შესაძლოა თუ არა „ქართული ოცნების“ ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ვივარაუდოთ, რომ პარტია დაიშალოს, ან პარტიიდან წასულმა მისმა წევრებმა ახალი პოლიტიკური ძალა შექმნან? ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ჯერჯერობით ამაზე მტკიცებულებით ფორმაში საუბარი ნაადრევია. მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკაში უახლოეს მომვალში ისეთი სახეები ვიხილოთ, რომლებიც სრულიად არაპოლიტიკური ფიგურები არიან და საზოგადოება გაოცებული დარჩეს.
ბოლო რამდენიმე დღეა „ოცნების“ გარშემო მოვლენები სწრაფად ვითარდება. სამი დეპუტატის მიერ პარტიის დატოების შემდეგ „ოცნებას“ რეგიონებში სხვა წევრებიც ტოვებენ. რას ნიშნავს ეს, „ოცნება“ დაშლის საფრთხის წინაშე დგას?
- არ ვიფქრობ, რომ „ოცნება“ დაშლის პირას არის, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობის პარტიაა და
ისეთი ძლიერია, როგორც, მაგალითად, შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებში არ ყოფილა, ან მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა და მას ათასგვარ ჭორს და მითს მიაწერენ, კარგად გამოჩნდა, რომ ტყუილია. გვახსოვს ადრე გიორგი გახარიას პარტიაზეც ამბობდნენ, რომ მისი პროექტი იყო. ახლაც ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ივანიშვილის თამაშია და ეს ადამიანები პარტიას მისი მითითებით ტოვებენ. ეს ყველაფერი ყოველთვის მითების ჟანრში რჩება. ოპოზიციას რაც მოეპრიანება იმას იგონებს. თავად ოპოზიციას სურს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს, რაც არ მოხდება. რაც შეეხება ამ პროცესებს, როდესაც ცალკეული ჩინოსნები პარტიას ტოვებენ, ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ამას ნამდვილად არ აქვს მასობრივი და სისტემური ხასიათი. ბუნებრივია, პარტიაში ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება, ამიტომ ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.
ფიქრობთ, რომ „ოცნებიდან“ წამოსული ეს ადამიანები ახალი პარტიის შექმნას გეგმავენ? უნდა ველოდოთ ქვეყანში ახალ პოლიტიკურ ძალას? არსებობს ასეთი ვარაუდიც, რომ შესაძლოა, მათ გამოყენებას ივანიშვილი გარკვეული პოლიტიკური მანევრისთვის ცდილობს?
- ჯერჯერობით ამის თქმის საშუალება არ გვაქვს, რადგანაც ზუსტად არაფერი არ ვიცით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ქართველი ხალხი რომ პოლიტიკური პარტიების სიმრავლით და შექმნით განებივრებულები ვართ, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. შექმნიან თუ არა სოზარ სუბარი და მისი თანამოაზრეები ახალ პარტას, ეს ნამდვილად ამ ეტაპზე არ ჩანს. მოგეხსენებათ, რომ გაისადაც ჩვენ არჩევნები არ გვაქვს და ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. არანაირი სიგნალი სოზარ სუბარისგან და მისი თანამოაზრეებისგან არ მოდის. ვნახოთ, დაველოდოთ, გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. 2024 წლის არჩევნებს დაველოდოთ და გამოჩნდება ვინ რას აპირებს. უბრალოდ, მარჩიელობის სფეროში არ მინდა გადავიდე და ვთქვა, რომ პარტიას აუცილებლად შექმნიან. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით პოლიტიკური პროცესები როგორ წარიმართება, შესაძლოა, პოლიტიკურ ასპარეზზე სულ სხვა მოთამაშეები გამოჩდნენ, არა მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“, არამედ იმ პოლიტიკური სივრციდან, რომელიც საზოგადოებას ძალიან გააკვირვებს. ჯერჯერობით ამაზე პროგნოზის გაკეთება მიჭირს.
თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ისევ პოლიტიკაში შემოყვანა უნდა. თუმცა ვხედავთ, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ ოპოზიციას არ უნდოდეს და დასავლეთიც იყოს ამით დაინტერესებული. ის ვარაუდიც გამოითქმის, რომ ევროპას ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლა უნდა და „დებიძინიზაცია“ სწორედ ამას გულისხმობს. რა ხდება, შეიძლება კონკრეტულად რამის თქმა?
- ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ევროპარლამენტარის უმსგავსო განცხადება ე.წ. დებიძინიზაციაზე, რაც აბსოლუტურად უნამუსობაა, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური აქტორების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას, სიტყვისა და თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებას გვასწავლიან, ლაპარაკობენ იმაზე, რომ ადამიანმა თავისი სამშობლო უნდა დატოვოს. კარგი და სად უნდა წავიდეს? უკაცრიელ კუნძულზე წავიდეს და ქვეყანასთან კომუნიკაცა არ ჰქონდეს? თუ ჩარევა მოუნდება, დისტანციურად, ქვეყნიდან წასული ამას ვერ გააკეთებს? ეს აბსურდია და ამ განცხადებების ავტორთა ალოგიკურობაზე მეტყველებს. ისინი საერთოდ დემოკრატიულ პრინციპებს არიან აცდენილები და „ნაციონალების“ იმ გზავნილებს იმეორებენ, რომელიც მათგან უკვე დიდი ხანია გვესმის - კონკრეტულ პირობებზე საუბრობენ და არა იმ კანონპროექტებზე, რომელიც გარკვეულ პარამეტრებს შექმნის, რომ ვერც ერთმა მდიდარმა ადამიანმა პოლიტიკაში და მედიაში ჩარევა ვერ შეძლოს.
ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკუთარი ხედვა წარმოადგინა. ხოლო ოპოზიციის მეორე ნაწილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს და ამბობენ, რომ ამ პროცესებიდან დისტანცირება ქვეყანაში პოლარიზაციას კი არ აღმოფხვრის, კიდევ უფრო გაამწვავებს. როგორ ფიქრობთ, ვინ დგამს რეალურად ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად ნაბიჯებს?
- ჩვენ ევროპარლამენტარებისგან ვნახეთ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო დასკვნა დეკემბერში არ იქნება. ეს ნაცოპოზიციამ ისევ შებრუნებულად გაიგო. თუმცა ამის უკან სრულიად გამართული ლოგიკური ჯაჭვია. ისინი ხედავენ, რომ მმართველი გუნდი და სააკაშვილის ფლანგის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან. ამიტომ საქართველო რომ პოლიტიკურ ცაიტნოტში არ ჩააყენონ, ამისთვის ერთგვარი გადავადება მოხდა. გონივრული ვადები მოგვცეს იმისთვის, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. თუმცა კვლავ გავიმეორებ, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება წარმოუდგენელია. ამის შესრულებას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. თუ არ მოხდა ისევ ძალიან მძლავრი ჩარევა, შარლ მიშელის ან სხვების, ამ ეტაპზე ამ პუნქტის შესრულება ვერ წარმომიდგენია.
როგორც ჩანს, ეს ოპოზიციასაც ნაკლებად წარმოუდგენია, რადგანაც მოძრაობა „სირცხვილია“ პოლიტიკურად ცხელ ზაფხულს აანონსებს. პირობას დებენ, რომ ხელისუფლება მშვიდად ვერ იქნება. ისინი „ოცნებასთან“ არათანამშრომლურ ურთიერთობაზე გადადიან და ამბობენ, რომ მუშაობაშიც მმართველ გუნდს ხელს შეუშლიან. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების რა სახით განვითარებას ელით?
- წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოძრაობა „სირცხვილიას“ ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დამოუკიდებლად არიონ. გვახსოვს მათი 20 და 30-კაციანი ვითომ ხმაურიანი პროცესები, სადაც მედიის წარმომადგენლები უფრო ბევრნი იყვნენ, ვიდრე აქციის მონაწილეები. „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს თავად „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამუნათებენ. ამბობენ, რომ პირობების არშემსრულებლები და ვერც ულტიმატუმის მომთხოვნები არიან. აქედან გამომდინარე, ზოგი ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ „ცხელი ზაფხული“ კი არა, არამედ ცხელი „შემოდგომა“ გველის. თვითონ ოპოზიციაში ვერ ჩამოყალიბდნენ და ასეთი დეზორგანიზების პირობებში რა აქციების მოწყობას აპირებენ ვერ გეტყვით.