეობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე, მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“.
გარდაცვლილი სამხედროს ოჯახთან შეთანხმებით, საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა, ასევე კუმისის სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო სკოლას გმირი თანასოფლელის ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მინიჭებოდა. ქართველი სამხედრო ექიმი ამავე სკოლაში 1986-1996 წლებში სწავლობდა.