„არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კრიზისი არ არის ქვეყანაში და რატომ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, მით უმეტეს კოალიციურ მთავრობაში?!“

„არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კრიზისი არ არის ქვეყანაში და რატომ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, მით უმეტეს კოალიციურ მთავრობაში?!“

ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთი მოსაზრება გაჩნდა: იმის ფონზე, როდესაც მომავალი 6 თვის განმავლობაში, საქართველომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს, ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე ალაპარაკდნენ. სწორედ ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ თუკი გვსურს, ევროკომისიის მოთხოვნები შევასრულოთ, სადაც ერთ-ერთი საკითხი დეპოლარიზაციაა, მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგას.

ფაქტია, კოალიციის შექმნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ მოხერხდება, რადგან ეს დამატებით, არა თუ პოლარიზაციის ხარისხს შეამცირებს, არამედ გაზრდის. თუმცა, იმასაც ვხედავთ, რომ სხვა უფრო კონკრეტენტუნარიანი პოლიტიკური პარტია თუ საინტერესო პოლიტიკური ფიგურა ასპარეზზე არ ჩანს.

რაც შეეხება მესამე ძალას, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი რეალურად, უკვე წლებია ელოდება, არ ჩანს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ორი წელია და ვიმედოვნებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გამოჩნდება სასურველი ძალა და საზოგადოებასაც არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის აღარ მოუწევს.

ასევე ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციებიც შესრულდება და საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. დღეს იმდენი „ვიმედოვნებთ“ არსებობს უკვე, რთულია რაიმე ოპტიმიზმის საფუძველი ჰქონდეს ადამიანს...

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილეობლობას ვერ ხედავს და For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დღეს შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიმართ დიდი სიმპათია არ არსებობდეს, თუმცა, უფრო მეტი ანტიპათია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის.

გამოსავლის ძებნა რამდენად აუცილებელია, ძნელი სათქმელია. ერთი მხრივ, პარლამენტში გადაწყვეტილების მიღება გართულებული რომ იყოს, მეორე მხრივ, საზოგადოება იყოს ძალიან აქტიურად ჩაბმული ამ დაპირისპირებაში ორივე მხარეს, მაშინ გვექნებოდა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები. არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კრიზისი არ არის ქვეყანაში და რატომ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, მით უმეტეს კოალიციურ მთავრობაში?!

მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ მისცა მთავრობის დაკომპლექტების მანდატი. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ რაიმე მიზეზით უკან რომ დაიხიოს და პორტფელების ნაწილი მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მოსახლეობა არ იტყვის, ჩემი უფლებები შეილახაო? თვითონ მოსახლეობაში უკმაყოფილება არ გაჩნდება? შეიძლება არ იყოს სიმპათია „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ უფრო მეტი ანტიპათიაა „ნაციონალების“ მიმართ.

მესამე - თუ ვინმე გამოჩნდება, დიდი შანსია, რომ ის აღმოჩნდეს წარმატებული, რადგან მოსახლეობას უკვე დიდი ხანია, მით უმეტეს, 2024 წლისთვის, არც ერთი უნდა და არც მეორე“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა დღეს არ არსებობს. როგორ მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ამ ეტაპზე ვხედავთ, „ქართული ოცნება“ რაიმე დათმობაზე წასვლას არ გეგმავს.

„რასაც ვუყურებ, „ქართული ოცნება“ საერთოდ არ ფიქრობს კოალიციის შექმნას და რატომ უნდა შექმნას ეს კოალიცია? ან როგორ უნდა გახადო იძულებული, რომ შექმნას კოალიცია? „ქართულ ოცნებას“ აქვს 81 მანდატი, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს. ბევრი თემაა და დღეს იმის პროგნოზირება, რომ „ქართული ოცნება“ რაღაც დათმობებზე წავა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება, ოპოზიციური ელექტორატი დღეს არის საკმაოდ დიდი და ძლიერი, ოღონდ ეს ოპოზოციური ელექტორატი არ არის ერთიანი. ამ ოპოზიციური ელექტორატის თითქმის ნახევარი დაპირისპირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია როგორ წარმართავს ოპოზიცია თავის საქმიანობას. შეიძლება მან შეძლოს ამ ელექტორატის გაერთიანება, ან შეიძლება მოხდეს პირიქით - ოპოზიციური ელექტორატი საერთოდ დაშალოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრის დროს აღნიშნა, რომ არსებული ვითარებიდან გამოსავალი, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაშია. როგორც შარაშენიძემ თქვა, „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.

„აღარავის სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არ აკონტროლებს რაღაც დოზით მაინც სასამართლო სისტემას. აქ გამოსავალი იქნებოდა კოალიციური ხელისუფლება, რომ ლეგიტიმაცია შეიძინონ, რადგან მესამე ვადით, ძალიან მძიმეა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს სხვებზე მაღალი რეიტინგი, ამავე დროს მოსახლეობაში არსებობს ძალიან დიდი მასა, რომელსაც არც „ოცნება“ მოსწონს და არც სხვა ვინმე. როდესაც 30%-იანი პარტია მესამე ვადით მოდის ხელისუფლება, უკვე პრობლემაა. ამიტომაც კარგი იქნებოდა კოალიცია ვიღაცასთან, რაღაც ფორმით“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

 

 

კ ა ხ ე ლ ი ძალია ბევრი და მეც, დარწმუნებული ვართ, რომ "ოცნება" სასამარტლო ხელისუფლებას არ აკონტროლებს. ამიტომ, ან ჩვენ ვართ "აღარავინ", როგორც თორნიკე შარაშენიძე გვიწოდებს ანდა იგი ექსპერტი კი არა არავინაა. :)
2 წლის უკან
trampi მოკლედ გადადექით
ნაცები მოიყვანეთ ხელისუფლებაში და ოქროს ბიჭები იქნებით
აი სუ ესააა მთელი ფილოსოფია
2 წლის უკან