„ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვის სამინისტროს ელიტურ კორუფციაში სდებს ბრალს და იმ მაღალი თანამდებობის პირთა დასჯას ითხოვს, რომელთაც შეთანხმებებში მონაწილეობა მიიღეს. კერძოდ, ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 4 იანვარს, გიორგი სიმონიანმა, რომელიც გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლია, თბილისში, შპს „პროგრეს პლუსი“ დაარეგისტრირა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თავად არის.
„ამ ადამიანს არანაირი ბიზნესგამოცდილება არ აქვს. მისი ფირმის დაფუძნებიდან სამ კვირაში კი, მან თავდაცვის სამინისტროს ტენდერში მონაწილეობა მიიღო და 70 000 ლარი საწმენდი და საპრიალებელი საშუალებებისთვის მოიგო. ამ კომპანიამ, რომელიც, სპეციალურად ამ ტენდერებისთვის შეიქმნა და რომელსაც, ოფისი და ტელეფონი არ გააჩნია, ორი ტენდერი მოიგო. კერძოდ, კომპანიამ სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისთვის გამოტანილი ლოტი - 1 372 000 ლარი მოიგო და ასევე აკუმულატორების მიწოდებაზე 238 000 ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. სხვათა შორის, ეს ტენდერი „თეგეტა მოტორსს“ მოუგო. საბოლოოდ, ამ კომპანიამ თავდაცვის სამინისტროდან, თითქმის, 1 800 000 ლარი მიიღო. გიორგი სიმონიანი გია ყარყარაშვილის მძღოლია და თუ გავიხსენებთ რა ახლო ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან ყარყარაშვილსა და ირაკლი ალასანიას, ალბათ, ეს ფაქტები არავის გაკვირებას არ გამოიწვევს და გასაგები გახდება - კომპანიამ სამი ლოტის მოგება როგორც მოახერხა. როგორც ჩანს, ალასანიამ ყარყარაშვილს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა. ეს ელიტური კორუფციის ფაქტია“, - განაცხადა ნადირაშვილმა, რომელმაც ამ სქემაში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა.
ელიტურ კორუფციაზე საუბრისას, გივი თარგამაძემ ყურადღება თავდაცვის უწყებაში კვებაზე ჩატარებულ ტენდერზე გაამახვილა.
მისი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში კვების ტენდერში, 19 და 39 მილიონ ლარიანი ლოტები შპს „ელექტრომონტაჟ სერვისმა“ მოიგო.
„შეიარაღებული ძალების კვების მსხვილმასშტაბიანი ტენდერების ოთხ ლოტში (საერთო ღირებულებით 108 მილიონი ლარი) გამარჯვებულია სამი ფირმა, მაშინ როდესაც, ტენდერში მონაწილეობდნენ ბევრად მეტი რაოდენობის და მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე კომპანიები. აქედან ორ ლოტში (საერთო ღირებულებით 58 მილიონი ლარი), გამარჯვებულია კვების სფეროში გამოცდილების სრულიად არ მქონე შპს „ელექტრო მონტაჟსერვისი“. პარლამენტის წევრის, ირინა იმერლიშვილის მეუღლის ფირმა შპს „ფუდლაინი“ გამარჯვებულად მითითებულია 35 მილიონი ლარის ღირებულების ლოტში, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს ადრე გაკეთებული განცხადებით ფირმა ტენდერიდან მოხსნილი იყო“, - აცხადებს თარგამაძე.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ კვების ტენდერების გაუქმებას, თარგამაძის განცხადებით, ირანულ კვერცხთან დაკავშირებით, უმცირესობა თავდაცვის მინისტრს აფრთხილებდა, რომ ის მოწამვლის საფრთხეს შეიცავს.
„როგორც ჩანს, ალასანიამ ანგარიში გია ხუხაშვილს მაინც გაუწია და პოლიტიკური რევერანსი ამ ჯარისკაცების მოწამვლის ხარჯზე გაუკეთა, თუმცა, შემდეგ ხუხაშვილის რიტორიკა ალასანიას მიმართ შეიცვალა და საკმაოდ შერბილდა კიდეც. იმ სიტუაციაში, როცა ხელმისაწვდომ ტენდერებში ასეთი განუკითხაობა ტრიალებს, აშკარა არისრატომ არ სურთ „ნდობის ჯგუფში“ ნაციონალური მოძრაობის შეშვება, რომელსაც ხელი ყველა დახურულ ხარჯზე მიუწვდება“, - აღნიშნავს თარგამაძე, რომლის „ნდობის ჯგუფში“ შესვლასაც უმრავლესობა ეწინააღმდეგება და მას ნდობას არ უცხადებს.
ოპონენტთა ბრალდებებს ირინე იმელიშვილი პასუხობს და აცხადებს, რომ უმცირესობა უსაფუძვლო პიარით არის დაკავებული და საკუთარი ელიტალური კორუფციის ფაქტების გადაფარვს ცდილობს.
„დასამალი არაფერი მაქვს. კომპანიაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენტერში მონაწილეობს, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჩემი მეუღლის სახელი და გვარი პირდაპირ წერია, რადგან კვების სფეროში ეს კომპანია წარმატებულია. იმისდა მიუხედავად, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეს ტენდერი ჩაიშალა (ნორმირებული კვებიდან, არანორმირებულზე გადასვლის გამო) კომპანია მომავალში, გამოცხადებულ ტენდერებშიც მიიღებს მონაწილეობას და გამიხარდება თუ გაიმარჯვებს კიდეც, რადგან კანონდარღვევას, ვინმესთვის წილებში ჩაჯდომასა და ბიზნესების წართმევას არ ვაპირებთ. ასევე, არ ვგეგმავთ, ბიუჯეტიდან თანხების მოპარვას“, - განუცხადა for.ge-ს იმერლიშვილმა.
თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ნაციონალთა მხრიდან ელიტალურ კორუფციაზე საუბარს ცინიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მათ მიერ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია.
„ის, რომ ელიტარულ კორუფციაზე გივი თარგამაძე საუბრობს, ეს უკვე ცინიკურია. ელიტურ კორუფციაზე ის ადამიანი საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში, „ნდობის ჯგუფის“ ხელმძღვანელი იყო და მათ თავდაცვის სამინისტროს ხარჯების გაკონტროლება ევალებოდათ, მაგრამ არავინ იცოდა სად და როგორ იხარჯებოდა სახსრები. ნადირაშვილისა და თარგამაძის მიერ გაჟღერებული საკითხები კი აბსურდულია, მაგრამ ეს ინფორმაცია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, აუცილებელია, ნებისმიერი ეჭვი გამოირიცხოს და განცხადება გადამოწმდეს. რაც შეეხება „ნდობის ჯგუფში“ თარგამაძის არ შესვლის ფაქტს, ეს მის პოლიტიკურ წარსულთან და ქმედებებთან არის დაკავშირებული და არა მის ნდობასთან“, - განუცხადა for.ge-ს ჩიქოვანმა.