ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო. პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ საშინაო დავალება, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება, ერთ წელიწადში უნდა შეასრულოს. დავალება, რომელიც თანაბრად უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, პასუხისმებლობას იხსნის რადიკალური ოპოზიცია და იმედოვნებს, რომ საქართველოში ერთ წელიწადში ბევრი რამ შეცვლება, მათ შორის ხელისუფლება.
ასე არ ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რასაც თვალს ვადევნებთ ყოველდღე, ეს იქნება დეპოლარიზაცია, თუ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. როგორც ვოლსკი აცხადებს, ევროკომისია პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს, რაც არ ნიშნავს, რომ იმ გრაფიკიდან ამოვვარდებით, რაც ირაკლი კობახიძემ გეგმის სახით წარმოადგინა.
„ევროკომისიის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ განხილვა უნდა მოხდეს მოგვიანებით და საქართველოში ცაიტნოტური სიტუაციის შექმნა არ არის აუცილებელი, იმ რეალობიდან გამომდინარეობს, რასაც, სამწუხაროდ, თვალს ვადევნებთ ყოველდღე, ეს იქნება დეპოლარიზაცია თუ სამუშაო ჯგუფებისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ევროკომისიამ ჩათვალა, რომ მათ მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეთ დაძაბულობის შექმნაში.
რასაკვირველია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მთავარია საქმიანი ურთიერთობა და ქართველი ხალხისთვის სიკეთის მომტანი გადაწყვეტილებების მიღება და არა პოლიტიკურ პარტიებს შორის ჭიდილი, რაშიც რადიკალური ოპოზიცია არათუ გამოირჩევა, არამედ საგანგებოდ მოქმედებს და სტრატეგია არ შეუცვლია, რაც არის დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და შესაძლო რევოლუციური სცენარის განვითარება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევასთან ერთად, დაბრუნება სჭირდება მის პოლიტიკურ გუნდს, ასევე ოპოზიციას, რომელიც საკუთარ შეცდომებსაც ივანიშვილს აბრალებს. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება კარგია, მაგრამ ის ვერ იქნება იმ შედეგის მომტანი, რა მოლოდინსაც ოპოზიციური პარტიებისა და მედიის ნაწილი საზოგადოებაში აჩენს. ის ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ივანიშვილი ფორმალურად არ მონაწილეობს პოლიტიკაში და შესაბამისად, კანონი მასზე ვერ გავრცელდება.
„შეიძლება, პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად (ორივე 12 პუნქტის ნაწილია) ვიღაცისთვის ოლიგარქი, ვიღაცისთვის პოლიტიკური ლიდერი, ვიღაცისთვის მეცენატი - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ესაა ერთდერთი სწორი გამოსავალი დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და რიტორიკა გახდა არაპროგნოზირებადი და დამაბნეველი მისივე მომხრეებშიც კი. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პასუხისმგებელი პროცესებზე უნდა იყოს ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია.
არ დავაკნინებ ღარიბაშვილის როლს მთავრობაში, როგორც ეს დღეს მოდაშია, რა თქმა უნდა, მას აქვს მოქმედების გარკვეული თავისუფლება, მაგრამ ვფიქრობ არ აქვს მთავარი - პოტენციალი, წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის სურვილს, არაფორმალურად ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში. თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ ის თუ მოინდომებს, გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, ვინმე შეძლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - წერს ვიცე-სპიკერი.
იოსელიანის განცხადებით, შექმნილი ვითარება არ იძლევა საშუალებას, შეიქმნას მყარი პოლიტიკური სისტემა, სადაც პასუხისმგებლობა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება განსაზღვრავს პოლიტიკოსის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც.
„დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ესაჭიროება მის პოლიტიკურ გუნდსაც, რომლისთვისაც მასთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, პასუხი გაეცეს კითხვებს, რომელიც არა მარტო საზოგადოებაში, არამედ მის მომხრეებშიც არსებობს, მაგალითად, რატომაა ბოლო დროს ანტიდასავლური რიტორიკა ასე მოდაში? ან რა გახდა რამდენიმე კაცის სასამართლოდან ჩამოშორება და ამით სისტემის გაჯანსაღების დაწყება და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოფხვრის იმ მახინჯ პრაქტიკას, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში პრემიერების შეცვლა „აგვარებს“ ყველანაირ პრობლემას და ყველაფერი ისევ ისე გრძელდება. დამეთანხმებით, ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსოლიდირებული დემოკრატიის პრინციპთან და პოლიტიკური სისტემის მდგრად ინსტიტუციურ განვითარებასთან.
იმისთვის, რომ თანამედროვე პარტიული ევროპული სისტემა ჩამოყალიბდეს, აუცილებელია პოლიტიკურ მოედანზე რეალური მოთამაშეები იყვნენ და არ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, როდესაც მმართველი პარტიაც და ოპოზიციაც საკუთარ წარმატებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. მაგალითად, „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური წარმატების გარანტია ისევ ერთი კაცია, რომელიც მათ ყველა პრობლემას მოაგვარებს, ხოლო ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას უტოლდება.
რეალური პოლიტიკური პროცესი კი მაშინ დაიწყება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დღის სინათლეზე გამოვა, ოპოზიცია ოპონირებაში დაამარცხებს და არჩევნების გზით შეძლებს ხელისუფლების შეცვლას. მესმის, რომ ამას შეიძლება, გარკვეული დრო დასჭირდეს, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში იგი დარჩება კაცად, რომელიც არაფერზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ყველას „ეიმედება“, - წერს ლევან იოსელიანი.
ამ ვითარებაში და მით უფრო იმ ბრალდებების ფონზე, ყოფილი პრემიერის ხელისუფლებაში ისევ შემოსვლა არამართებულად მიაჩნიათ ანალიტიკოსებს. როგორც სოსო მანჯავიძე აცხადებს, მოსაბეზრებელი გახდა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელსაც აყენებენ ევროპარლამენტის დეპუტატები, რომელთა ძირითადი დამფინანსებელი და ლობისტი არის ჯორჯ სოროსი.
„თუ ვინმე არის ოლიგარქი, ეს სოროსია. ამიტომ დაიწყონ თავისი ქვეყნებიდან და განსაკუთრებით კი გლობალური დეოლიგაქრიზაცია დაიწყონ, ეს უკეთესი იქნება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი გადასაწყვეტია დაბრუნდება თუ არა ის პოლიტიკაში. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, დაბრუნების ფორმებიც ალბათ სწორი შესარჩევი ექნება - როგორ დაბრუნდება, დაბრუნდება „ოცნების“ ხელმძღვანელად, თუ პრემიერად. თუმცა ეს დაბრუნებაც ბუნებრივია, ახალი ბრალდებების მიზეზი გახდება.
„ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები და სხვები ბრალს სდებენ ოლიგარქობაში, თუმცა პარადოქსია, რომ ეს ხალხი ვინმეს ოლიგარქიაში ადანაშაულებს, როდესაც თვითონ არიან დაკომპლექტებული ოლიგარქის მიერ, როგორიც გახლავთ პატივცემული სოროსი, ეს ხალხი, რომ ვინმეს ოლიგარქობაზე ჩივის და ბრალს უყენებს, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
ბატონი ივანიშვილი რომც დაბრუნდებს ხელისუფლებაში, ბუნებრივია, მის მიმართ მტრული დამოკიდებულების შენელებას არ უნდა ველოდოთ. მეორე საკითხია, რომ პოლიტიკაში ყოფნა გარკვეული ფარიც კი შეიძლება იყოს იმ ბრალდებების, რომელსაც მას უყენებენ და კერძოდ, არაფორმალური მმართველობის საკითხში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, დღეს, დეოლიგარქიზაციის საჭიროებას ხედავენ იმაში, რომ არის მდიდარი ადამიანი, რომელიც კულუარებიდან ახდენს გავლენას ქართულ პოლიტიკაზე. პოლიტოლოგი თვლის, რომ საკმარისია უკან გადმოდგას ნაბიჯი - პარტიის თავმჯდომარედ, ან პრემიერად, ბრალდებების ტალღა, რატომაც წავიდა პოლიტიკიდან, ხელახლა წამოიწევს.
„თუ მობრუნდა პოლიტიკაში, ფული ხომ არ დაეკარგება? ატყდება მაგაზე ამბები, რომ ის ოლიგარქი არა თუ ჩრდილიდან მართავს, არამედ პირდაპირ დაჯდა სახელისუფლებო ტახტზეო, რასაც მოჰყვება გაცილებით უარესი გნიასი. მასეთი გნიასი უძღოდა წინ სხვადასხვა პროცესებს - ჯერ იყო პრემიერი, გული რომ გაუწყალეს პრემიერობიდან წავიდა და პარტის თავმჯდომარედ დარჩა. ისევ გაგრძელდა კრიტიკა დასავლეთიდან, რომლებიც რეალურად ეუბნებოდნენ, რომ გასულიყო პოლიტიკიდან. წავიდა პოლიტიკიდან. ახლაც იგივეს იძახის დასავლეთი, რომ მაინც უნდა გავიდესო და სადღა უნდა გავიდეს? საკმარისია, რაიმე ნაბიჯები უკან გადმოდგას, პარტიის თავმჯდომარედ, ან პრემიერად, ეს ტალღა რაც უკვე იყო, ხომ ხელახლა წამოიწევს?! რეალურად, ამ ტალღების გამო წავიდა ივანიშვილი, რომ მის პარტიას და მასაც არ შექმნოდა ამ მხრივ სირთულეები და გაერიდა“, - ამბობს საყვარელიძე.
პოლიტოლოგი არ იზიარებს კოლეგების განცხადებას, რომ ექს-პრემიერი უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და პასუხისმგებლობის წინაშე ივანიშვილი უნდა დადგეს.
„თვლიან, რომ ივანიშვილი კომფორტშია - გავლენა აქვს და პასუხისმგებლობა არა, ბარემ, მისი პასუხისმგებლობაც დადგესო. ამ მსჯელობაში ვფიქრობ, რომ ერთი შეცდომა არის გაპარული - რას ნიშნავს პოლიტიკაში პასუხისმგებლობა? - იმას, რომ ხალხი არ ირჩევს ამ პოლიტიკურ პარტიას, ან პიროვნებას. თუ ივანიშვილის პასუხისმგებლობა გვაწუხებს, ამაზე მარტივი რა არის - ნუ მისცემენ ხმას, მისი პარტია დამარცხდება და დამარცხდება ივანიშვილიც. რა ადგილი ექნება ივანიშვილს პარტიის სტრუქტურაში, თავმჯდომარის, თუ იქნება ჩვეულებრივი ივანიშვილი, რომელსაც ჭკუას ეკითხებიან, უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
დიდება სტალინს, დიდება ავრენტი პავლეს ძე ბერიას!
დიდება სტალინს, დიდება ავრენტი პავლეს ძე ბერიას!
ჩამოწიე მარჯვნიდან ხაზი და მთელი გვერდი გამოჩნდება
ისე კი კომპიუტერში შენ ჩემზე მაგარი ლიოჩიკი ყოფილხარ .....არადა მე ჩემი თქვი პირველი მეგონა....პირველობაში ნუ მეცილები