28-30 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) სამიტი გაიმართება. ამ სამიტის მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხები იქნება განხილული. შესაძლოა ასევე განხილულ იყოს, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი. რაც შეეხება საქართველოს, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ჩვენთან მიმართებაში, რაიმე ნაბიჯი იყოს გადადგმული. თუმცა, ბუნებრივია, კონკრეტულ გზავნილებს მიიღებს, როგორც საქართველო, ისე უკრაინა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
„პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ.
მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, რომ ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ გავხსენით ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა ჩვენი ჯარის. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს ჯარში აქტიური რეფორმები, ტრანსფორმაციის და რეფორმების პროცესი და ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული და ქვეყანა გავა სამშვიდობოზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
15 ივნისს, ნატოს თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინის, საქართველოს, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდნენ.
„ეს შეხვედრა შესაძლებლობას მისცემს მინისტრ რეზნიკოვს (უკრაინის თავდაცვის მინისტრს), რომ მოგვაწოდოს ინფორმაცია იმაზე, რაც სასწრაფოდ ესაჭიროება უკრაინას. მოკავშირეები მზად არიან მიაწოდონ უკრაინას ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მისი გამარჯვებისთვის, მათ შორის მძიმე შეიარაღება და შორი რადიუსის მოქმედების სისტემები. ჩვენ ასევე განვიხილავთ პრაქტიკულ დახმარებას სხვა, საფრთხის წინაშე მდგარი პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 15 ივნისს, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
კონფლიქტოლოგი, გიორგი კანაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმის გათვალისწინებით, რა გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მისცეს, ნატო-ს გაფართოების მიმართულებით, საქართველო რაიმე სასიხარულოს არ უნდა ელოდოს.
„ვხედავთ, რომ რაღაც საკითხებთან მიმართებაში, დასავლელ პარტიორებს ჩვენთან აქვთ სხვადასხვა წინაპირობები. მათი სკეპტიკური განწყობა საქართველოს დღევანელი ხელისუფლების საქმიანობასთან მიმართებაში დასავლეთში საყოველთაოა. ამიტომ რაიმე განსკუთრებულს ჩვენი მიმართულებით არ უნდა ველოდოთ. ზოგადად, რაიმე მესიჯები არ გაჟღერებულა, რომ საქართველო რამეს უნდა ელოდოს ამ სამიტზე. შესაბამისად, სასიხარულო განცდა არ მაქვს, რომ განსაკუთრებული რამ მოხდება საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიფინგზე დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს სამიტზე ელოდებიან იმ ფორმატში, რომელშიც იგი უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
„მოუთმენლად ველი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე ნატოს ლიდერებს მიმართავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება უკრაინის საკითხს, გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ნატო-ს გაფართოების კუთხით, ომში მყოფ ქვეყანასაც რაიმე კარგის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ამ სამიტიდან. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნატო შედარებით, მაინც, დისტანცირებული იქნება ამ კონფლიქტიდან.
„ომის დაწყების მომენტში საკმაოდ ხშირი იყო, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, ნატო-სთან დაკავშირებით საუბარი. გვახსოვს ისიც, ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ ისინი მზად არიან ნეიტრალიტეტზე იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ კონკრეტული გარანტიები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ადასტურებდა იმ მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე ნატო შედარებით მაინც დისტანცირებული იქნება ამ კონფლიქტიდან.
მაპ-ის მინიჭების საკითხზე არც უკრაინასთან მიმართებაში არ ყოფილა საუბარი. შეიძლება გაჩნდეს დამატებითი ჩანაწერები, რომლებიც დაახლოებული იქნება წინა სამიტთან, მაგრამ რაიმე გარღევევა არ მიმართულებით არ იქნება, ევროკავშირის მიმართულებისგან განსხვავებით. ამის შეგრძნება არც უკრაინას არ უნდა ჰქონდეს. რაიმე განცხადება არც უკრაინელების მხრიდან არ ყოფილა. რასაც ვხედავთ, ეს არის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დახმარების გაწევა უკრაინის მიმართ, სხვადასხვა სახით. ალბათ, უფრო მოსალოდნელია, რომ შვედეთისა და ფინეთის მიმართულებით უნდა ველოდოთ, თუ თურქეთის პოზიცია შეიცვლება მანამდე, თუმცა, 100%-იანი სიცხადე ჯერჯერობით არ არის“, - აღნიშნა გიორგი კანაშვილმა For.ge-სთან.