„მადრიდის სამიტზე, თუ რამე დადებითი, არაპროვოცირებადი, ქვეყნის სამშვიდობო განვითარების მხარდამჭერი შედეგი შეგვეძლო მიგვეღო, მაქსიმალურად მიღებულია“

„მადრიდის სამიტზე, თუ რამე დადებითი, არაპროვოცირებადი, ქვეყნის სამშვიდობო განვითარების მხარდამჭერი შედეგი შეგვეძლო მიგვეღო, მაქსიმალურად მიღებულია“

NATO ფართოვდება. თურქეთმა მხარი დაუჭერა ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. ოფიციალური თურქეთი აცხადებს, რომ ის შვედეთიდან და ფინეთიდან 33 ქურთი მებრძოლისა და გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილის ექსტრადირებას შეეცდება იმ შეთანხმების საფუძველზე, რის შედეგადაც ანკარა სკანდინავიური ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას დასთანხმდა.

„ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, 28 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთთან და ფინეთთან 10-პუნქტიან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, ორმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ოფიციალური ანკარის ბრძოლას შეუერთდებიან და აგრეთვე, ეჭვმიტანილთა სწრაფ ექსტრადიციას განახორციელებენ. მედიის ცნობით, თურქეთი 12 ეჭვმიტანილის ფინეთიდან, ხოლო 21 პირის შვედეთიდან ექსტრადირებას ითხოვს. ეჭვმიტანილები, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრები არიან.

თურქეთის ეს პოლიტიკური ნაბიჯი კი იმას ნიშნავს, რომ ნატო რუსეთის საზღვრებს უახლოვდება. ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა ნაკლებ ნატო-ს დასავლეთ საზღვრებზე, მაგრამ არასწორი აღმოჩნდა, ის იღებს მეტ ნატო-ს.

„ბევრი მნიშვნელობით, ეს არის ისტორიული სამიტი. ჩვენ ვიღებთ ორ ახალ წევრს -ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც წევრიანდებიან ალიანსში. ეს არის უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ალიანსისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეუძლია ალიანსს, მეტად დაეხმაროს უკრაინელებს. ასევე ჩვენ გვჭირდება, ვიფიქროთ გასული თვეების გაკვეთილებზე და ნატო-ს საჭიროებაზე, გადახედოს პოზიციას მის აღმოსავლეთ საზღვარზე“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ალიანსის გენმდივნის განცხადებით, რუსეთი არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად იყო მიწვეული და 2010 წელს ნატო-ს სტრატეგიულ პარტნიორადაც კი ითვლებოდა, თუმცა ეს არის რუსეთი, რომელიც დაშორდა პარტნიორობის დამყარების მცდელობებს.

„რუსეთმა ეს საკუთარი საქციელით დაამტკიცა, როდესაც მან ძალა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა და 2014 წლიდან, დონბასში ძალას იყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია გულუბრყვილოები ვიყოთ. საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს რისკი ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო მოქმედების“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტისა და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ნატო-ს ახალ, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში. ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული დეკლარაციის მიხედვით, ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

ტექსტის თანახმად, სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ აზრთა ღირებული გაცვლა ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებთან, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. მაშ ასე, სამიტის მონაწილეებმა მიიღეს ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მადრიდის სამიტის ფარგლებში მიღებულია კონკრეტული დოკუმენტები, რომელიც გვაძლევს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს.

„პირველი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ეს არის ახალი ნატოს სტრატეგიული კონცეფცია 2030, რომელშიც გაწერილია გრძელვადიან პერსპექტივაში ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ნატოს და საქართველოს მომავალში ექნება. მეორე - ეს იქნება დეკლარაცია, სადაც აღნიშნული იქნება საქართველოზე მორგებული თანამშრომლობის ღონისძიებების ჩამონათვალი“, - განაცხადა საგარეო სამეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ალიანსის მხრიდან, პირველ რიგში, პოლიტიკური კომპონენტის გაჟღერებას ელოდებოდა, რამაც ამ ეტაპზე სავსებით უნდა დაგვაკმაყოფილოს. მისი თქმით, მერამდენედ იქნა დამარცხებული ქართული ოპოზიციური პარანოია პუტინის მთავრობასთან მიმართებაში, რომლის პრემიერს, როგორც მეგობარს, არ იწვევენ ისეთ სამიტზე, სადაც მას, როგორც პარტნიორს ხვდებიან იენს სტოლტენბერგი, ესპანეთის მეფე და პრემიერ-მინისტრი, ჯო ბაიდენი, ბორის ჯონსონი, ემანუელ მაკრონი და მსოფლიოს სხვა ლიდერები.

„დიდი ბრიტანეთის მიერ „პუტინის“ მთავრობისთვის პუტინისაგან დასაცავად, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფა შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკური ფსიქოპათოლოგების გულების გასახეთქი აქტების ჩამონათვალს მივაკუთვნოთ. შემდგომი პოლიტიკური გვერდში დგომის მეგობრული და პარტნიორული ნაბიჯია ასევე ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ახალი პოლიტიკური ზომების შემუშავების მზაობა საქართველოს მთლიანობისა და მედეგობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობის განვითარების მიზნით“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისი თქმით, არ იქნა მიცემული არც ერთი ფუჭი და სახიფათო დაპირება, რომელიც ქვეყანას შეუქმნიდა აგრესიული რუსეთის წინაშე მის გამაღიზიანებელ დამატებით რისკ-ფაქტორებს.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსეთის პრესის ძირითადი მესიჯ-ბოქსი იყო: „NATO ჯერჯერობით არაა მზად საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ახალ ვადებზე რაიმე ახალი დაპირებები მისცეს“. ამ მნიშვნელოვანი გარემოებისა და ბუქარესტის სამიტზე შესაძლოა, დაშვებული შეცდომების გაანალიზების გათვალისწინებით, NATO-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში, ამ ეტაპზე სამხედრო კომპონენტის რაიმე ფორმით გაძლიერებაზე საუბარი არ იყო - ალიანსს არ სურს თავისი რომელიმე გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სამხედრო აგრესიის პოტენციური მსვერპლის როლში გამოიყვანოს.

ამ კუთხითაც, უკვე NATO-ს სახელით ჩვენს ომის პარტიას შეგვიძლია ჩვენი ღრმა მწუხარება გავუზიაროთ. ამ ეტაპზე, თუ რამე დადებითი, მოზომილი, არაპროვოცირებადი, მხარდამჭერი, დამაიმედებელი, ქვეყნის სამშვიდობო განვითარების წამახალისებელი შედეგი შეგვეძლო მიგვეღო მადრიდის სამიტზე, მაქსიმალურად მიღებულია. ქვეყანას მიეცა მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების გზაზე შემდგომი წინსვლის გაგრძელების შესაძლებლობა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

Aburjga Tasmanieli ირაკლი ამ მტარვალ ორბს ხელი რომ ჩამოართვი ახლა წადი და დომესტოსით დაიბანე, ასე 41 ჯერ მაინც! რა ტურას დაიჭერს ფინეთი მისი ნაბიჭვრული მოქმედებებით მალე მაგასაც ვნახავთ! დედა უკვე აღარ ყავთ და ვერ გაუგიათ, მალე ყოფა ეტირებათ,! ამბობდა პუტინი, ნატო არის შეტევითი აგრესიული ბლოკიო! ყველაფერი ამაზე მეტყველებს, ნატო თავისი მოქმედებებით და სამომავლო გეგმებით ყოველ წამს განამტკიცებს პუტინის მოსაზრებებს!
2 წლის უკან