ყოველ კრიტიკულ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილს ურჩევენ პოლიტიკაში დაბრუნებას და ამით საკუთარი და ქვეყნის იმიჯის გადარჩენას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ერთხელ უკვე ნათქვამი საკუთარი გადაწყვეტილების ერთგული რჩება: „მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას, თუკი რაღაც უბედურება დატრიალდა საქართველოში“...
ბიძინა ივანიშვილის ინტერპრეტაციით, მეორედ მოსვლა მაშინ იქნება, თუ საოცრება მოხდება, ანუ დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოახდენს მსგავს უზურპაციას ხელისუფლების, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. ასე რომ, 2013 წელს პოლიტიკიდან წასული ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნების ზარი ჯერ არ დარეკილა.
ივანიშვილი მშვიდად ისმენს მისი და მისი გუნდის მისამართით ნასროლ სიტყვებს „დეოლიგარქიზაცია“, „დებიძინიზაცია“, „დეკობახიზაცია“, „დეპოლარიზაცია“, „არაფორმალური მმართველობა“ და არავინ იცის, რას აპირებს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი პირობების წარმატებით შესრულების ერთადერთი შანსი, მასში პირადად ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაა, არ აქვს მნიშვნელობა, ბიძინა ივანიშვილი ამას პოლიტიკოსის რანგში გააკეთებს, თუ „20/30“-ის სახელით. გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი დანიშნა ისტორიამ და პოლიტიკურმა რეალობამ პროცესზე პასუხისმგებლად და სწორედ მან უნდა იკისროს ეს როლი, სხვა პარტიულ და სამოქალაქო ლიდერებთან ერთად. ეს არის ივანიშვილის ვალდებულებაც და შანსიც, უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოების და კეთილდღეობის დაცვა, რასაც შეიძლება ცოტა ხანში შეუქცევადი საფრთხე დაემუქროს, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო ინტერესებზე.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარე და შიდა ძალების მიერ წამოწყებული კამპანიის მიუხედავად, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი არ ურჩევს ივანიშვილს, დაბრუნდეს პოლიტიკაში.
„პოლიტიკაში მისი დაბრუნება, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ შეიქმნა, არასასურველია. ბიძინა ივანიშვილის გავლენა იმდენად დიდია, რომ სჯობს, იგი პოლიტიკაში არ დაბრუნდეს. ამ ხნის განმავლობაში მმართველი პარტია შესამჩნევად გაიზარდა, ნელ-ნელა ვითარდება და, საბოლოო ჯამში, შედგება, ჩამოყალიბდება, როგორც გამართული ინსტიტუცია. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს, რადგან ბიძინას სოციალური კაპიტალი ძალიან დიდია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.
კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს არ აქვს სანდო ინფორმაცია იმის თაობაზე, დღესდღეობით რა სახით მონაწილეობს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, ან საერთოდ მონაწილეობს თუ არა. For.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ, მართალია, გვეუბნებიან, თითქოს ივანიშვილი განსაზღვრავს პოლიტიკას, მაგრამ შეუძლია კი ვინმეს თქვას, რა კონტაქტები აქვს მმართველ პარტიას ბიძინასთან?! მონაწილეობს თუ არა ის მართლაც პოლიტიკის განსაზღვრაში?!
„თუკი პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს, მაშინ პოლიტიკაში მისი დაბრუნება რა საჭიროა? ანუ თუკი მისი გუნდის წევრები ისედაც იგებენ მის მოსაზრებებს, თუკი ხვდებიან ბიძინა ივანიშვილს, მაშინ უკვე ის ისედაც პოლიტიკაში ყოფილა და დაბრუნება რაღას ნიშნავს? როცა ბიძინა ივანიშვილს დაბრუნებას ურჩევენ, რას გულისხმობენ? არავინ იცის, მმართველ გუნდს ივანიშვილთან სისტემური კონტაქტები აქვს, თუ პერიოდული, როცა შეიძლება ერთხელ ჩავიდნენ მასთან და მოინახულონ. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის ძირითადი მიმართულება უკვე განსაზღვრული აქვს პრემიერად ყოფნის დროს. მანამდეც, როცა მოვიდა პოლიტიკაში „ქართული ოცნება“, მაშინ ბიძინამ თქვა, რატომ არ შეიძლება, საქართველო დასავლეთშიც იყოს და რუსეთთანაც ჰქონდეს კარგი ურთიერთობაო?! ძალიან კარგად მახსოვს ეს სიტყვები. ეს ხომ უკვე არის სახელმძღვანელო, რა საჭიროა ყოველ წუთას ამის გამეორება? პიროვნულად იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს მმართველ გუნდზე, რომ მის ნათქვამს ყველა გაიზიარებს“, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.
მისივე მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ნიშნავს, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, დასავლეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს. რთულია იმის თქმა, მმართველ გუნდს უშუალო კონტაქტები დღესაც აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილთან, თუ, უბრალოდ, მათი პოლიტიკა გამომდინარეობს იმ პრინციპებიდან, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა მათ გაუზიარა.
ასე რომ, ავთანდილ დემეტრაშვილი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი არც დაბრუნდება პოლიტიკაში, უბრალოდ, მისი გავლენა შეიძლება შენარჩუნდეს.