აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელი, ვიქტორია სპარცი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურს, ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიქტორია სპარცი წარმოშობით უკრაინელია, რომელმაც 9 ივლისის განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ერმაკის „საკითხის მოგვარებისკენ“ მოუწოდა. სპარცმა ბოლო განცხადებაში ახსენა, რომ სამხედროების მთელი ქვეყნის მასშტაბით დახმარების ძალისხმევის ნაცვლად, კიევი, ერმაკის მეთაურობით, „პოლიტიკას თამაშობს“.
სპარცი ერმაკზე წერს, რომ ის ჯერ კიდევ ზამთარში უნდა გადამდგარიყო, რადგან უკრაინის მთავრობას არწმუნებდა, თითქოს რუსეთიდან თავდასხმა არ იქნებოდა. აშშ-ს კონგრესმენი ერმაკს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროდ, იმ შეშფოთებების მოგვარების ნაცვლად, რომლებიც გასულ კვირას წამოვჭერი, ბატონმა ერმაკმა ჩემს წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო. ბევრ ამერიკელსა და ევროპელს ჰქონდა სერიოზული შეშფოთებები ბატონ ერმაკთან რაღაც დროის განმავლობაში. ერმაკი სახელმწიფო მოღვაწე რომ იყოს, ის ზამთარში გადადგებოდა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელმძღვანელობას არწმუნებდა, რომ რუსეთიდან თავდასხმა არ იქნებოდა, რამაც უკრაინის მზადყოფნა შეამცირა. თუმცა, არასდროსაა სწორი საქმის გაკეთება გვიანი“, - წერს სპარცი.
როგორც სპარცი საკუთარ განცხადებაში წერს, მის მიერ ამ საკითხის წამოყენებაში პოლიტიკური სარგებელი არაა და ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი შეშფოთების გამო აკეთებს.
სპარცმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ შეაფერხებს. მისი აზრით, სწორედ არსებული პრობლემა არის შეიარაღებით დახმარების შემაფერხებელი ფაქტორი და მისი გადაჭრა პროცესს დააჩქარებს.
„მას შემდეგ, რაც ჩემი შეშფოთებები გამოვხატე, ბატონი ერმაკის მარიონეტებმა დამაბრალეს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური სარგებლისთვის წამოვჭერი. ასეთ ბრალდებას გააკეთებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ამერიკის არჩევნების პოლიტიკა არ ესმით. ამაში პოლიტიკური სარგებელი არაა, მაგრამ ეს არის სწორი საქციელი. მას შემდეგ, რაც რაღაც დროის განმავლობაში ამ საკითხის შიდა გადაჭრას ვცდილობდი, მნიშვნელოვანი შეშფოთების გამო საჯაროდ წამოვაყენე“, - წერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელი.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ანდრეი ერმაკის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამერიკის კონგრესში გარკვეული ეჭვების ქონის საფუძველი ნამდვილად არსებობს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მისი გუნდი ყველა ვითარებაში გამოსცადა და ენდობა მას.
„ალბათ, კონკრეტულ კონგრესმენებში იყო გარკვეული ეჭვები ერმაკის მიმართ, რადგან თავის დროზე, როდესაც პირველად გაიმარჯვა ზელენსკიმ, ერმაკს აბრალებდნენ, თითქოს მან მოაწყო შეხვედრა დუბაიში პრეზიდენტ ზელენსკისა და რუსეთის ფედერაციის მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანს შორის. მაშინ საეჭვოდ დაემთხვა ზელენსკის ვიზიტი დუბაიში და ა.შ. თუ ეს შეხვედრა შედგა, ამაში უჩვეულო არაფერი იყო, რადგან ზელენსკი ახლადარჩეული პრეზიდენტი იყო. მისი წინასაარჩევნო ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ ის დაასრულებდა იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებდა, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარეობდა. თქვა, რომ მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით დაარეგულირებდა ვითარებას. ვფიქრობ, ეს შეხვედრა სწორედ ამ ხაზის განვითარებას ემსახურებოდა.
კიდევ იყო საუბარი მის კავშირებზე ბელორუსის პოლიტიკურ ელიტასთან. კონგრესმენების ასეთი დამოკიდებულება გასაგებია, მათ უნდათ დარწმუნდნენ, რომ ის ადამიანი, რომელიც ასეთი მაღალი დონის სახელმწიფო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელია, ჰქონდეს სუფთა რეპუტაცია.
ზელენსკი, სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მოვიდა როგორც ერთიანი გუნდის წევრი, მისთვის გუნდური სოლიდარობა ბევრად ფასობს. ბენებრივია, ზელენსკი ენდობა თავის გუნდს და ამ გუნდის გარეშე მას გაუჭირდება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ასევე, მან თავისი გუნდის წევრები გამოსცადა ყველა ვითარებაში“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.
ასევე უნდა ითქვას, რომ 9 ივლისის განცხადებაში სპარცმა ერმაკის წინააღმდეგ 6 მძიმე ბრალდება წამოაყენა, რომელთა მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს და კორუფციასთან ბრძოლას აფერხებს:
ბელარუსისთვის და, რაც მთავარია, რუსეთისთვის ინფორმაციის გაჟონვა უკრაინის მიერ ვაგნერის ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით, რამაც მის (ოპერაციის) წარუმატებლობამდე მიგვიყვანა;
ომამდე რუსეთთან წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების ცუდი მართვა;
უკრაინის ხელისუფლების დარწმუნება, რომ ამ თებერვალში რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ იქნებოდა, დასავლური დაზვერვის საწინააღმდეგოდ, რათა უკრაინისთვის ომისთვის კარგად მომზადებაში ხელი შეშლოდა;
საბოტაჟი ხერსონში და მისი რუსეთისთვის გადაცემა, რათა „აზოვის“ ბატალიონის ტრაგედია მოწყობილიყო;
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით სასწრაფოდ საჭირო სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის შენელება და უსაფუძვლო, მეტიც, უკანონო მოთხოვნების წაყენება;
დეპუტატი ოლეგ ტატაროვის მეშვეობით დამოუკიდებელი ანტიკორუფციის პროკურორის დანიშვნის განზრახ გაჭიანურება.
სპარცი ერმაკისგან ამ ბრალდებებთან დაკავშირებით პასუხს ელოდა, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადებას ასევე განცხადებით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, რომელიც წერდა, რომ სპარცის სიტყვები აშშ-ს პოლიტიკაში „რუსული პროპაგანდის კლასიკური ნარატივის დაბრუნების მცდელობა“ იყო.