ოპოზიციის ნაწილის ორმაგი სტანდარტი: ბოიკოტი „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც ოპოზიციის ეს ნაწილი ერთი ხელით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის „იბრძვის“, ხოლო მეორე ხელით ხელისუფლების გადადგომა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს.
პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილ 12-პუნქტიანი პირობის შესრულების საკითხზე მუშაობა იწყება. პირველ სხდომას ამ დღის წესრიგით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამართავს, რომელიც 7 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.
ვიცით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას ერთად დასხდომას და აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას სთავაზობს, თუმცა ოპოზიციის ეს ნაწილი თვლის, რომ გამოსავალი პერმანენტული აქციებია, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ თითქოსდა გადადგომას აიძულებენ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ოპოზიციას ურჩევს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად დაჯდეს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშაოს. მისი თქმით, ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივმა მუშაობამ უნდა მოიტანოს დეპოლარიზაცია, რაც ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტია.
„ხელისუფლებამ შესთავაზა, ახლა ოპოზიციის დროა, რომ რაღაც შესთავაზონ, თუ რაიმე განსხვავებული შეხედულება აქვთ. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, სხვაგვარად ვერ მოხერხდება. ამ ეტაპზე, მაინც არის დიდი უნდობლობა მათ შორის, მაგრამ რეალურად, ოპოზიციას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს - ისინი რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს, თუ მზად არიან, რომ თუნდაც საკუთარი პირობებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყონ.
დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი პოზიციას შეიცვლიან - ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს. მინდა მჯეროდეს, რომ გააანალიზებენ ვითარებას და რაღაც ნაბიჯს გადადგამენ, რომ მუშაობა დაიწყონ. მუშაობის პროცესში შეუძლიათ აფიქსირონ, რომ ხელისუფლებას არ ენდობიან, მაგრამ მიდიან გარკვეულ კომპრომისზე.
დღეს დეპოლარიზაცია უნდა მოიტანოს პროცესმა, ერთობლივმა მუშაობამ. თუ კი ერთად მუშაობას ვერ იწყებენ, რადგან მათ შორის უნდობლობა არსებობს, მაშინ რა დეპოლარიზაციაზეა საუბარი?! ორივე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც არაპროგნოზირებადია. ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი მაინც ხელისუფლებამ უნდა გადადგას დეპოლარიზაციისთვის, თუნდაც სიძულვილის ენის მოხსნას და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას თავი დაანებოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში სხვა, კონკრეტული პარტიები მონაწილეობას მიიღებენ. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩართვის შესაძლებლობას, ამ პარტიის ჩართვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში აუცილებლად იქნებიან ელისაშვილის პარტია, „გირჩი.“ აქედან გამომდინარე, ეს მოლაპარაკება შედგება. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებას კი აზრი არ აქვს, რადგან ისინი არიან არასერიოზული ხალხი და შეთანხმება მათთან ვერ მოხდება, მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდათ.
ოპოზიციაში რუსული ძალებია - ხოშტარია პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება, ისევე ნაყოფია და სხვები. მათი პირდაპირი ინტერესია, რომ არ მოხდეს ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია. ცდილობენ ამ პროცესის ჩაშლას და ეს ევროკავშირშიც უნდა გაითვალისწინონ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შესაძლოა 50%-ს ჩამოსცდეს, ამისკენ მივდივართ, რაც ძალიან სამწუხაროა და ამას რეალურად, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები აკეთებენ. ევროკავშირსაც უამრავი პრობლემა აქვს და რეალურად, რამდენად არის მზად, ახალი წევრების მისაღებად, ეს საკითხავია. საქართველო ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების კონკრეტული გეგმა 1-ელ ივლისს წარადგინა. ამ გეგმის თანახმად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას უზრუნველყოფს და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.