ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ დასავლეთის ერთიანობამ 5 წელიწადს გასტანა, უკრაინის ომის გამო კი ოთხი თვეც ვერ გაძლო ევროპამ და დაიღალა. გახშირდა მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებასა და უკან დახევასთან დაკავშირებით, ზელენსკის ურჩევენ დათმობას, კონკრეტულად, მაკრონმა კარგა ხნის წინ მიანიშნა უკრაინას, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული; იტალიის ხელისუფლებამ ომის დასრულების საკუთარი გეგმა გაეროშიც წარადგინა, რაც უკრაინისთვის მიუღებელი ზავის დადებას ითვალისწინებდა. მსგავსი პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმაც. რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისკენ უკრაინის ხელისუფლებას, ასევე, მოუწოდა იტალიის ყოფილმა პრემიერმა ბერლუსკონიმ.
ყოველივე ამან აღაშფოთა პუტინმოძულე და ქარიზმატული ბორის ჯონსონი, რომელმაც უკმაყოფილება არ დამალა და თქვა, „რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისკენ არ უნდა უბიძგონ ზელენსკის“.
ცხადია, ომში მყოფი ქვეყნის მომარაგება მოხალისეებით, ფინანსებითა და იარაღით ადვილი არ არის. უკრაინის დასახმარებლად უწყვეტად გადის თანხები ევროპიდან, ამერიკიდან იარაღის შესაძენად, სურსათით უზრუნველსაყოფად, ლტოლვილების მისაღებად. დასავლური ვალუტა ამის გამოც უფასურდება. პარალელურ რეჟიმში ევროპა უარს ამბობს რუსულ ნავთობსა და გაზზე. ჯერ ზაფხულია, მაგრამ როცა აცივდება, არავინ იცის, რა განწყობა ექნებათ ევროპაში, კომფორტს მიჩვეული ევროპელები აიტანენ ზამთარში რუსულ გაზზე უარის თქმას და არ მოსთხოვენ პასუხს საკუთარ ხელისუფალთ?
უკრაინის ომმა ევროპა რომ დაღალა და გამოფიტა, ეს რომის პაპმაც შენიშნა. „ნუ შევეჩვევით ცხოვრებას ისე, თითქოს ომი შორეული რამ იყოს“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
შემთხვევითი არ არის ოლენა ზელენსკას მოწოდებაც მსოფლიოს მიმართ, „ომი თქვენგან შორსაა, დიდხანს გრძელდება და მისგან შეიძლება დაიღალოთ, მაგრამ გთხოვთ, არ შეეჩვიოთ ჩვენს ტკივილს, რადგან ეს რეალური ტკივილია“.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინის ომის დამთავრებამდე ჯერ კიდევ შორია, საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივით მიმდინარეობს ამ ომის განვითარების სცენარი. ასეთ სიტუაციაში ყველა შეიძლება დაიღალოს, მაგრამ ევროპა მაინც არ დაიღლება უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადებით, რადგან, თუ უკრაინა დამარცხდა, შემდგომი ეტაპი იქნება უკვე თვითონ ევროპა, რომელსაც რუსეთი ნამდვილად ემუქრება და შეიძლება კიდევ უფრო დიდი აგრესიაც მოუწყოს.
„ჰუმანიტარული კუთხით უკრაინის დახმარება მართლაც დამღლელია, მაგრამ ომში დაღლა არ შეიძლება, ბრძოლას აგრძელებს უკრაინა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ცუდია ის, რომ ამ ომს ეწირება უკრაინის გენოფონდი, ეს არის ყველაზე საშიში და ტრაგიკული. თვითონ მმართველი პოლიტიკური პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ არახამიამ მოიყვანა ფაქტები, რომ უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე დღეში კარგავს 200-დან 500 ადამიანამდე, ეს საშინელი ფაქტია. ჯერჯერობით ომს აქვს გაჭიანურებული და დიდი ხნის განვითარების პერსპექტივა. სამწუხაროდ, მოლაპარაკების საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვერ ამჩნევს დასავლეთის დაღლას უკრაინის ომის გამო. for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი აცხადებს, რომ, ცხადია, ამდენი იარაღისა და დახმარების გაცემა აისახება დასავლეთის ქვეყნების ბიუჯეტზე, მაგრამ რუსეთმა საშინელი უბედურება დაატრიალა უკრაინაში.
„ოთხეული რომ ჩავიდა უკრაინაში, ზელენსკიმ ისინი მიიყვანა ირპენში, ქალაქში, რომელიც აღარ არსებობს, ანუ მკვდარ ქალაქში. უკრაინაში დღეს 15-მდე მკვდარი ქალაქია, სადაც მხოლოდ ნანგრევებია. ამ დანაშაულს რუსეთი სად გაექცევა? მსოფლიოში ვერავინ ვერ გაექცევა ასეთ დანაშაულს და ენა არავის მოუბრუნდება ამის შემხედვარე სხვანაირად იფიქროს. რაც შეეხება დაღლას, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, დაიღლება თუ არა დასავლეთი, ეს დამოკიდებულია იმაზე, ნოემბერში ამერიკაში შუალედური არჩევნები როგორ დამთავრდება. ასევე, მნიშვნელოვანია ნავთობის საკითხის გადაწყვეტა, ამ დღეებში ბაიდენი აღმოსავლეთში მიემგზავრება, საუდის არაბეთსა და ისრაელში ჩადის. თუ საუდის არაბეთს დააჯერებს, რომ ევროპას გაუზარდოს ნავთობის მიწოდება, ეს უკვე მიღწევა იქნება. რუსეთიც ყველაფერს აკეთებს, რომ დასაჯოს ევროპა. დაბოღმილმა პუტინმა გაზი შეუმცირა ამ დღეებში ევროპას. 120 მილიარდ კუბურ მეტრს აწვდიდა და დაიყვანა 25 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის აზრით, ზამთრამდე კიდევ დიდი დროა და ევროპა არ გაიყინება, რადგან მთავარია, ევროპელებს ფული აქვთ. სხვათა შორის, გერმანიის კანცლერ შოლცსაც ძალიან უნდოდა უკრაინის ომით „დაღლილიყო“, მაგრამ არ დაღალეს.
„შოლცმა ერთი ადგილი დიდხანს ათამაშა, ჯერ უარზე იყო და უთხრა უკრაინას, იარაღს არ მოგცემთო, მაგრამ თვითონ გერმანელებმა ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სულ ახლახანს შოლცი უკრაინას ყველანაირი იარაღის გადაცემას დაჰპირდა. შოლცი ზელენსკიზე უფრო უკრაინელი გახდა. რასაკვირველია, რუსეთის დაჩოქება ადვილი არ არის, ყოველდღიურად რუსეთი მილიარდ დოლარს მაინც ღებულობს, მაგრამ თვითონ რუსეთსაც უჭირს უკვე“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.