დრო და დრო საქართველოს მოსახლეობა თუ ბიზნესში დასაქმებული პირები ძველი დავალიანებებისაგან თავისუფლდებიან. უფრო ხშირად ეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხდება. ამჯერადაც ახალმა ხელისუფლებამ ძველ ჯარიმებზე ამნისტიის სურვილი გამოთქვა.
თბილისის მცხოვრებლები 2011 წლის პირველ ივლისამდე დაგროვილი დასუფთავების გადასახადის დავალიანებისგან გათავისუფლდებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” კანონში შედის, რომელიც ბიუროს სხდომაზე უკვე ინიცირებულია.
კანონპროექტის მიზანად შემდეგი მოტივია დასახელებული - თბილისის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირები 2011 წლის პირველ ივლისამდე რიცხული, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანებისგან გათავისუფლება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები.
სავარაუდოდ, ეს ინიციატივა, გარკვეულწილად, უკავშირდება დასფუთავების გადასახადის გადახდის მექნიზმის ცვლილებას. მოგეხსენებათ, 2103 წლის პირველი ივლისიდან დედაქალაქის მკვიდრნი გადასახადს კვლავ სულადობრივად გადაიხდიან. ამასთან, სულთა მაქსიმალური რაოდენობა ოთხით განისაზღვრა, ტარიფი კი 1 სულზე - 2,5 ლარი. რამდემადაც სწორედ 2011 წლიდან მიება დენი და დასუფთავება ერთმანეთს, ახლა სწორედ უფრო ძველი პერიოდიდან არსებული დავალიანების ჩამოწერა მიმდინარეობს, რაც აბონენტებისთვის გარკვეულ შეღავათი ნამდვილად იქნება.
უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ თბილისის ტერიტორიაზე დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. შესწორება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” შედის.
პარლამენტში გუშინ ინიცირებული ცვლილებებით, განისაზღვრება იმ დასრულებული ან დასრულების ეტაპზე მისული შენობა-ნაგებობების მშენებელი პირების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების დროებითი 6-თვიანი მექანიზმი, რომლის მშენებლობის ნებართვას გასული აქვს ვადა და მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვისგამცემი ორგანოს მიერ დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით.
ამას გარდა, იმ სამართალდამრღვევი სუბიექტების მიმართ, რომელსაც კანონის ძალაში შესვლამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა სამშენებლო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ პუნქტის მომენტისთვის ჯარიმის, საურავის თანხა არ აქვს გადახდილი (ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ), ძალადაკარგულად გამოცხადდება ჯარიმის ან/და საურავის დაკისრების შესახებ დადგენილება და გამოიცემა აქტი მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგეგობის ექსპლოატაციაში მიღების შესახებ.
რამდენადაც დედაქალაქში უამრავი დაუსრულებელი მშენებლობაა, ეს ცვლილება, შესაძლოა, პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა იყოს. სამშენებლო კომპანიებსა თუ კერძო მშენებლებს ისედაც უამრავი ვალი აწევთ კისერზე და სახელმწიფოს მიერ ჯარიმების ჩამოწერა მათთვის შვების მომტანი იქნება.