პარლამენტის შემდეგ საკრებულო - ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლაში, ახალციხესა და გორში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს - საუბარია მიხეილ ყაველაშვილზე, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარზე.
ამასთან, საკრებულოს წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ იმ განცხადების გამო, რომლითაც დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისდამი განკუთვნილ საჯარო წერილს გამოეხმაურა. როგორც „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი წევრები ამბობენ, ქართველმა ხალხმა კარგად იცის როგორია ომის ფასი, რომლისკენაც, რადიკალურ ძალებს სურთ უბიძგონ ჩვენს ქვეყანს. მათივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ამერიკის ელჩი ემიჯნებოდეს მათ და ყველა მსგავს ძალას და მცდელობას, სამწუხაროდ, საპირისპიროდ მოქმედებს.
ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილის, ნიკა სამხარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძეს და სოზარ სუბარს სჭირდებათ მხარდაჭერა ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე.
„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი“, - აღნიშნა ნიკა სამხარაძემ.
უმრავლესობის ყოფილი წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, „ოცნების“ წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ. როგორც ხუნდაძე აცხადებს, სწორედ ეს არის სამშობლოს სიყვარული, როდესაც თანამდებობაზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებ.
„ოპონენტების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის საფარქვეშ, ცდილობენ მხოლოდ ხელისუფლებაში მობრუნების ინტერესით იხელმძღვანელონ და „თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“. მათი ძირითადი იარაღი არის ცინიზმი და შეურაცხყოფა, რაშიც პარტიული ტელევიზიების ჟურნალისტებიც არ ჩამორჩებიან. სწორედ ეს არ არის დასავლური სტანდარტი და ის ხელს უშლის ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისკენ სვლას და დეპოლარიზაციის შემცირებას.
მივმართავ ყველას, ვინც ასეთ ანტიდემოკრატიულ ქმედებას სჩადის. გთხოვთ, პატივი სცეთ თქვენგან განსხვავებულ აზრს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს თქვენთვის. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რომ „ოცნებიდან“ დეპუტატების გასვლა შემთხვევითი პროცესი იყოს. მისი თქმით, შეიძლება „ქართული ოცნების“ წიაღში რაღაც კონტურები ჩნდება.
„ისინი, ვინც ახლა „ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ, არ ტოვებენ ისეთ შთაბეჭდილებას, რომ არიან ადამიანები, რომელთაც მწვავე რეაქცია ექნებოდათ კელი დეგნანის წერილზე ან უცხოელების სხვა საქციელზე. შეიძლება „ქართული ოცნების“ წიაღში რაღაც კონტურები ჩნდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ მე-4 გამარჯვებისთვის უნდა ჩაებას, რაც ძალიან იშვიათია.
იქამდე 2 წელია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ გაჩნდნენ „ოცნებისტი“ ისეთი ჯგუფები, რომელთაც „ოცნება“ არ ერქმევა. ამას იმ ვერსიის ფარგლებში ვვარაუდობ, თუ ეს ჩაფიქრებული პროცესია, რათა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ჯგუფი. ისედაც ვიცით, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს სხვა სახელით მოქმედებს, რეალურად „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის გამოყოფილი. კრიტიკულ შემთხვევებში ისინი ამას ამჟღავნებენ კიდევაც. ანალოგიური პროცესი შეიძლება იყოს აქაც“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
იგივე პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი არ დასრულდება და სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგივე პროცესი გაგრძელდება. ძაბირაძეს არ სჯერა, რომ სამეული „ოცნებას“ აუჯანყდა, თუმცა მისი თქმით, არის მეორე მხარე, როდესაც საზოგადოებაშიც არის ის განწყობა, როგორიც ამ სამეულს აქვს.
„ცარიელ ნიადაგზე ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ეს ამომრჩეველი „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება აღმოჩნდეს დაკარგული. ამიტომ, ის ხმები რომ არ დაიკარგოს, უნდა შეიქმნას ახალი პარტია. პარტიის შექმნას სჭირდება სტრუქტურა, სტრუქტურას სჭირდება რეგიონებში ჯგუფების შექმნა. ძალიან მარტივია, გამოიყო ხალხი, რომლებიც გარკევული ვადის შემდეგ შექმნიან პარტიას. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოჩნდებიან რომლებიც გაემიჯნებიან „ქართულ ოცნებას“ და მხარს დაუჭერენ ამ სამეულს. შესაბამისად, არჩევნებზე წაიღებს იმ ხმებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამერიკულ და დასავლურ მიმართულებას, მაგრამ ეს არ იქნება „ოცნების“ ოპოზიცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.