„ფაქტობრივად, მეოთხე ომის ტოლფასია ჩვენი მონაწილეობა ნატოს და გაეროს სამშვიდობო მისიებში და პასუხად რას ვიღებთ? - რაღაც რეფორმა, თურმე, დასაჩქარებელია“

„ფაქტობრივად, მეოთხე ომის ტოლფასია ჩვენი მონაწილეობა ნატოს და გაეროს სამშვიდობო მისიებში და პასუხად რას ვიღებთ? - რაღაც რეფორმა, თურმე, დასაჩქარებელია“

„რას ელოდნენ თინა ხიდაშელი და სხვები? ნებისმიერი მძაფრი განცხადება ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გაზრდიდა საფრთხეს უკრაინის ომის ფონზე. ალბათ, ნატო დღეს არ არის მზად, გაფართოვდეს ჩვენი მიმართულებითაც, საერთოდ, თუ არის მზად, ესეც საკითხავია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

ნატოს სამიტის მიმართ დიდი მოლოდინი არც არსებობდა, სამიტამდე იყო მედვედევის განცხადება, რომ ნატოში უკრაინის შესვლამ შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ცხადია, ეს იყო გაფრთხილება, რომ საქართველოზეც ზედმეტი იყო საუბარი ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, ოპოზიცია ირწმუნება, რომ საქართველომ ღირსეული ასახვა არ ჰპოვა ნატოს სამიტზე. რისი წამოღება შეგვეძლო ნატოს სამიტიდან უკრაინაში ომის პირობებში?

- კორექტულად შენიშნეთ, ომის პირობებში რისი წამოღება შეგვეძლო ნატოს სამიტიდან?! სამწუხაროა ჩვენი ოპოზიციის ქმედებები ამ ოთხი თვის განმავლობაში, მანამდეც, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი მძიმე ომი მიმდინარეობს ჩვენს მეგობარ უკრაინაში, ასეთი დაძაბული ვითარებაა მსოფლიოში. ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს მთელი ოთხი თვეა. ომი არ არის მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირება, ჰიბრიდულ ომებზე როცა საუბრობენ, ამ ტიპის ომი სხვადასხვა სახის დაპირისპირებისგან შედგება - ეკონომიკური ომი, საინფორმაციო ომი, კიბერომი და სხვა. არნახული მასშტაბის სანქციები ნიშნავს ეკონომიკურ ომს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ამ დროს რას უნდა აკეთებდეს პასუხისმგებლიანი ოპოზიცია? რაც გააკეთა ოპოზიციამ 2008 წელს, როცა ომის დამთავრებამდე მორატორიუმი გამოაცხადეს ოპოზიციურ საქმიანობაზე. მე ხომ არ ვამბობ, ოპოზიციამ საქმიანობა სრულიად შეწყვიტოს. სხვათა შორის, უკრაინაში ოპოზიციამ საქმიანობა შეწყვიტა. განა ჩვენ საფრთხის წინაშე არ ვიდექით უკრაინის ომის წინ? ორი ქვეყანა იყო დასახელებული რუსეთის მიერ ნატოს გაფართოების ჭრილში, ეს იყო უკრაინა და საქართველო. დღეს ომია უკრაინაში, ჩვენი სახელმწიფო ცდილობს საფრთხე აიცილოს და ეს არის გონივრული ქმედება. ამაში ოპოზიციაც გვერდით უნდა ედგას ხელისუფლებას. თუ რაღაც ნაბიჯები არ მოსწონთ, ქუჩაში კი არ უნდა ლაპარაკობდნენ, ქვეყანას კი არ უნდა არყევდნენ, დასავლეთში კი არ უნდა დარბოდნენ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ ხელისუფლებასთან უნდა ლაპარაკობდნენ, მთავრობის კაბინეტთან და პარლამენტში წყვეტდნენ ამ საკითხებს.

ნატოს წევრი რომ გავმხდარიყავით, რუსეთი უკვე საქართველოსკენ გადმოინაცვლებდა?

- ნატოსგან ჩვენ რას ვითხოვდით? რა მოლოდინი გვქონდა? ნატოს წევრობა უნდა მიგვეღო ასე უცებ? სამხედრო შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო ჩვენსა და ნატოს შორის, რომ საფრთხის შემთხვევაში ნატო დაგვიცავდა? რას ელოდნენ თინა ხიდაშელი და სხვები? ხიდაშელს იმიტომ გამოვყოფ, რომ თავდაცვის მინისტრი იყო. კრიტიკა იოლია, დაწერონ, რა ფორმულირება უნდა ჩაწერილიყო ნატოს კომუნიკეში. მაშინ იქნება გასაგები მათი პრეტენზიები. სხვაგვარად ეს ყველაფერი არის ის, რასაც ჩვენი ოპოზიციონრები აკეთებენ ათი წლის განმავლობაში. ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაყენება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა. სინამდვილეში, ნებისმიერი მძაფრი განცხადება ნატო-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გაზრდიდა საფრთხეს უკრაინის ომის ფონზე. ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს გონივრულად უდგებიან, რომ ქვეყანა არ გახვიონ შარში, რადგან, ალბათ, ნატო დღეს არ არის მზად, გაფართოვდეს ჩვენი მიმართულებითაც. საერთოდ, თუ არის მზად, ესეც საკითხავია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის, რამდენიც არ უნდა დააბრალონ საქართველოში გასატარებელ რეფორმებს თავიანთი უსუსურობა, არც მაგის მომერიდება, ნატოს მისამართითაც გამოვიყენო „კომპლიმენტები“. ფაქტობრივად, მეოთხე ომის ტოლფასია ჩვენი მონაწილეობა ნატოს და გაეროს სამშვიდობო მისიებში, დაწყებული კოსოვოდან, აფრიკიდან, დამთავრებულო ერაყით, ავღანეთით. აქ მხოლოდ მსხვერპლზე არაა საუბარი, მთლიანი ჩვენი ჯარი იყო ჩართული როტაციული პრინციპით. პასუხად რას ვიღებთ?! რაღაც რეფორმა თურმე დასაჩქარებელია. რა რეფორმაა ისეთი დასაჩქარებელი? შვედეთს და ფინეთს არ ვგულისხმობ, მაგრამ მანამდე პატარა ქვეყნები რომ მიიღეს ნატოში, ზოგს არმია საერთოდ არ ჰყავდა. რითი არიან თუნდაც დემოკრატიის კუთხით ჩვენზე წინ? ნატოში გაწევრიანების დროში გაწელილი მოლოდინი საქართველოსთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ამიტომ თუ აპირებენ რუსეთის შეკავებას, ეს იქნება შეკავება, ან თქვან უარი და დახურონ კარი, ან, ბოლოს და ბოლოს, მიგვიღონ. მოლოდინსაც ვადა ხომ უნდა ჰქონდეს? 1994 წლიდან „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამაში ჩავერთეთ, ნატოს ინტეგრაციის კუთხით აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ 1998 წლიდან, ზუსტად 24 წელია ნატოსკენ ვიღწვით. თამამად გეტყვით, ჩვენი თავდაცვის ძალები სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, ეს თავადაც იციან, უკეთესი დემოკრატია ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაში მოიკითხონ. ნატოს მხრიდან ეს უსუსურობაა. საქართველოსთან მიმართებით უფრო მძაფრ, იმედის მომცემ განცხადებებს ნამდვილად მერჩივნა დახურულ კარს მიღმა დარჩენილიყო რეალური გეგმები ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი განცხადება, რაც არ უნდა გაეკეთებინათ მადრიდის სამიტზე, რომ უმოკლეს ვადაში საქართველო გახდება ნატოს წევრი, გამოიწვევდა იმას, რომ ხვალ შეიძლება დაწყებულიყო ომი საქართველოში.

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი რკინის ფარდა ეშვება. თავის დროზე ეს ტერმინი ჩერჩილმა ახსენა, ოღონდ საწინააღმდეგო კონტექსტში, რომ საბჭოთა კავშირმა ჩამოუშვა რკინის ფარდა შუაგულ ევროპაში და ეს ფარდა ჰყოფდა ევროპას ორ ნაწილად-იდეოლოგიურად და ფიზიკურად. დღეს თუ გაქვთ მოლოდინი, რომ რუსული რკინის ფარდა აიხსნება?

- დავიწყოთ იმით, რომ 5-6 წლის და უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც, 2016 წლიდან მოყოლებული, ურთიერთობები ზოგადად დასავლეთს, უფრო სწორად, ნატოსა და რუსეთს შორის განსაკუთრებულად დაიძაბა. მხოლოდ 2014 წლის უკრაინის მოვლენებს არ ვუკავშირებ ურთიერთობის დაძაბვას. ზოგადად, ამას ვუკავშირებ რუსეთის გაზრდილ ამბიციებს. ჯერ კიდევ ამერიკის წინა პრეზიდენტის პერიოდიდან მოყოლებული გამოიკვეთა რღვევა მთელი იმ არქიტექტურის, რაც ათეული წლების განმავლობაში ნარჩუნდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ახლა ბევრს საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო არქიტექტურა შეიცვალა. სინამდვილეში, შეცვლილი კი არა, მოშლილია მსოფლიო არქიტექტურა. არანაირი არქიტექტურა არ არსებობს, გაუქმებულია ყველა ფუნდამენტური შეთანხმება, გარდა ერთისა, რაც ეხება ბირთვული იარაღის გავრცელებას. ყველა შეთანხმება მოშლილია, რომელიც დაიდო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის 1963 წლიდან მოყოლებული, შემდეგ რუსეთთან გაფორმდა გარკვეული შეთანხმებები, ეს ეხებოდა შეიარაღების კონტროლს, ჯარების განლაგებას, ეს ფუნდამენტური, რამდენიმე მსხვილი შეთანხმება იყო, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფდა მშვიდ გარემოს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა. ასე რომ, ის პროცესი, რომელიც ახლა ვითარდება, კულმინაციაა ამ წინამორბედი მოვლენების, რომელზეც გესაუბრეთ. ეს გამოიწვია რუსეთის აგრესიამ, უკრაინაში შეჭრამ. როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან (რომ არ სრულდებოდა მინსკის შეთანხმება, არ ესმოდათ რუსეთის) აგრესია აგრესიად დარჩება და ოკუპაცია და ანექსია ვერ შეიფუთება სხვა ტერმინებით მანამ, სანამ არ იქნება დეოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები. რკინის ფარდას რაც შეეხება, რომელიც ლავროვმა ახსენა, რკინის ფარდა ჩამოეფარა ზუსტად 24 თებერვალს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. თორემ ის პროცესები, რაც აღვწერე, უკვე მიუთითებდა იმას, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის ომამდეც იმაზე რთული ურთიერთობები იყო, ვიდრე ეს იყო საბჭოთა პერიოდში ომის შემდეგ, გინდა ხრუშჩოვის პერიოდში, გინდა ბრეჟნევის. გავიხსენოთ ტერმინები „ცივი ომი“, „გამალებული შეიარაღება“, ეს გამალებული შეიარაღება ჩვენ ვიხილეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ინტერნეტში გადავხედოთ რუსეთის გადაიარაღებას, რაც ინტენსიურად დაიწყო 2008 წლიდან აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე. ეს ეხებოდა რუსეთის არმიის აბსოლუტურად ყველა მიმართულებას სამივე განზომილებაში-ზღვაზე, ხმელეთსა და ჰაერში, ასევე, რუსეთის ბირთვულ პოტენციალს. უკრაინის ომის წინ ვიხილეთ ის ვიდეოფირები, რასაც პუტინი უჩვენებდა მსოფლიოს. ასე რომ, საკმაოდ ღრმად არის ეს დაპირისპირება შესული, ფაქტობრივად, ჩიხშია და ამ ვითარების განმუხტვას მე ვერ ვხედავ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი. შესაძლებელია, რიტორიკა შეიცვალოს, ჩვენ ეს გვიხილავს ათეული წლების განმავლობაში, მაგრამ რკინის ფარდა ისევ აიხდება თუ არა, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ეს სწრაფად ვერ მოხდება.

თავის დროზე ნატო შეიქმნა რუსეთის შეკავების მიზნით, რასაც მეტ-ნაკლებად ახერხებდა კიდეც. ახლა რა რესურსები დარჩა რუსეთის შესაკავებლად?

- თქვენ მკითხეთ რუსეთის შეკავების თაობაზე, საკმაოდ იმედგაცრუებით ვუყურებ დასავლეთის ქმედებას უკრაინასთან მიმართებით, თუმცა ვხედავ მათი მხრიდან გარკვეულ პრაგმატულობას, შესაძლოა, ისინი გარკვეულ ზღვარზე მოქმედებენ, რათა რუსეთი არ ჩავარდეს ისეთ ვითარებაში, მოუწიოს ბირთვული იარაღის გამოყენება. ამ თვეების განმავლობაში ხშირად ვისმენდით ამ საფრთხის შესახებ. მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთის დახმარება უკრაინისადმი ძალიან იგვიანებს. იმ შეიარაღებით და იმ აღჭურვილობით, რაც დღეს უკრაინას გააჩნია, დახმარების იმ ტემპით, უკრაინელი ჯარისკაცები და ოფიცრები მაინც მამაცურად იბრძვიან, სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ მტერს, მაგრამ 24 თებერვლიდან მოყოლებული, როცა უკრაინა ითხოვდა ცის ჩაკეტვას, მუდამ ვამბობდი, რომ ცის ჩაკეტვაზე მეტად უკრაინისთვის მნიშვნელოვანია მძიმე შეიარაღების და ტექნიკის დროული გადაცემა. ეს ყველაფერი დროში იწელება. ჩვენ ახლა ვხედავთ გარკვეული ტიპის შეიარაღებას აწვდის ამერიკაც, სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ამ შეიარაღების მოცულობა ძალიან მცირეა. როცა ფრონტის ხაზი გაწელილია 2400 კილომეტრზე და იქ ერთ ან ორ საარტილერიო ბატარეას გადასცემენ, ეს ზღვაში წვეთია. გაცილებით მეტია საჭირო. ასეთი ტემპით ვერ შეაჩერებენ რუსეთის აგრესიას. ცეცხლის შეწყვეტის განწყობა არც რუსეთის, არც უკრაინის მხრიდან არ შეინიშნება. უკრაინისთვის რთულია მოლაპარაკებაზე წასვლა, რადგან წამგებიან პოზიციაშია, ალბათ, ელოდებიან უფრო აქტიურ დახმარებას დასავლეთიდან, რათა გამოასწორონ დღევანდელი ვითარება და შეცვალონ ტენდენციები. ტენდენციები კი ჯერჯერობით არის ის, რომ კუს ნაბიჯებით რუსეთი მაინც წინ მიიწევს. მხოლოდ ერთი დასახლებული პუნქტი დარჩა რუსეთს ასაღები.

შემდეგ საითკენ წავა რუსეთი, როცა უკრაინაში ამოწურავს საკუთარ თავს?

- მაქვს მოლოდინი, რომ წაიწევენ კიდევ ოდესის მიმართულებით, რადგან რუსეთის დუმის სპიკერმა არაორაზროვანი განცხადება გააკეთა, ფაქტობრივად, პირდაპირი მინიშნება იყო ოდესელებისთვის, რუსული წიგნები არ გადააგდოთო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული გეგმა ოდესის მიმართულებით არსებობს. ნატოს სამიტის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ 50 ქვეყანა მზად არის, უკრაინას გადასცეს დიდძალი შეიარაღება. დროულად უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი, რადგან ნებისმიერ დასავლურ ტექნიკაზე საჭიროა სპეციალისტების ჯერ მომზადება, შემდეგ სწავლებების ჩატარება, შემდეგ უნდა ჩართო ეს ქვედანაყოფები ბრძოლაში, ამას სჭირდება კვირები, გააჩნია, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. ამ ხნის განმავლობაში იქ ხალხი იღუპება და ტერიტორია იკარგება.

 

trampi ღარიბაშვილმა -------- წლების მანძილზე მისიებში 35 დაღუპული და 500 მძიმედ დაჭრილიო
და ეს თურმე ცოტა ყოფილა
2 წლის უკან