კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა კვლავ იმატა და სპეციალისტები კოვიდ-19-ის მორიგ ტალღასა და აფეთქებაზე საუბრობენ. ამის ფონზე, იმასაც აღნიშნავენ, რომ რეკომენდირებულია პირბადის ტარების აუცილებლობა დაბრუნდეს დღის წესრიგში, განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სადაც ვირუსის გადამდებლობა ძალიან მაღალია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში დამძიმდა და ამის მიზეზად მედიკოსები ვირუსის ახალი ქვეშტამის გამოჩენას ასახელებენ.
ექიმი-ინფექციონისტი, ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბარში პირბადის ტარების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან.
„კორონავირუსის ახალ შტამს ძალიან მაღალი გადამდებლობა აქვს. ყველა შტამი, რაც აქამდე იყო, ყველა არის გრიპი, უბრალოდ სახელი აქვს სხვადასხვა. ადამიანები, რომლებიც პირბადეს იყენებენ, ისინიც კი, დაინფიცირდნენ. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევამციროთ კონტაქტი სავარაუდო ინფიცირებულთან. ალბათ, პირბადის ტარების აუცილებლობა უნდა დაბრუნდეს. 1000-მდე ახალი შემთხვევაა, შეიძლება ერთგვარი „აფეთქებაც“ ვუწოდოთ ამას და მცირე ეპიდემია. ის მომენტი, რომ ბევრი ადამიანი არ იღუპება, როგორც ადრეულ შემთხვევებში, მსუბუქად განაწყობს ადამიანებს, თორემ სხვა მხრივ, ჩვენ უკვე სერიოზულ რიცხვთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა პირბადის ტარების აუცილებლობასთან ერთად, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე საუბრობს:
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების მიზეზი არის ის, რომ ახალი ქვეშტამი გამოჩნდა, რომელსაც სწრაფი გავრცელება ახასიათებს. გლობალურად, ბევრ ქვეყანაში გაუარესდა ეპდისიტუაცია, მათ შორის საქართველოში. თანაც ის, რომ ჩვენთან კოვიდრეგულაციები მოხსნილია, ამან ხელი შეუწყო შედარებით სწარაფად გავრცელებას.
მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე ისევ გამოყენებული იყოს. მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება და ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. შეიძლება ეპიდსიტუცია გაუარესდეს და მივიღოთ ახალი ტალღა, თუმცა, ამას უნდა შევხვდეთ მომზადებული, განსაკუთრებით, ვაქცინაციის პროცესს გავუსვამდი ხაზს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, თუმცა მსოფლიოში არსებული ტენდენციისგან განსხვავებით, გარდაცვალების შემთხვევები პრაქტიკულად, ნულოვან ნიშნულზეა. მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების ზრდა პიკს სავარაუდოდ, შემოდგომას მიაღწევს.
„მთელ მსოფლიოში ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება. საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა. სამწუხაროდ, ახალი შემთხვევების ზრდა ჩვენთანაც ფიქსირდება, მაგრამ ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ - პრაქტიკულად, ნულოვან ნიშნულზე. შემთხვევების ზრდა პიკს ჩემი ვარაუდით, შემოდგომაზე მიაღწევს, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც ვთქვათ, წლის დასაწყისში იყო“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განცხადებით, ჩვენი მიზანი სიკვდილიანობის „ნულოვან ნიშნულზე“ შენარჩუნება უნდა იყოს, ამიტომ, ის ორი მიმართულების პრევენციულ ღონისძიებას გვთავაზობს.
პირველი ვაქცინაციის გააქტიურებასა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარებას ეხება, ხოლო მეორე, კორონავირუსის სწრაფ დიაგნოსტიკასა და შესაბამის მკურნალობას.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი. მისი თქმით, არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში „ცუნამის“ მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს.
„500-დან ავედით ჯერ 1200-მდე, ახლა 2500-მდე. პრაქტიკულად, 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა, თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის, კვირის განმავლობაში 2500 შემთხვევა საგანგაშო არ არის, მაგრამ მატების დინამიკის თვალსაზრისით, ნამდვილად საგანგაშოა. 5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მოსალოდნელია, შემთხვევათა მატების კვალდაკვალ მოიმატოს საავადმყოფოში მიმართვიანობაც.