პერსონალიზებულ-პროპორციული სისტემა, როგორც „დეოლიგარქიზაციისა“ და „დეპოლარიზაციის“ კონსენსუსით მისაღწევი ეფექტიანი გზა

პერსონალიზებულ-პროპორციული სისტემა, როგორც „დეოლიგარქიზაციისა“ და „დეპოლარიზაციის“ კონსენსუსით მისაღწევი ეფექტიანი გზა

მიმდინარე მძაფრ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებულ „12 პუნქტიან დღის წესრიგში“ კიდევ უფრო გამწვავდა, ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია საარჩევნო სისტემის საკითხს. ეს საკითხი, გარდა იმისა, რომ პარტიულ-პოლიტიკური წინააღმდეგობების და პოლარიზაციის შემდგომი ესკალაციის სერიოზულ წყაროს წარმოადგენს, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემისათვის, არამედ, რაც მთავარია, ამომრჩეველთა ინტერესებისათვისაც. ამ საკითხის სიმწვავე, ამჟამად, უკავშირდება დისკუსიას საარჩევნო ბარიერის გამო, რაც რეალურად უფრო მეტად პარტიათა შორის ხელისუფლებისათვის გაჩაღებული სასტიკი და, ხშირად, უწესო ბრძოლის გამოხატულებაა, ვიდრე უფრო სამართლიანი და ამომრჩეველთათვის უკეთესი საარჩევნო სისტემისათვის ზრუნვა.

ქართული კლუბი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა აიგოს არა პარტიების, არამედ სწორედ ამომრჩევლეთა, ე.ი. საუკეთესო და უმნიშვნელოვანესი ინტერესების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. როგორც ხელისუფლების განაწილება, ასევე ქვეყნის პოლიტიკური სტაბილობა უწინარეს ყოვლისა, სასიცოცხლოდ დაკავშირებულია სწორედ ამომრჩეველთა ინტერესების უკეთ რეალიზაციასთან.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი მწვავე პოლიტიკური დებატები გამართულა, თუმცა ვერ ხერხდება ამ სისტემის თაობაზე შეთანხმება და რაც მთავარია, არც ერთი პოლიტიკური პარტია ჯეროვნად ვერ ან არ ითვალისწინებს ამომრჩევლის ფუნდამენტურ ინტერესს, რომ სწორედ მისთვის და არა მხოლოდ პარტიებისათვის უნდა შეიქმნას უკეთესი საარჩევნო გარემო და უკეთესი პირობები, რათა ამომრჩეველმა უფრო თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას მიეცეს მეტი შესაძლებლობა, ვიდრე დღეს აქვს, გააკეთოს სრულად გაცნობიერებული არჩევანი, რითაც უფრო ეფექტიანდ მიიღებს მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელებაში.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მთლიანად უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და თუკი კანონმდებლობა არ შეიცვალა, არჩევნები გაიმართება პარტიული, რანგირებული სიებით.

რასაკვირველია, მაჟორიტარული სისტემის უარყოფა დაკავშირებულია მის არსებით ნაკლთან, რის გამოც არჩევნების შედეგებზე არ აისახება ამა თუ იმ ოლქში უმცირესობაში დარჩენილი ამომრჩევლის ნება. ეს არგუმენტი უთუოდ გასაზიარებელია, რადგან სამართლიანობა მოითხოვს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ყოველი ამომრჩევლის ხმას გააჩნდეს რეალური გავლენა არჩევნების შედეგებზე. მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში ეს ძალზე რთულია, პრაქტიკულად - შეუძლებელიც, ამიტომ უფრო სამართლიანად მიჩნეულია პროპორციული სისტემა, როცა მანდატები პარტიებს შორის ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად და აქ ამომრჩევლის უმცირესობასაც აქვს შესაძლებლობა ღირსეულად იყოს წარმოდგენილი შესაბამის არჩევით ორგანოში. მაგრამ, ამავდროულად, პროპორციულ არჩევნებს, განსაკუთრებით, რანგირებული პარტიული სიებით, ახლავს ძალზე არსებითი ნაკლი: პარტიული სია დგება და „ლაგდება“ ამომრჩევლის ნებისგან სრულიად დამოუკიდებლად, მხოლოდ პარტიის, პრაქტიკულად კი პარტიის ხელმძღვანელთა ვიწრო წრის გადაწყვეტილების შესაბამისად; ამასთან, არსებობს დიდი რისკი, დღეისათვის კი, განსაკუთრებით დამძიმებული „აღქმა“, რომ ამ დროს „ჭარბი ზეგავლენის“ მქონე სუბიექტებს - ე.წ. ოლიგარქებს გააჩნდეთ ფართო შესაძლებლობა განსაზღვრონ პარტიული სიის შემადგენლობაცა და რანგირებაც, ხოლო ამ რანგირებული სიებით შეუზღუდონ არჩევანი და ფაქტიურად, თავიანთი ნება-სურვილი მოახვიონ თავს არა მხოლოდ პარტიას, არამედ ამომრჩევლებსაც. გარდა იმისა, რომ ამომრჩევლისათვის დიდწილად ანონიმური და გაუცხოებული რჩებიან რანგირებული სიის შუა და ქვედა ნაწილში შეყვანილი პერსონები, რაც არსებითად ამცირებს ასარჩევ კანდიდატთა შესახებ ინფორმირებულობის ხარისხს, ასევე ზღუდავს თავად ასარჩევთა შორის საუკეთესოს გამოვლენის შესაძლებლობას. მართლაც, ასარჩევნი უკვე წინასწარ არიან რანგით ჩამოწერილნი, მანდატები სიის შიგნით პრაქტიკულად უკვე განაწილებულია, ხოლო თუკი სიაში, რომელიმე ამომრჩევლისათვის, ვთქვათ, სიის ნომერი ოცი სიის ნომერ ათს ბევრად ჯობს, ამომრჩეველს კი არა აქვს შანსი, რომ ასარჩევ ორგანოში ეს ნომერი ოცი შეიყვანოს და არა ნომერი ათი. სამართლიანობა და ამომრჩევლის ინტერესი მოითხოვს, რომ არჩევანი კეთდებოდეს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ამ პარტიების პერსონებს შორისაც; აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაში გზა მიეცეთ ე.წ. დამოუკიდებლებსაც, რომლებიც არც ერთ პარტიას არ მიაკუთვნებენ თავს, როგორც ეს იგივე მაჟორიტარულ არჩევნებშია შესაძლებელი.

ქართულ კლუბს მიაჩნია, რომ სწორედ ამომრჩეველთა ინტერესებიდან გამომდინარე, რაც თავისთავად არის უმნიშვნელოვანესი პირობა როგორც პოლიტიკური სტაბილობისა, ასევე - პარტიულ-პოლიტიკური სისტემის არსებული კრიზისიდან გამოყვანისა, პოლიტიკოსებსა და ამომრჩევლეთა შორის მზარდი გაუცხოების დაძლევისა, ყველაზე სამართლიანი იქნება პერსონალიზებული პროპორციული საარჩევნო სისტემის - რაც ე.წ. გერმანული მოდელის სახით არის ცნობილი - შემოღება. ასეთი სისტემა საშუალებას მოგვცემს:

  1. ამომრჩეველმა უკეთ გაიცნოს წარდგენილი კანდიდატები, გააკეთოს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანი;
  2. არჩევანი გაკეთდეს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ამ პარტიების წარმომადგენელ პერსონებს, პოლიტიკოსთა შორის;
  3. პოლიტიკოსობის შანსი მიეცეთ უპარტიოებსაც, ანდა „მცირე“ პარტიების წარმომადგენლებსაც, რომელთაც პროპორციულ არჩევნებში ან სულ არა აქვთ ანდა ძალიან ნაკლები შანსი აქვთ;
  4. დაიძლიოს გაუცხოება პარტიასა და ამომრჩეველს, პარტიასა და პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებსა და ამომრჩევლებს შორის, რადგან თავად ამომრჩეველი მოახდენს კანდიდატთა სიის რანგირებას; ხოლო ამ გაუცხოების დაძლევა წარმოადგენს „დეპოლარიზაციის“ საუკეთესო გზასაც;
  5. მიღწეული იქნას ბალანსი და ერთ სამართლიან სისტემაში იქნეს კონსოლიდირებული როგორც მაჟორიტრული ისე პროპროციული სისტემის საუკეთესო თვისებები, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემის ის უპირტესობა, რომ ხმას ვაძლევთ კონკრეტულ პერსონას, კონკრეტულ პოლიტიკოსსა და არა მეტწილად ანონიმურ, ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად უკვე რანგირებულ სიას; ამავე დროს გამოყენებული იქნეს პროპროციული სისტემის ის უპირატესობა, რომ მანდატები ნაწილდებოდეს სამართლიანად, მიღებული ხმების პროპროციულად და ამ დროს უმცირესობის ხმები „წყალში არ ჩაიყაროს“;
  6. რადგან სიის რანგირება ხორციელდება თავად ამომრჩევლის მიერ, ასეთი სისტემა შეიძლება განხილული იქნას, როგორც არასასურველი, ნეგატიური „ჭარბი ზეგავლენის“ ძალზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ანუ სწორედაც რომ - „დეოლიგარქიზაცია“;
  7. პერსონალიზებულ-პროპორციული სისტემა არა მხოლოდ ზღუდავს ასეთ „ოლიგარქიულ“ „ჭარბ ზეგავლენას“, არამედ პარტიებს უჩენს ძალზე სერიოზულ, მკაფიო მოტივაციას, რომ სიის შედგენისას მეტი აქცენტი გააკეთონ პერსონებზე, მეტი პასუხისმგებლობა გაუჩნდეთ ასეთი პერსონების, ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსების კანდიდატებად შერჩევისას, ვინაიდან არსებითი ხდება არა მხოლოდ სიის ე.წ. პირველი ნომრების, არამედ სიაში შეტანილი, კანდიდატად წარდგენილი ყოველი პერსონის რეპუტაცია და თითოეული მათგანის „პოლიტიკური წონა“; საბოლოო ჯამში ეს იქნება ეფექტიანი პირობა, რომ მნიშვნელოვნად განვითარდნენ პარტიები, დაძლეული იქნას პარტიულ-პოლიტიკური სისტემის მთავარი სენი - კლიენტელიზმი, მისი მავნე პრაქტიკა, პარტიები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური პერსონების ისეთ გაერთიანებებად, რომელთაც აქვთ შესაბამისი „პოლიტიკური კაპიტალი“, სახელი და ამომრჩეველთა ნდობის შესაბამისი ხარისხი, რომელთაც ობიექტურად, ამომრჩეველთა ნების მიხედვით და არა მხოლოდ „პატრონის“ დამსახურებით და მის ხარჯზე ექნებათ თავისი პოლიტიკური „წონა“ და შესაბამისი გავლენა ქვეყნის პოლიტიკური ნების ფორმირებაზე.

სწორედ კლიენტელიზმის დაძლევა, პოლიტიკაში საკუთარი „კაპიტალის“ მქონე პერსონების მეტი ჩართვა და რაც მთავარია, ამომრჩევლის ნებაზე ამა თუ იმ პერსონის პოლიტიკური „წონის“ უშუალო, პირდაპირი დამოკიდებულება, არის საუკეთესო გზა პარტიების განვითარებისა და საქვეყნო, საჯარო ინტერესებზე მათი მეტი ორიენტირებულობისა, რაც საპარლამენტო წყობის პოლიტიკური სტაბილობის, ისევე როგორც - „დეპოლარიზაციის“ ყველაზე მყარი გარანტიაც იქნება.

ქართულ კლუბს, ზოგადი სახით ამგვარად წარმოუდგენია პერსონალიზებულ-პროპორციული სისტემის ქართული ვარიანტი, რაც „გერმანულ მოდელს“ ჰგავს, თუმცა მისი ასლი არ გახლავთ:

  1. ქვეყანა იმდენ საარჩევნო ოლქად, ე.ი. 150 ოლქად, იყოფა, რამდენი მანდატიცაა პარლამენტში. ოლქების ფორმირება ხდება ადმინისტრაციულ-ტერიტრიული დაყოფის შესაბამისად და იმ პრინციპით, რომ ოლქებში მეტ-ნაკლებად, რამდენადაც შესაძლებელია, თანაბარი იყოს ამომრჩეველთა რაოდენობა;
  2. კანდიდატების წარდგენა ხდება არა რანგირებული პარტიული სიებით. ამასთან, სიაში შეყვანილი თითოეული კანდიდატი წარდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთ და მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში; პარტიულ სიაში შეიტანება იმდენი კანდიდატი, რამდენი კანდიდატიც ჯამურად არის წარდგენილი ოლქებში, პარტიული სია არჩევნებში დაიშვება, თუკი მასში სულ ცოტა 100 კანდიდატი მაინც არის ოლქების მიხედვით წარდგენილი. თუ სიიდან არჩეულ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა, მის ადგილს დაიკავებს იმავე სიის ის კანდიდატი, რომელსაც მანდატი არ შეხვდა, მაგრამ ყველა სხვა კანდიდატთან შედარებით მეტი ხმა მიიღო;
  3. ამომრჩეველი ხმას აძლევს თავის ოლქში არა მთლიანად სიას, არამედ ამ სიის ოლქში წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატს, ისევე, როგორც ეს ხდებოდა მაჟორიტარულ არჩევნებში;
  4. მანდატები პარტიულ სიებს შორის მთლიანად პროპორციულად ნაწილდება; ამისათვის - ჯამდება პარტიის მიერ ყველა ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილეთა ჯამურ რაოდენობაზე; საარჩევნო ბარიერი დაწესებული არ არის; მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა; არა მთელი ნაწილების ჯამით განსაზღვრული ე.წ. „ზედმეტი“ მანდატების რაოდენობა იგივე პრინციპით ნაწილდება პროპორციულად, პარტიების მიერ მიღებული ხმების შესაბამისად.
  5. პარტიული სიის რანგირება ხდება თავად ამომრჩევლის მიერ - მანდატს რიგითობით პარტიულ სიაში მიიღებს ის კანდიდატი, რომელმაც თავის ოლქში ფართობითი მაჩვენებლით იმავე სიის სხვა კანდიდატებთან შედარებით მეტი ხმა მიიღო, ხოლო თუ ეს მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ უპირატესობა ენიჭება ხმების აბსოლუტურ რაოდენობას;
  6. ასეთ სისტემაში გამორიცხული არ არის დამოუკიდებელ კანდიდატთა მონაწილეობაც, ამისათვის ყველა დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც საინიციატივო ჯგუფის მიერ იქნება წარდგენილი ოლქში, შეიტანება დამოუკიდებელთა ერთიან სიაში, რომელიც ასევე, სხვა პარტიული სიების მსგავსად, მიღებული ხმების პროპორციულად მიიღებს მანდატებს. ხოლო მანდატები იმავე წესით განაწილდება დამოუკიდებელთა სიაში, როგორც ეს ხდება პარტიული სიების შემთხვევაში (გასათვალისწინებელია, რომ დამოუკიდებელთა სიაში შეიძლება შეტანილი იქნას კანდიდატთა განუსაზღვრელი რაოდენობა, ანუ იმდენი, რამდენიც იქნება საინიციატივო ჯგუფების მიერ მთლიანობაში წარდგენილი ყველა ოლქში).

ქართული კლუბი უახლოეს მომავალში მოამზადებს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის კონსტიტუციურ ცვლილებასაც, რაც ამგვარი სისტემის შემოსაღებად არის საჭირო. განზრახულია საკანონმდებლო წინადადების სახით ამ პაკეტის წარდგენა პარლამენტში.

ქართული კლუბს მიაჩნია, რომ ეს საკანონმდებლო წინადადება წარმოადგენს „დეპოლარიზაციისა“ და „დეოლიგარქიზაციის“ ყველაზე ეფექტიან და სამართლიანი პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად ეროვნული კონსენსუსის მიღწევის ყველაზე პერსპექტიულ გზას.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, უწინარესად „ქართულ ოცნებას“, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყოველ ქართველ მოქალაქეს, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას!

 

Maverick საინტერესო და მისაღებად მესახება ეს შემოთავაზება.
მთავარია დამთავრდეს პარტიული დიქტატურა საქართველოში!

ყავლგასული პარტიული გადაბერებული, კორუფციონერი ოლიგარქების ჯლიგინი პოლიტიკაში!

რაც მთავარია ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მესამე ძალის შემოსვლას პოლიტიკაში...
2 წლის უკან
ლაზი არ ვიცი, ტექნიკურად რამდენად დახვეწილია ეს სისტემა, მაგრამ პროპორციულით რომ, ტომარაში ჩაყრილი კატების არჩევა ხდება ცხადია. პროპორციული სიით ისეთი პერსონები ხვდებიან პარლამენტში, პარტიას მათი გამოჩენის რომ რცხვენია და ეშინია არჩევნების დროს. აბა დღევანდელ პარლამენტში, მაგიდებზე რომ ტიპები დარბიან, მაგათ, ვინმე ხმას მისცემდა?
2 წლის უკან