გზა არსაით - „სირცხვილიას“ სამარცხვინო მარცხი

გზა არსაით - „სირცხვილიას“ სამარცხვინო მარცხი

საპროტესტო აქციების ნაკვერჩხალი, რომელიც ასაგიზგიზებლად მზად იყო, უცეცხლოდ ჩაიფერფლა, უფრო სწორად ჩაფერფლეს. საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ ის პროტესტი და მუხტი, რაც ამ ფაქტმა გამოიწვია, მოძრაობა „სირცხვილიას“ და მასთან ერთად მყოფი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების დახმარებით, უკვე გაქრა. ამის მიზეზი ის არის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ამ პროცესის სათავისოდ გამოყენება გადაწყვიტა, რასაც პოლიტიკური ელფერი მიეცა, საბოლოოდ კი, ხალხი დაშალა, რომელსაც სულ სხვა მოლოდინი ჰქონდა.

აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომაა. სანაცვლოდ კი, დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება უნდა მოხდეს. ამ ყველაფრის მისაღწევად, დაანონსებულია უწყვეტი აქციები. შესაბამისად, მთავარმა საკითხმა მეორე პლანზე გადაიწია, რამაც რეალურად გამოიწვია ხალხის პროტესტი - საზოგადოებას სურს ხელისუფლება აიძულოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია შეაასრულოს, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას გულისხმობს.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებდნენ. როგოც აქცია „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, არ დაიშლებოდნენ, ვიდრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხალხის ხმას არ გააგონებდნენ, თუმცა ხალხი მაინც დაიშალა.

„როდესაც ჩვენ ქუჩაში ვდგავართ ათი ათასი ადამიანი, ღარიბაშვილს იცავს 50 ათასი. წარმოიდგინეთ, როდესაც ქუჩაში გამოვა ისევ ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიციელების საკმარისი რაოდენობა არ ეყოფათ, რომ მოქალაქეების მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტისგან დაიცვან. მადლობას გიხდით ყველას, ჩვენ აქ ჯერ კიდევ ვრჩებით. ღარიბაშვილი ჯერ კიდევ არ მისულა მთავრობის ადმინისტრაციაში და ამოცანა კვლავ ძალაშია, მას უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმამაღალი პროტესტის ხმა“, - აქციის მონაწილებს აგულიანებდა ნოდარ რუხაძე.

ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავად აქციის ორგანიზატორები შევიდნენ ჩიხში. მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილება გადადგომის ფაქტით, ცუდი საქმეა.

„თვითონ ექცევიან ჩიხში. ამიტომ, უფრო იმათი პასუხისმგებლობაა, ვინც წაახალისა ეს აქცია. ხელისუფლების დამხობა რევოლუციური მეთოდებით არ შეუძლიათ. ძალა ხელისუფლების ხელშია. მშვიდობიანი მანიფესტაციით აიძულო ხელისუფლება, რომ გადადგეს, ადვილი არაა. პროტესტი არ არის უებარი საშუალება, თანაც პროტესტის მუხტიც არ არის საზოგადოებაში, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც ძალიან მაღალი იყო ეს მუხტი.

გადადგომა-გადადგომით ხელისუფლების ცვლილება ცუდი საქმეა. ძლივს 2012 წელს მოხერხდა ძალაუფლების ლეგიტიმურად გადაცემა, ანუ არჩევნების გზით. ახლა ისევ გამოცვივდნენ, რომ „გადავაგდოთ ხელისუფლება!“ იმისთვის, რომ ამ არალეგიტიმურ გზაზე გადაიყვანო საზოგადოება, ძალიან გამწარებული უნდა იყოს ის, როგორც სააკაშვილის იმდროინდელი ნაბიჯების შედეგად იყო. ასეთი მდგომარეობა ახლა არ გაქვს, ამიტომ, დიდი ნაწილი არ ღებულობს მონაწილეობას. ამ აქციაზე ძირითადად იყვნენ ახალგაზრდები, რომელთაც ეხალისებათ ასეთი დინამიური მოვლენები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის შეფასებითვე, თუკი „ქართული ოცნება“ გადადგება, აქ ჩნდება კითხვა, ვინ მოვა ხელისუფლებაში?

„ერთადერთი სამოქმედო გეგმა შეიძლება ყოფილიყო, რომ გაგრძელებულიყო პერმანენტული აქციები. მეტი ხომ ვერაფერი იქნებოდა?! ან უნდა დაიძახო, რომ შეიარაღებულ აჯანყებაზე წავედი, ყოფილიყო შევარდნა, ანუ ფიზიკურად უნდა მოუწყო აჯანყება, ან უნდა გქონდეს პერმანენტული აქციების უნარი, რასაც ხალხის დიდი ნებისყოფა სჭირდება, ასევე ხალხში დიდი უკმაყოფილების მუხტი. ასე არ აყვება საზოგადეობა მათ, რადგან არ თვლის, რომ უნდა გადააგდოს პრემიერ-მინისტრი.

შევარდნას მეეჭვება პერსპექტივა ჰქონდეს. ვინ უნდა შევარდეს? დავუშვათ, გადადგა პრემიერი და მთავრობა, ვინ მოდის ხელისუფლებაში?! - ან მოდის „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი სისრულით, ან ტექნიკური მთავრობა, ანდა შერეული მთავრობა, სადაც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წილი დიდია.

საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში უკვე გადაწყვიტეს, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მართვა, ახლა რატომ აყენებენ ამ ხალხს შეუარცხყოფას? მათ გადაწყვეტილებას ვისვრით ნაგვის ყუთში? ამიტომ, გამოვა ეს შეურაცხყოფილი ხალხიც. ხომ შეიძლება საპასუხო ქუჩის აქციები დაიწყოს იმისთვის, რომ აღდგეს საარჩევნო სამართლიანობა?!“ - განაცხადა საყვარელიძემ For.ge-სთან.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც 3 ივლისის აქციის ერთ-ერთი წამყვანი იყო, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 3 ივლისს, „ივანიშვილის ოლიგარქიამ კიდევ ერთხელ ცხადად გვითხრა, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას“.

„საქართველოს ისევ არ აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამის მიღების პერსპექტივაც დროის გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო ეჭვქვეშ დგება. ქვეყანას ისევ ძალაუფლებითა და შიშებით შეპყრობილი ოლიგარქი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს. მართავს დიტო სამხარაძეების ხელით და ლექსიკით. დღეს ნათლად ჩანს, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას ნებით, რადგან მას მხოლოდ ძალის ენა ესმის.

ის იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ხალხი როგორც ბატონს ყმები ისე „უყვარს“ და არასდროს დაიშურებს მათთვის მათრახს. ეს დროა მოცემულობად მივიღოთ და მზად ვიყოთ. ის ვერ იტანს დასავლურ ფასეულობებს, დემოკრატიას - სადაც მართავს ხალხი და არა მეფე; თავისუფლებას - სადაც მონები არ არსებობენ, რადგან თავად ერთი მხრივ მონათმფლობელია, ხოლო მეორე მხრივ მონა; თანასწორობას - რადგან თანასწორად არავინ მიაჩნია.

გუშინ, 3 ივლისს, ივანიშვილის ოლიგარქიამ კიდევ ერთხელ ცხადად გვითხრა, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას, რადგან მისთვის საკუთარი სკამი უფრო ძვირფასია, ვიდრე ქართველი ხალხის ევროპული მომავალი. შექმნილი მდგომარეობა ჩვენგან სწორ ანალიზს საჭიროებს, მათ შორის გუშინდელი დღის, სადაც ხალხი და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ავცდით. გამოტანილი დასკვნები გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ არსებული მდგომარეობა ჩვენგან მოითხოვს გაცილებით მწვავე მოქმედებას, რასაც სჭირდება გონიერება - რათა გულმა არ სძლიოს ტვინს, რწმენა - რომ გამარჯვება გარდაუვალია და სიმამაცე - რომ მუდმივად მზად იყო თავგანწირვისთვის.

შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს, მაგრამ ასე არ იქნება. გუშინ დაიწყო ამ ისტორიული ბრძოლის ახალი, ოლიგარქიისთვის უფრო საშიში და რთული ეტაპი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, წინ ევროკავშირია“, - წერს მშვენეიერაძე.

 

trampi ნეტა იცოდე მაგ სვისტოკს ხალხი სად გაგიკეთებს.....
არ თქვა მერე ეს რააააო........................
2 წლის უკან