პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მაგრამ არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, იგი მაინც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2013 წლის პირველ სამ თვეში 226 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს 43 მლიონი დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, მაგრამ აღემატება შარშანწინდელ მონაცემებს.
2012 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 269 მილიონი დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, თუმცა მერე თანდათან კლება დაიწყო: მე-2 კვარტალში - 219 მილიონი აშშ დოლარი, მე-3 კვარტალში - 195 მილიონი აშშ დოლარი, მე-4 კვარტალში კი - 181 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ შარშან საინვესტიციო გეგმა ვერ შესრულდა. ბოლო 4 წელიწადში ეს უკვე მესამედ მოხდა. ამ ეტაპზე კი სპეციალისტებს სრულიად საპირისპირო მოლოდინი აქვთ.
2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია იაპონია, რომელმაც საქართველოში 46 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა, აზერბაიჯანი 38 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალი დააბანდა, ნიდერლანდებმა კი 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
პირველი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ინვესტიცია, საფინანსო სექტორში განხორციელდა - 65 მილიონი დოლარი - რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკა - 42 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე -სამთო მოპოვებითი მრეწველობა 13 მილიონი დოლარი.
რა თქმა უნდა, 2-მილიარდიანი გეგმის ფონზე პირველი კვარტლის მონაცემები ერთობ მოკრძალებულია, მაგრამ არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საკმაოდ დამაიმედებელიც. წლის დასაწყისშივე მთავრობამ 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შემოსვლა დაანონსა. „ეკონომიკის სამინისტროს აქვს პროგნოზი და ჩვენც ვეთანხმებით, რომ 2013 წელს ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვა“, - განაცხადა რამდნიმე თვის წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ჯერჯერობით კი მთავრობის წევრებიც აღიარებენ, რომ ინვესტიციების ნაკადი მძლავრი არ არის.
„სასურველია მეტი საინვესტიციო აქტივობა, თუმცა გარდამავალ პერიოდს ყოველთვის ახასიათებს საინვესტიციო აქტივობის შედარებით დაბალი ტემპი. ჩვენ საინვესტიციო აქტივობას უფრო მესამე-მეოთხე კვარტალში ველოდებით.
გაისად უფრო მაღალი უნდა იყოს საინვესტიციო აქტივობა, ვიდრე ეს იქნება 2013 წელს იმიტომ, რომ ეს წელი ერთ-ერთი რთული წელია საქართველოსთვის წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ინვესტორები მაინც მოლოდინის რეჟიმში არიან, ელოდებიან როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები, შეიცვლებიან თუ არა გუბერნატორები და ა.შ. როცა ეს პროცესები უმტკივნეულოდ და მშვიდად გადაივლის, მოიმატებს ინვესტიციებიც.
ეკონომიკური აქტივობა ოდნავ შემცირებულია, თუმცა ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას. ზოგადად, ჩვენს რეგიონში, ევროპის ქვეყნების მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წელს ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე ოდნავ ნაკლებია და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ”, - აცხადებს რეგიონალური ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობაა, სპეციალისტების აზრით, საქართველო ინვესტორებისთვის მაინც მიმზიდველია, ვინაიდან ქვეყანა გეოპოლიტიკურად აქტიურ სივრცეშია მოქცეული.
შეიძლება, გარკვეულ დაბნეულობას იწვევდეს ის, რომ ქვეყანაში, ასე თუ ისე, ორხელისუფლებიანობაა, მაგრამ ინვესტორებმა ისიც იციან, რომ საქართველოში თავის დასამკვიდრებლად ახლა ხელსაყრელი მდგომარეობაა და შეიძლება ასეთი შანსი მათ მომავალში აღარც ჰქონდეთ“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ავთო სილაგაძე.