საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ტურიზმის სექტორში შენდება სასტუმროები, ფონდის მეშვეობით ქვეყანის ენერგეტიკას ახალი თბო და ჰიდროელექტროსადგურები შეემატება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით უკვე დასრულდა ღორების ფერმის მშენებლობა. გარდა ამისა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნასთან დაკავშირებით. უფრო დეტალურად, საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე “ბიზნეს-რეზონანსი” ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა:
“ბიზნეს-რეზონანსი”: ბატონო ირაკლი, გარკვეული პერიოდი გავიდა, რაც საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტში ცვლილება განხორციელდა და სტრუქტურას თქვენ ჩაუდექით სათავეში. რა შედეგები გაქვთ და რა კონკრეტული აქტივობები განახორციელა ფონდმა?
ირაკლი კოვზანაძე: გასული პერიოდის განმავლობაში საპარტნიორო ფონდი აქტივობის და კონკრეტული შედეგების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე სტრუქტურა იყო და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ფონდის საქმიანობას და მიღწეულ შედეგებს ორ ძირითად მიმართულებად დავყოფდი: პირველი - ფონდმა მოახდინა ყველა იმ პროექტის განვითარება და რამდენიმე მათგანის დასრულებაც კი, რომლებიც ჩვენს პორტფელში შედის და მეორე - მოხდა მენეჯმენტის მნიშვნელოვანი გაძლიერება იმ ორგანიზაციებში, რომლებსაც საპარტნიორო ფონდი მართავს. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი პირველი ამოცანა გახლდათ ცვლილებები მენეჯმენტში, ასევე - ჯანსაღი კორპორატიული მართვის ელემენტების დანერგვა, დამოუკიდებელი დირექტორები და რაც მთავარია ამ კომპანიების მენეჯმენტების და სამეთვალყურეო საბჭოების კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტება. ჩვენ ეს პროცესი უკვე დავასრულეთ და ეს კომპანიები წარმატებით მუშაობენ.
კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი, რომელი პროექტები დაასრულა საპარტნიორო ფონდმა და რა პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა?
- საპარტნიორო ფონდმა უკვე განახორციელა რამდენიმე წარმატებული პროექტი. ერთ-ერთია სასტუმრო ახალციხეში, რაბათის ციხესთან მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს რეგიონში საუკეთესო სასტუმროდ მიმაჩნია, რომელიც ჩვენი ფინანსური დახმარებით დასრულდა. პროექტის წარმატებულად დასრულების შემდგომ ჩვენ ასევე წარმატებით განვახორციელეთ ამ პროექტიდან გამოსვლა. ჩვენი ჩანაცვლება სლოვაკეთის “ექსიმბანკმა” მოახდინა, ხოლო ჩვენი პარტნიორი სლოვაკური კომპანია “ევროკომი” გახლდათ. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 5 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
მეორე პროექტი, რომელიც ასევე წარმატებით დასრულდა, განხორციელდა სოფლის მეურნეობის დარგში. იმ ფონზე, როდესაც ეს სფერო ბოლო წლებია სერიოზულ ვარდნას განიცდის, მსხვილი, მასშტაბური და ეფექტიანი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობაში უმნიშვნელოვანესია, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში მოხდა მეღორეობის ფერმის აშენება. აქაც შედგა სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ ეს არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონში საუკეთესო საწარმო იქნება სოფლის მეურნეობაში. აქ ჩვენი თანაპარტნიორი გახლდათ კომპანია “ჯეოაგრო”.
საწარმო უახლოესი გერმანული და ინგლისური ტექნოლოგიებით დაკომპლექტდა. 2013 წლის ნოემბრიდან ფერმა უკვე ადგილობრივი ბაზრის ღორის ხორცით მომარაგებას დაიწყებს. ჩვენი გათვლებით, ფერმა ღორის ხორცის ბაზრის 15-20%-ს დააკმაყოფილებს. ეს იქნება სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელებულა.
ფერმის საწარმოო კომპლექსის პროექტირება და ტექნოლოგიურიაღჭურვილობის მოწოდება განხორციელდა გერმანული კომპანიის “Big Dutchman”-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიობაზარზე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობის კომპლექსების პროექტირებასა და მათ მაღალტექნოლოგიოურ უზრუნველყოფაში. გენეტიკა მოწოდებულია ბრიტანული კომპანია ACMC-ის მიერ, რომელიც ასევე ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე მაღალპროდუქტიული, სწრაფად მზარდი და მაღალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე სანაშენე ღორების წარმოებაში. კომპანია”კალანდას” მეღორეობის ფერმა განლაგებულია თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის საწარმოო ფართობიშეადგენს 13 ჰა-ს.
ეს პროექტი საპარტნიორო ფონდის, კერძო სექტორის და საბანკო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ეს მაგალითი არის ნიმუში იმისა, თუ მომავალში როგორ უნდა განვითარდეს გარკვეული მიმართულებები.
ამჟამად რა პროექტებზე მუშაობს “საპარტნიორო ფონდი”?
- დღეისათვის შენდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “რიქსორი” ლიკანში. ეს არის ცნობილი სახელმწიფო კომპლექსი. ამ პროექტში ჩვენი პარტნიორი არის ყაზახეთის მხარე. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულებაა 38 მლნ აშშ დოლარი.
ასევე, შენდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “რედისონი” წინანდალში 16,8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულებით.
ფონდი აგრეთვე მონაწილეობს, 2,3 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტში, რომელიც გულისხმობს სასტუმროს აშენებას ყვარელში, ილიას ტბასთან.
ფონდში წარმოდგენილია უზარმაზარი მასშტაბებით ენერგეტიკის მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე. ეს პროექტი არის 230 მეგავატიანი და პრაქტიკულად 200 მილიონ დოლარს აღემატება. თურქულ მხარესთან, კერძოდ კი “ჩალიკ ჯგუფთან” ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ.
გარდა ამისა, ვახორციელებთ პროექტს ჰიდრო მიმართულებით. ეს არის ნენსკრა, ჰიდროელექტროსადგური ზემო სვანეთში. ეს იქნება 210 მეგავატიანი, საკმაოდ მძლავრი ჰიდროელექტროსადგური. ამ პროექტით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაა დაინტერესებული. ჩვენ ვართ იმ სექტორებში, სადაც სახელმწიფოს პრიორიტეტები გააჩნია. ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, რომელზეც საპარტნიორო ფონდი მუშაობს და მიმაჩნია, რომ - წარმატებით. ის პროექტები, რომელიც ახლა ჩამოგითვალეთ, სწორედ ამაზე მეტყველებს.
ფონდი აგრძელებს მუშაობას ახალ პროექტებზე, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ, განსაკუთრებით ეს ეხება ენერგეტიკულ პროექტებს.
მინდა გკითხოთ საპარტნიორო ფონდის სუვერენულ ფონდად გარდაქმნის შესახებ, რას გულისხმობს ეს ცვლილება და როდის დასრულდება ეს პროცესი?
- ჩამოყალიბებულია სამთავრობო ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს და მონიტორინგსაც უწევს. პროცესში ჩართულია მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. ეს ჯგუფი ამ პროცესს ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ჩვენ დავიქირავეთ საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელსაც სუვერენული ფონდების ჩამოყალიბების მუშაობის გამოცდილება აქვს. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა პროცესი აქტიურ ფაზაშია. ვფიქრობთ, რომ ამ ზაფხულის განმავლობაში შევკრავთ პაკეტს, რომლითაც პარლამენტში შევალთ და მოვახდენთ ცვლილებებს კანონპროექტებში, რომელიც უკავშირდება საპარტნიორო ფონდს. სწორედ ამის შემდეგ მოხდება მისი სუვერენულ ფონდად გარდაქმნა.
პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია, ყოველ დღე ახალ-ახალი სამუშაო ელემენტები ემატება, ვიღებთ ახალ ინფორმაციას, იმპლემენტაციას ვაკეთებთ და ვფიქრობ, რომ შემოდგომისათვის ამ პროცესს დავასრულებთ. ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოსპარალელურად ხორციელდება.
რა პრინციპებით იმუშავებს სუვერენული ფონდი?
- ეს იქნება საერთაშორისო სატანდარტების შესაბამისიფონდი, მოხდება მნიშვნელოვანი გამიჯვნა მენეჯმენტსა დასამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციებს შორის, იქნება დამოუკიდებელიდირექტორების ინსტიტუტი. დანერგილი იქნება ეგრეთ წოდებული ”სანტიაგოს პრინციპები”, რომლებიც მნიშვნელოვანია სუვერენულ ფონდთან მუშაობაში.
შეცვლის თუ არა სუვერენულ ფონდად გარდაქმნა საინვესტიციო პოლიტიკას და ზოგადად საპარტნიორო ფონდის სტრატეგიას?
- რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ სახელის შეცვლა. ამ ცვლილების შედეგად, როგორც ვახსენე, ფონდი გახდება გაცილებით გამჭვირვალე და სუვერენული ფონდების საქმიანობის საერთაშორისო პრინციპებზე მაქსიმალურად მორგებული. ბუნებრივია, განსხვავებული იქნება საინვესტიციო პოლიტიკაც. ჩვენ უკვე აქტიურად ვსწავლობთ იმ პროექტებს, რომლებშიც პერსპექტივაში სუვერენული ფონდი მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესებს და იმ შემცირებულ პროგნოზებს, რომლებსაც მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტები აკეთებენ? რას უკავშირდება ეკონომიკური ზრდის შენელება?
- მიმაჩნია, რომ ეს მოკლევადიანი პროცესია და გარდამავალ პერიოდს უკავშირდება. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური აქტივობის შემცირება გამოიწვია იმ მსხვილი კომპანიების საქმიანი აქტივობის შენელებამ, რომლებიც წინა სახელისუფლო წრეებთან იყვნენ დაახლოებული. სწორედ მათთვის იყო ეს გარდამავალი პერიოდი გაურკვევლობის საფუძველი. თუმცა, გავიდა თვეები და კერძო სექტორი მიხვდა, რომ ახალი ხელისუფლება არ აპირებდა მათთვის თამაშის ახალი წესების შემოღებას. შედეგად ბიზნეს სტრუქტურებმა და მათ შორის, ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა განაახლეს აქტივობა.
დღეს უკვე სხვა რეალობაა შექმნილი - ბიზნესი სახელმწიფოს უხეში ჩარევისგან აბსოლუტურად თავისუფალია. წინა პერიოდში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში სახელმწიფო იყო მთავარი ინვესტორი.
მართალია, პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპი საგრძნობლად დაეცა, თუმცა, აპრილში ტემპმა მკვეთრად მოიმატა და 4%-ს გადააჭარბა. ასე რომ, მომდევნო კვარტალში სიტუაცია, ჩემი აზრით, მკვეთრად გაუმჯობესდება.
ზოგადად, როგორ გესახებათ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები - ბუნებრივია, საქართველოს აქვს ის უპირატესობები, რამაც შეიძლება ინვესტორები დააინტერესოს და ამით საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარებას შეეწყობა ხელი.
ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, ლიბერალური საგადასახდო რეჟიმი, ნაკლები ბიუროკრატიზმი, თამაშის საერთო წესები და დისკრიმინაციის, აგრეთვე კორუფციის არარსებობა, დაბალი საგადასახადო ტვირთი, სამუშაო ძალის შედარებითი სიიაფე და სხვა, არასრული ჩამონათვალია იმ პრეფერენციებისა, რომლებიც საქართველოს ინვესტორებისათვის მიმზიდველს ხდის. ეს უპირატესობები საქართველომ უნდა გამოიყენოს და ამ გზით სვლა აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე.