რატომ ვერ შესთავაზეს 3 ივლისს აქციაზე მისულ მოსახლეობას მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა სამოქმედო გეგმა და რა იყო მიზეზი, რის გამოც თავად აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა? ვითომ „სირცხვილიას“ აქციაზე, რომელსაც რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა, ხალხს ვერ გააგებინეს რატომ შეკრიბეს. შეკრებილებს გარდა იმისა, რომ ღამე რუსთაველზე უნდა გაეთენებინათ, ღირებული ვერაფერი უთხრეს. სამოქმედო გეგმის არარსებობა კი თავად აქციის მონაწილეებს შორის სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
მიშისტებმა და სხვა მონაწილეებმა არაერთხელ იჩხუბეს იმის გამო, აქციაზე უნდა მოეთხოვათ თუ არა სააკაშვილის ციხიდან უპირობო გათავისუფლება. როცა დაინახეს გეგმის არქონას ხალხში უკმაყოფილება მოჰყვა, ორგანიზატორებმა მათ ერეკლეს მოედანზე გასეირნება შესთავაზეს. მოთხოვნილი 3 000 კაციდან კი „ოცნების“ ოფისამდე მხოლოდ 200 კაცი გაჰყვათ, ნახევარი კი გზაში დაიკარგა. წინა ორი აქციის მსგავსად პოლიტიკოსები ისევ კულისებს მიღმა იყვნენ დამალულები, თუმცა 3 ივლისს მათმა გადამალვამაც შედეგი არ გამოიღო, რადგან ხალხი სახლში მაინც წავიდა.
გახდება თუ არა ოპოზიციისთვის ეს კრახი საბოლოო ფიასკოს მიზეზი და შესაძლოა თუ არა, საერთოდ, 2024 წლამდე ქვეყანაში ყველანაირი პოლიტიკური აქტიობა გაჩერდეს? რა უნდა ექნა ოპოზიციას ან აქციის ორგანიზატორებს, რომ 20 ივნისს გაჩენილი მუხტი შეენარჩუნებინათ?
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ 3 ივლისის აქციას ის ლიდერი აკლდა, რომელიც საორგანიზაციო დონეზე, შეკრებელი ადამიანებისგან პოლიტიკური მუხტს ასწევდა. ქართველიშვილი ამბობს, რომ აქციაზე მყოფმა ლიდერებმა, რომლებიც მესამე სექტორს წარმოადგენენ, იქ მისულ საზოგადობას ვერაფერი კონკრეტული გეგმა ვერ შესთავაზეს.
„აქციის ორგანიზატორებმა აქციაზე პოლიტიკურად ცნობადი სახეები სცენაზე არ აუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად იგივე პოლიტიკური ძალის ნარატივის გამტარებლები იყვნენ. უბრალოდ, გამოუცდელი ახალგაზრდები არიან, რომელთაც, რა თქმა უნდა, არ შეუძლიათ, არც რევოლუციის მოწყობა და არც გადატრიალების მცდელობა, მით უმეტეს არსებული ხელისუფლების რაღაცა ტექნიკური მთავრობით ჩანაცვლება. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოსახელობა უფრო გაზრდილია, ვიდრე პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორი. მათ აქციის ორგანიზატორებისგან პირდაპირ გეგმა მოითხოვეს. ემოციებს და მარტო გადადექის ძახილს აღარავინ აჰყვა და ამ ხალხს პირდაპირ უთხრეს და ჰკითხეს, ეჩვენებინათ, რისი გამკეთებლები იყვნენ.
3 ივლისს აქციაზე სხვადასხვაა მიზეზებით მისული ხალხი იყო. ნაწილი უკმაყოფილი იყო იმით, რომ სააკაშვილის და გვარამიას უპირო გათავისულებას არ ითხოვდნენ. ნაწილი პირიქით, მიიჩნევდა, რომ ეს მოთხოვნა გუშინდელ აქციაზე არ უნდა დამდგარიყო. ნაწილი კი ფიქრობდა, რომ აქციაზე საქართველოს ევროინტეგრაციული გეზი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირებულიყო და იქ სხვა პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენების დროს არ იყო. მოკლედ, ძალიან დიდი აურზაური ჰქონდათ აქციაზე, რამაც დამატებით დაბნეულობა გამოიწვია“,-ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, უკვე დაღლილმა აქციონერებმა გეზი „ოცნების“ ოფისის მიმართულებით აიღეს, თუმცა რას ემსახურებოდა მათი ეს გადაადგილება, ბოლოს თვითონაც ვერ გაიგეს. ამ გაუგებრობამ კი საპროტესტო მუხტი საერთოდ ჩაახშო. გაბრაზებული ხალხი შებრუნდა და სახლებში წავიდა.
„აქციის ორგანიზატორების მცდელობამ სრული ფიასკო განიცადა. ამიტომ საერთოდ არ მესმის მათი მომდევნო შეკრება რა დევიზით უნდა მოხდეს. ორგანიზატორი და მოთავე ვინ იქნება? რა მოთხოვნები იქნება წამოყენებული? 9 წლის განმავლობაში მთელი ის რესურსი, რაც ამ ხალხს გააჩნდა, ყველაფერს იყენებენ, მაგრამ 7-ვე მცდელობის მიუხედავად, ხალხი ქუჩიდან ეშლებათ. მაგალითად ვერანაირ რესურს ვეღარ ვხედავ, ამ ხალხმა კიდევ რა მოთხოვნები უნდა წამოაყენოს და რა შესაძლებლობები გააჩნია. ხალხი კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია გაკოტრებულია და 2024 წლამდე რაღა უნდა ქნან, წარმოუდგენელია. ერთია, როცა ამ მოვლენებს ხელისუფლების მომხრე აფასებს, როგორც ფიასკოს და მეორეა, როცა ამაზე თავად ოპოზიციის მომხრეები საუბრობენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 2024 წლამდე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ვერ შეიცვლება და ეს ყველაფერი მხოლოდ კონსტიტუციის მიხედვით არჩევნების გზით უნდა მოხდეს. თუ ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს სხვაგვარად მათ არაფრის შანსი აღარ აქვთ“, - ამბობს ქართველიშვილი.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცახდებს, რომ სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ მოთხოვნებს არ უნდა აჟღერებდეს, მით უმეტეს შეუსრულებელს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ სიტუცაიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რომ არ გადადგებოდა ფაქტი იყო. ეს თუ არ ესმით, მაშინ რეალობიდან სრულად ამოვარდნილები არიან.
„როგორც კი აქციის ორგანიზატორები ხალხის ტარებას პარლამენტიდან მთავრობის კანცელარიამდე, მერე ივანიშვილის სასახლიდან „ოცნების“ ოფისამდე დაიწყებენ, ე.ი. მათ სათქმელი არაფერი აქვთ და კრიზისში შედიან. ოპოზიციას რატომღაც იმედი ჰქონდა, რომ პარლამენტიდან მთავორბის სასახლემდე რომ მივიდოდნენ, „ოცნება“ გზაში ჩამოიშლეობდა. ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა, რითაც პოლიტიკური პროცესი ისევ ჩიხში შედის. ისეთი პოლიტიკური განცახდებები კი არ უნდა აკეთონ, რომელიც არ შესრულდება, არამედ ეს ევროკავშირის მიერ მოცემული 12 პუნქტი უნდა აეღოთ და ეთქვათ, რომ გვყავს ექსპერტები, გვაქვს გამოცდილება და ჩვენ ყოველ პუნქტზე ჩვენს გეგმას დავწერთ, ხოლო მთავრობამ თავისი გეგმა დაწეროს, ოპოზიციამ კიდევ თავისი. სამივე მხარემ რაღაცაზე იმუშაოს და გამონახონ საერთო პუნქტები, რაზეც შეთანხმდებიან. აქ მთავარი გადადექი-გადმოდექი კი არ უნდა ყოფილიყო, ყველას თავისი ვერსია უნდა წარმოედგინა, როგორ ვპასუხობთ ამ 12 პუნქტს. ხალხს ვაჩვენოთ და ევროპას, რომ ყველა სექტორში ამაზე მუშაობენ. არაა ეს წუწაობა საჭირო და აზელვა. პარლამენტმა უყაროს ამ ყველაფერს კენჭი და ვნახოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ვინ რას აკეთებს“,-აცახდებს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ივანიშვილის გაშვება უნდათ, მაგრამ ხალხს სამაგიეროს არაფერს სთავაზობენ. ზაქარეიშვლი ამბობს, რომ ხალხი ცვლილებებს ელოდება, მაგრამ რატომ უნდა ჩაანაცვლონ ივანიშვილი ისევ სააკაშვილით, მათთვის გაუგებარია. ამიტომ ოპოზიციას მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს და ხალხს აუხსნას რატომ თვითონ და არა „ოცნება“. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 3 ივლისს აქციაზე ხალხი ზუსტად ამას ითხოვდა, რაც ვერ აუხსნეს.