ხორცის გაიაფების მეთოდოლოგია ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა

ხორცის გაიაფების მეთოდოლოგია ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა

ხორცის, პირუტყვის დაკვლისა და სასაკლაოების საკითხს საპარლამენტო კომიტეტებში საკმაოდ მწვავედ განიხილეს. არსებობს შანსი, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად ხორცის ფასი ერთბაშად შემცირდეს, თუმცა იმავდროულად პროდუქციის ხარისხიც, შესაძლოა, რისკის ქვეშ დადგეს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კობა დავითაშვილმა ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ის, გლეხურ მეურნეობაში პირუტყვის დაკვლის პრაქტიკის დაკანონებას ითხოვს. მისი აზრით, ამ კანონის მიღების შემთხვევაში ხორცის ფასი 40%-ით შემცირდება, რადგან დედაქალაქსა და რეგიონებში ხორცის ფასი განსხვავებულია, რადგან თბილისის ბაზრებზე ხორცი სასაკლაოებიდან ხვდება. შესაბამისად, თბილისსა და ზოგიერთ დიდი ქალაქში ხორცი ძვირი ღირს, სოფლებში კი გაცილებით იაფი. გლეხური მეურნეობისთვის შეზღუდვების მოხსნა ბაზარზე ვითარებას ავტომატურად დაარეგულირებს, ფასებს კი გაათანაბრებს.

დეპუტატის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლებში სარეალიზაციოდ პირუტყვის ხორცის დამზადების პროცესის კონტროლს ვერ ახორციელებს. არსებული პრაქტიკის დაკანონების შემთხვევაში, ადგილზე ვეტერინარი უნდა მივიდეს, რომელიც დასაკლავი პირუტყვის მდგომარეობას შეამოწმებს. ასევე კანონპროექტის მიხედვით თუ ცხოველის რეალიზაციის მიზნით დაკვლის შემთხვევაში არ არის განხორციელებული შესაბამისი ზედამხედველობა, მასზე საჯარიმო სანქცია 100 ლარის ოდენობით განხორციელდება.

ახალი ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ჯანმრთელი საქონელი პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ ინიციატივა რისკების შემცველია. 

„ამ რისკზე პირადად მე ვერ წავალ. საჭიროა, ორგანიზებული მომსახურება. იცით, რომ დაკვლის შემდგომ საჭიროა 16 ოპერაცია იმისთვის, რომ ხორცი სარეალიზაციოდ ქსელში მოხვდეს“, - განაცხადა აგულაშვილმა საკომიტეტო მოსმენის დროს. 

დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის გაზიარებაში პრობლემას ხედავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, რომელიც ამ კონტექტში აქცენტი ქვეყანაში ექიმი-ვეტერინარების მხრივ არსებულ პრობლემაზე გააკეთა. 

„სააგენტოს აღრიცხვით დღეს საქართველოში 800-მდე ექიმი-ვეტერინარია და მათგან 46% არის 55 წელზე მეტი ასაკის.  საქართველოში არის 3 000-ზე მეტი სოფელი და არის სოფლები, სადაც ამ საქმეს ერთი ვეტერინარი ვერც კი გაწვდება. ტექნიკური და ადამიანური რესურსებითაც ადმინისტრირებას ვერ შევძლებთ.

ბოლო დროს ამ სფეროში კონკურენტული გარემო შეიქმნა - თუ წინა წლებში სასაკლაოების თემა ტაბუირებული იყო და მხოლოდ ორ სასაკლაოს ჰქონდა დაკვლის უფლება, წელს სააგენტოს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 74 სასაკლაოსთან და კიდევ სამი ახალი სასაკლაო იხსნება. ტენდენცია მზარდია“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომლის აზრითაც, სასაკლაოში დაკლული საქონლის ხორცი იმას ნიშნავს, რომ ის სანდოა. 

კობა დავითაშვილი კი სასაკლაობს სხვა პრეტენზიებსაც უყენებს. მისი აზრით, ცუდია ის, რომ ამ ობიექტებამდე პირუტყვის ტრანპორტირება ხორცის ხარისხის გაფუჭებას იწვევს. გარდა ამისა, არსებული რეგულაციების პირობებში რაიონებში დაკვლის შავი ბაზარი უკვე არსებობს. ეს ტენდეცია მზარდია და სასაკლაოების გვერდის ავლით გარიგებები კიდევ უფრო გახშირდება.