„იაგო ხვიჩიას ეს განცხადება უფრო მიხეილ სააკაშვილთან სტუმრობის შედეგი იყო, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნაზე ფიქრი“

„იაგო ხვიჩიას ეს განცხადება უფრო მიხეილ სააკაშვილთან სტუმრობის შედეგი იყო, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნაზე ფიქრი“

იმის ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არაერთი მოთხოვნა გვესმის „ქართული ოცნების“ მისამართით. იმის მაგივრად, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან ერთად დაჯდეს და ეძებოს გზები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ევროპული წინსვლა, გვესმის უსაგნო საუბარი და მსჯელობა.

ოპოზიციის წყალობითა და შეწევნით, ევროპული პერსპექტივის მიღების საკითხს კიდევ ერთხელ მიება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის თემა. ამ ერთგვარი ინიციატივის ავტორი ამჯერად, „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიაა, რომელმაც 11 ივლისს „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, თქვა, რომ წრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე, მისი ექსტრადირება მოხდეს უკრაინაში.

იაგო ხვიჩიას თქმით, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია, შესაბამისად პასუხების მიღება პარტიის ლიდერისაგან სურს.

„მაქვს მოლოდინი სერიოზული საუბრის იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და რა არის მის საუკეთესო ინტერესებში. მაინტერესებს როგორ უყურებს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, მოვლენებს, რომელიც ხდება ქვეყანაში და როგორია მისი თვალით დანახული ოპტიმალური გამოსავალი. ბევრჯერ ვცადე გამეგო „ნაციონალური მოძრაობის“პოზიცია, რომელიც ყოველთვის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, მსურს ვუთხრა ჩემი მოსაზრება, როგორ წარმომიდგენია მისი გათავისუფლება ციხიდან. როდესაც პირდაპირი დისკუსია არის შესაძლებელი, შუამავლების გარეშე უნდა ვისაუბროთ.

სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს უკრაინაში. ამის სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის თანხმობით უნდა შევასრულოთ ის პირობები, რომელიც ევროპელებმა გვითხრეს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო გადაყვანას არ გამორიცხავს, თუმცა აქვე აღნიშნვს, რომ ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს „ქართულ ოცნებაზე“ დასავლეთის ზეწოლა.

„არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს უკრაინაში, თუ ევროკავშირის მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაძლიერდება, სხვა შემთხვევაში, ის ისევ დარჩება საპატიმროში. ან შესაძლოა მოხდეს ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. თუ ზეწოლა არ იქნება, „ოცნება“ არ წავა დათმობაზე და არ გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდება, თუკი უკრაინული მხარე მის გადაცემას მოითხოვს, რისი მზაობაც ამ ეტაპზე არ არის.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იაგო ხვიჩიას ეს განცხადება უფრო მიხეილ სააკაშვილთან სტუმრობის შედეგი იყო, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნაზე ფიქრი. ეს საკითხი ადრეც არაერთხელ ამოტივტივდა, სააკაშვილი დავიტოვოთ თუ გავუშვათ?! რაც შეეხება ევროკავშირის საკითხს, ვფიქრობ, იქ დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს ეს ნაბიჯი. თუმცა, მეორე მხრივ, უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ალბათ, მნიშველოვანია, რომ უკრაინამ რაღაც ინიციატივა გამოიჩინოს. ექსტრადირების მოხდენას სულ მცირე უკრაინისგან მოთხოვნა უნდა და მეეჭვება, რომ ასეთი ნაბიჯი უკრაინამ გადადგას.

ნებისმიერი სახის გაყვანა საქართველოდან, შეიძლება შენიღბული ფორმა აღმოჩნდეს იმისა, რომ სააკაშვილმა აიცილოს მიკუთვნებული სასჯელი. მომავალში შეეცდებიან სააკაშვილი დარჩეს საქართველოში და არ გაუშვან სხვა მიმართულებით. „ქართული ოცნება“ ალბათ, თავის ამომრჩეველსაც უწევს ანგარიშს, რადგან ასეთი ჰუმანიზმი სააკაშვილის მიმართ, „ოცნების“ ამომრჩევლებისთვის შესაძლოა, არ იყოს მისაღები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ოჯახის მოთხოვნას, მათი პოზიცია უცვლელია. მათი განცხადებით, ერთადერთი გამოსავალია, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ აღნიშნა, ოჯახი მაქსიმალურად ეცდება, რაც შეიძლება მალე გადაიხედოს ყოფილი პრეზიდენტის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ იმისთვის, რომ სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს. გიორგი სააკაშვილის თქმით, კლინიკა „ვივამედში“ მაქსიმალური კეთდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა, რაც ადგილზე არ არის.

„რამდენიმე დღის წინ ვიყავი შესული, ვიზუალურადაც ვნახე, როგორ მდგომარეობაშია. სისუსტე აქვს მკაფიოდ გამოხატული, ადვილად იღლება. მადლობას ვუხდი „ვივამედის“ თითოეულ ექიმს, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქ ორი თვეა იმყოფება და უკეთესობისკენ არ მიდის, უბრალოდ გადასხმების, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე შენარჩუნებულია, რომ უფრო არ დამძიმდეს მდგომარეობა, მაგრამ ეს ოჯახისთვის არაფერს ნიშნავს. ჩვენ გვინდა მიშას ვხედავდეთ ჯანმრთელს, ისეთივე ენერგიულს, როგორიც წლების განმავლობაში იყო. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე გადაიხედოს საზღვარგარეთ მისი ტრანსპორტირების საკითხი, რომ სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდეს, რომელიც კონკრეტულად იმ დაავადების აღმოსაფხვრელად არის საჭირო, რაც მიშას დღესდღეობით გააჩნია“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.