ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილ მომსახურების ტარიფების ინდექსაციაზე უარი უთხრა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კერძო სექტორი სამინისტროსგან შესაბამის გადაწყვეტილებას ივლისში ელოდა.
ტარიფების ინდექსაციას სამედიცინო სექტორი კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელის - ე.წ. DRG-ის ამოქმედებამდე ითხოვდა, რომელიც მთლიანად სექტორზე წლის ბოლოდან უნდა გავრცელდეს. როგორც აღმოჩნდა, ჯანდაცვის მინისტრი ახალ სისტემაზე გადასვლამდე ტარიფების გადახედვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ აცხადებს, რომ სახელმწიფოს აქვს მზაობა, კლინიკებს სამედიცინო სერვისები დაუფინანსოს, ოღონდ კლინიკებმა მაღალი ხარისხის მკურნალობა უნდა უზრუნველყონ.
„2030 წლამდე სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს, რომელ წელს, რა ეტაპზე უნდა ვიყოთ ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით. 2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95%-იან დაფარვაზე. ეს ნიშნავს, თუ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება, მათ დასახმარებლად. დღეს ეს ნიშნული არის სადღაც 70%-ის ფარგლებში.
რადგან ჩვენ გვაქვს მზაობა, დავუფინანსოთ ეს სამედიცინო სერვისები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სერვისები იყოს რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის და ხარისხის, რადგან დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობენ შესაბამის გარემოში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები და არის შესაბამისი მედიკამენტები გამოყენებული“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, DRG სისტემა საპილოტე რეჟიმში უკვე გაშვებულია და წლის ბოლომდე ყველა კლინიკაზე გავრცელდება.
„ჩვენი აზრით, ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან და ადკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე. ძალიან გული მწყდება, რომ კლინიკების მხრიდან აპელირება ხდება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და აუცილებელია, ხარისხი იყოს ადეკვატური. არაფინანსური ნაწილიც მოწესრიგდეს. კლინიკებმა ის სტანდარტები, რასაც მოვთხოვთ, ეტაპობრივად დააკმაყოფილონ.
ინდექსაციის შემთხვევაში არ ვიცით საიდან უნდა გამოვიდეთ, ინფლაციას უნდა მივებათ, არ მივებათ. მაგალითად, ახლა ითხოვენ რეანიმაციას მივაბათო, რატომ რეანიმაციას და არა სხვას? ეს რამდენიმეთვიანი პროცესია, რასაც გეგმის მიხედვით მივყვებით. ვფიქრობ, ამ პროცესს უნდა დაველოდოთ და ამის შემდეგ სამართლიანი ტარიფები იყოს.
არ უნდა იყოს ისე, რომ დღეს რაღაც ტარიფი შემოვიღოთ, მერე როცა DRG შემოვა, იმან შეიძლება გვაჩვენოს, რომ ეს ტარიფი შესამცირებელია და არასერიოზული გამოვა ჩვენი მხრიდან“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრის ეს განცხადება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა სამედიცინო ასოციაციისთვის, რომელიც 130 კლინიკას აერთიანებს. დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
„ველოდებოდით, რომ რეანიმაციის ტარიფებს მოჰყვებოდა აუცილებლად ინდექსაცია, ასე ვიყავით მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებული. არაერთხელ აღვნიშნეთ ასოციაციის წევრებმა, რომ ინდექსაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტის მომსახურების ხარისხზე ყველაზე მეტად აისახება სწორედ არასაკმარისი ტარიფები.
2013 წლის შემდეგ ჰოსპიტალური სექტორისთვის ხარჯების ზრდა განაპირობა როგორც იმპორტირებული ინვენტარის სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, ასევე კომუნალური გადასახადების ზრდამ. ტარიფები არათუ გაიზარდა, 2019 წლის 520-ე დადგენილების საფუძველზე შემცირდა და ხშირ შემთხვევაში მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი გაწეულ ხარჯს ვერ ფარავს.
მინისტრმა დღეს თქვა, რომ მნიშვნელოვანია პაციენტის მომსახურების ხარისხი. ხარისხის დარეგულირება მხოლოდ შემოწმებით არ მოხდება, შემოწმებაც უნდა მოხდეს სწორად გაწერილი გაიდლაინების და პროტოკოლების მიხედვით. ამაზე სერიოზულადაა სამუშაო და კანონმდებლობაში ცვლილებები შესატანია. რა თქმა უნდა, ვინც ვერ დააკმაყოფილებს, იმ სამედიცინო დაწესებულებამ აღარ უნდა მიიღოს საქმიანობის ნებართვა, ამას მივესალმებით, მაგრამ თუ არ მოხდება სწრაფად ინდექსაცია, ვერაფრით შეძლებენ სამედიცინო დაწესებულებები მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
მოვისმინეთ, რომ თურმე ინდექსაცია არ მოხდება და 9 თვე ტყუილად ველოდეთ. სექტორი შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე. რა თქმა უნდა, ეს დიდი დარტყმა იქნება იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობენ“, - აღნიშნა სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელმა.