პოზიტიური ენერგეტიკული ცვლილებები სავალუტო ფონდს თვალში ეჩხირება

პოზიტიური ენერგეტიკული ცვლილებები სავალუტო ფონდს თვალში ეჩხირება

სავალუტო ფონდი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების შეფერხების მიზეზებს ხედავს. ენერგეტიკის სამინისტრო კი სსფ-ს პათოსს არ იზიარებს. ზოგადად კი ფონდი ახალი მთავრობის ეკონომიკურ მიმართულებას მაინც და მაინც არ იზიარებს.

როგორც ფონდის ანგარიშშია აღნიშნული, ტარიფების ბოლოდროინდელმა შემცირებამ ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების რენტაბელობა შეამცირა და ამან, შესაძლოა, ინვესტირება შეაფერხოს.

ფონდის ცნობითვე, გამჭვირვალობის მიზნით მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს სადისტრიბუციო კომპანიებთან მიღწეული შეთანხმებების პირობები, რათა ტარიფების შემცირების უკან მდგომი მიზეზები გასაგები გახდეს. ფონდი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას ოპერატიულად შეიმუშაოს ენერგოპოლიტიკის სტრატეგია. მათი თქმით, ეს შეამსუბუქებს ინვესტორების წუხილს იმის თაობაზე, რომ მთავრობა შეიძლება ჩაერიოს ფასების განსაზღვრაში.

სავალუტო ფონდი, ბოლო დროს მთლად ადეკვატურად ვერ აფასებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ენერგეტიკაში ინვესტიციები ძველი ხელისუფლების პირობებში შემცირდა, როდესაც ე.წ. პოტენციურ ინვესტორებთან მხოლოდ მემორანდუმები იდებოდა, ხოლო სინამდვილეში არც ერთი ჰესი თუ სხვა ობიექტი არ შენდებოდა. პირიქით, დროთა განმავლობაში უცხოელი პარტნიორები პროექტებს ტოვებდნენ კიდეც (ნამახვანჰესი, ფარავანჰესი). შესაბამისად, თუკი ენერგოსექტორში მდგომარეობის გაუარესების პრეტენზია უნდა წაუყენო, ეს ძველი ხელისუფლებაა. 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სავალუტო ფონდის არ ეთანხმება. მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო გრძელვადიან სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს და დოკუმენტი ერთი წლის განმავლობაში მზად იქნება. ილია ელოშვილის თქმით, ტარიფების შემცირებაზე შეთანხმების გასაჯაროებას სამინისტრო ცალმხრივად ვერ მოახდენს: ენერგოკომპანიებს ამ წინადადებით მიმართეს, თუმცა, მათგან ამ ეტაპზე უარი მიიღეს.

„ჩვენც გვინდა, გამოვაქვეყნოთ მემორანდუმები,რომლებიც დაიდო “ინტერ რაო ეესა” და “ენერგო პრო-ჯორჯიასთან”. ამის თაოაბაზე მათ მივმართეთ კიდეც, თუმცა დადებითი პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩვენ ცალმხრივად მათ ვერ გამოვაქვეყნებთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამავე ვმუშაობთ“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისრის მოადგილემ. 

„რა თქმა უნდა, სავალუტო ფონდის მისიის ნებისმიერი რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და ჩვენ მათ ყურადღებით ვსწავლობთ. მისიას რეკომენდაციების ნაწილში ვეთანხმებით, თუმცა არ ვიზიარებთ იმ შეფასებას, რომ ტარიფების შემცირება რაღაც ფორმით ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. 

რაც შეეხება რეკომენდაციის იმ ნაწილს, რომელშიც სსფ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ენერგოფასების განსაზღვრისას წესებზე დამყარებულ მექანიზმს დაუბრუნდეს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროს წესები არ დაურღვევია.

„ჩვენ წესები არ დაგვირღვევია. იყო გაფორმებული მემორანდუმები, შემდგომში მოხდა მათი შეცვლა და დასამტკიცებლად სემეკისთვის გადაგზავნა. ასე რომ, ჩვენ ამ რეკომენდაციას ვიგებთ იმგვარად, რომ სამომავლოდ თვითონ მარეგულირებელმა კომისიამ, მთავრობის ჩარევის გარეშე განსაზღვროს ტარიფები. ვეთანხმებით და ამაზე ვმუშაობთ. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა მთავრობა ჩაერია ტარიფების განსაზღვრაში, ამიერიდან ამას თავად მარეგულირებელი განსაზღვრავს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ელოშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ მათი მთავარი მიზანია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია რეალურად დამოუკიდებელი გახდეს. “ჩვენი მთავარი ამოცანაა, მარეგულირებელი კომისია გაძლიერდეს და გახდეს რეალურად დამოუკიდებელი. ამის არა მხოლოდ ნება არსებობს, არამედ ხდება “ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ” კანონის იმ ფორმით მოდიფიცირება, რომლითაც სამინისტროს გარკვეული ფუნქციები სწორედ მას გადაეცემა“, - განმარტა ელოშვილმა.