რუსები ამერიკელებსაც გადასწვდნენ. ამჯერად რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აფრთხილებს ისტორიულ მტრებს - ამერიკელებს, შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ ალასკა რუსული იყო და რუსეთის ფედერაციას შეუძლია მისი დაბრუნება დაიწყოს.
„დაე, ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს, იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი - ალასკა, უნდა დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელიც“.
ვიაჩესლავ ვოლოდინის მსგავსად, ალასკის ბედით აღელვება გადაედო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერ პიოტრ ტოლსტოისაც, რომელიც ალასკაზე რეფერენდუმის ჩატარების წინადადებით გამოვიდა.
ამჯერად რუსები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში (1867 წელს) ამერიკელებისთვის მიყიდულ ალასკას ითხოვენ, რომელიც 1959 წელს შეერთებული შტატების 49-ე შტატი გახდა. რანაირად აპირებენ რუსები ახალი ფრონტის გახსნას და გაყიდული ტერიტორიის უკან დაბრუნებას, ეს უცნობია. თუმცა გამორიცხული არ არის, მათ ერთ-ერთი ვერსია აამოქმედონ, რომლის თანახმადაც, ალასკა არც არასდროს გაყიდულა, უბრალოდ, რუსეთმა იჯარით გასცა 90 წლით და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ 1957 წელს ხრუშჩოვმა ეს მიწები აჩუქა ამერიკას.
ამ ვერსიის გარდა არის კიდევ ერთი უფრო დამაჯერებელი ვერსია, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ოქროს მაძიებლებმა დაიწყეს ალასკაში ჩასვლა, რუსეთის მთავრობას საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდა, რომ ოქროს მაძიებლებს ამერიკული ჯარები მიჰყვებოდნენ, რუსეთი კი ომისთვის იმ დროს მზად არ იყო, ამიტომ დათმო ალასკა. თავის მხრივ ამ შენაძენით გაძლიერდა ამერიკა, რომელმაც ალასკაში გადახდილი თანხა მოკლე დროში ამოქაჩა. იმ პერიოდში „ლონდონის თაიმსი“ შეშფოთებას ვერ მალავდა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის იდუმალი სიმპათიის გამო.
რუსეთმა ალასკა 7,2 მილიონ დოლარად დათმო. სულ რაღაც 50 წელიწადში კი ამერიკელებმა ასჯერ მეტი მოგება მიიღეს ალასკაში. ალასკა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი იყო მე-19 საუკუნეში. აქ ვაჭრობდნენ ჩინური ქსოვილებით, ჩაით, ყინულით, რომელიც მაცივრის გამოგონებამდე სჭირდებოდათ. ოქროზე მეტი ღირდა ალასკის ზღვის წავის ძვირფასი ბეწვი. ეს ძვირფასი ცხოველები რუსებმა, ფაქტობრივად, გაანადგურეს.
რისთვის სჭირდება რუსეთს ალასკის დაბრუნების მუქარა?
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ხრუშჩოვს უნდოდა ალასკის დაბრუნება. მართალია, თავის დროზე რუსეთმა ასი წლით მიჰყიდა ალასკა ამერიკას, მაგრამ მას შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა. ალასკა ამერიკას მიჰყიდეს იმიტომ, რომ ამერიკა მაინც წაართმევდა ამ ტერიტორიას, რუსეთს არანაირი საშუალება არ ჰქონდა მის შესანარჩუნებლად. ამიტომ გადაწყვიტა, ჯობია, ფული ავიღო და მივყიდო ამერიკას, ვიდრე წაგვართვას.
„ვითომ ასი წლით მიჰყიდეს, მაგრამ ამის შემდეგ, როცა 1917 წელს რუსეთის სამეფო გაუქმდა, რუსებმა უზარმაზარი ვალები არ დაუბრუნეს არც ამერიკას, არც დასავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებს, ლენინმა და რუსეთის რევოლუციურმა მთავრობამ უარი განაცხადეს მეფის რუსეთის ყველა ვალის დაბრუნებაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს უზარმაზარი ვალი ჰქონდა აღებული ნიკოლოზ მეორეს და, საერთოდ, რუსეთს დიდი ვალები დაუგროვდა, მაგრამ იმის გასტუმრებაზე არც უფიქრიათ. ის კი არა, „ლენდ ლიზის“ ვალებიც არ აქვთ ბოლომდე გასტუმრებული, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკისგან აღებული ვალები. ამერიკამ უამრავი ვალი აპატია რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პრაქტიკულად, აჩუქა უამრავი დახმარება, ხოლო რაც არ აჩუქა, დროთა განმავლობაში აპატია. ამიტომ ალასკის დაბრუნება რუსეთის მხრიდან რამდენად სამართლიანია, ეს ცალკე თემაა. არანაირად სამართლიანი არ არის, დღევანდელი რუსეთი არანაირად არ წარმოადგენს მაშინდელი რუსეთის სამართალმემკვიდრეს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
მასივე განმარტებით, რომელ რეფერენდუმზეა საუბარი, როცა ალასკაში რუსების რაოდენობა მცირეა. სულ რაღაც 2-3 სოფელია რუსული. ამიტომ ანალიტიკოსი ასკვნის, რომ რუსეთის დუმაში ნახევრად კომიკური ფიგურები არიან, ყველგან გაჩნდა ასეთი კომიკური პიროვნებები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტშიც, რომლებიც უცნაურ განცხადებებს აკეთებენ.
„მოდური გახდა ასეთი გამოხდომები. ჯერ საერთოდ ყირიმის წაღება რა იყო, ან კიდევ დონბასის, ხერსონის ოკუპირება, რასაც რუსები ლეგიტიმურად თვლიან და ახლა წარმოიდგინეთ, ალასკასთან დაკავშირებით, რომელიც ასი წლით იყო მიყიდული, ეგრევე თავში მოუვიდათ, მისი დაბრუნება ლეგიტიმურიაო. აბსოლუტურად მოწყვეტილნი არიან ყოველგვარ რეალობას“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას მიიჩნევს, რომ ალასკაზე გალაშქრება რუსეთის მხრიდან ეს არის მხოლოდ რიტორიკა, ცარიელი სიტყვები. ამას არავითარი რეალური სარჩული არ აქვს.
„რეალური საფრთხე ალასკას რუსეთისგან არ ემუქრება, ვინაიდან თავის დროზე რუსეთმა ეს ტერიტორია მიჰყიდა ამერიკას“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.