„ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა იმან, რომ უკრაინა მსხვერპლია და ომის პირობებში იმყოფება. რაც შეეხება მოლდოვას, მართალია, მოლდოვამ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, მაგრამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, ეხმარებოდა უკრაინას შეიარაღების მიწოდებით, ლტოლვილების მიღებით, მოლდოვას მეტი მხარდაჭერა ჰქონდა თუნდაც იმიტომ, რომ მის გვერდით იდგა და დგას რუმინეთი, ევროკავშირის კონკრეტული სტრუქტურები, რომლებიც მოლდოვას გეოპოლიტიკურ ლობირებას უწევენ. მოლდოვის რუმინიზაციის პროცესი სერიოზული ზურგია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
საქართველო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივით, უკრაინასა და მოლდოვას კი წაახალისებენ. ეს ხომ არ არის მაამებლური საქციელი რუსეთის მიმართ, რათა რუსებს სახე შეუნარჩუნონ? ამ შემთხვევაში, პოლიტიკაა მთავარი, თუ რეკომენდაციების შესრულება-არშესრულება? რაზე შეეძლო დაეხუჭა თვალი ევროპას საქართველოსთან მიმართებით?
- რა გითხრათ, მე აქ ვერავითარ მაამებლობას რუსეთის მიმართ ვერ ვხედავ. პირიქით, მე ვხედავ, რომ ის ქვეყნები, რომელთაც ჰქონდათ უფრო ხისტი დამოკიდებულება რუსეთისადმი, გეოპოლიტიკური კონიუქტურის კუთხით აღმოჩნდნენ მხარდაჭერილნი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენმა ალიანსმა, ტრიომ გამოიჩინა სხვადასხვანაირი მიდგომა რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა, რომ უკრაინა მსხვერპლია და ომის პირობებში იმყოფება. რაც შეეხება მოლდოვას, მართალია, მოლდოვამ სანქციები არ დაუწესა რუსეთს, მაგრამ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, ეხმარებოდა უკრაინას შეიარაღების მიწოდებით, ლტოლვილების მიღებით, პრორუსულ პარტიებთან მიმართებით გაატარა კონკრეტული ღონისძიებები, რუმინეთთან ერთად მონაწილეობდა უკრაინის მხარდაჭერაში. საქართველოსთან მიმართებით კი ცოტა განსხვავებული მომენტი იყო. ის პოლიტიკური რეფორმები, რასაც გვედავება ევროკავშირი, მართლაც არ განხორციელებულა. ომის თემა რომ არ ყოფილიყო ამოსავალი, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩავარდნა ევროკავშირისთვის სილის გაწვნას ნიშნავდა. ცხადია, ევროკავშირი ამას არ დაივიწყებდა. მართალია, ეკონომიკური კუთხით საქართველოს აქვს პროგრესული შედეგები, რაც აღინიშნა კიდეც ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, მაგრამ რჩებოდა ხუთი სერიოზული პოლიტიკური ბარიერი: პირველი, სასამართლო, მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროინდელი სასამართლო რომ ვერ იქნებოდა ახალი რეფორმების გამტარი და ევროკავშირის სტანდარტების მქონე სასამართლო, ეს გასაგებია. მეორე, იმატა კორუფციის ფაქტებმა, მესამე, ორგანიზაციული დანაშაული, მეოთხე, სერიოზული პოლარიზება, მათ შორის, მედიაშიც, რამდენიმე მედიასაშუალებაა, რომელიც დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. მეხუთე, სპეცსამსახურების პარპაში, ანუ უცხო ქვეყნის დიპლომატების მეთვალყურეობა და თვალთვალი მიმდინარეობს, რის შესახებაც არ ხდება რეაგირება და გამოძიება, ეს ცუდი მაგალითია. ამას ემატება სამართალდამცავი სტრუქტურების არაპროფესიონალიზმი, დილეტანტიზმი.
ფაქტია, დსთ-ში შესვლაც კი აპატიეს მოლდოვას, აპატიეს ისიც, რომ უკრაინის ომის მსვლელობისას მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, სანამ ჩვენს ქვეყანას შეუძლია დსთ-დან ეკონომიკური უპირატესობის მიღება, პრაგმატული ნაბიჯი უნდა გადავდგათ და დსთ-დან არ გამოვიდეთ. საქართველო დსთ-ში მაინც ხომ არ შესულა? თუკი დსთ-ზე თვალის დახუჭვა შეიძლებოდა მოლდოვასთან მიმართებით, ხომ შეეძლოთ, სხვა რამეზეც დაეხუჭათ თვალი საქართველოსთან მიმართებით? თქვენ რაც ჩამოთვალეთ, უკლებლივ ყველა რეფორმა რომც გაგვეტარებინა, ალბათ, მაინც მოძებნიდნენ მიზეზს, რადგან საქართველოს მიღების პოზიტიური განწყობა არ ჰქონდათ.
- მოლდოვის დსთ-ში ყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ისედაც დსთ გადაიქცა სიმბოლურ გაერთიანებად და დსთ ვინც დააფუძნა, ისინიც ჯეროვნად ვერ ახდენენ რაიმე გავლენას. გასაგებია, მოლდოვას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს თუნდაც იმიტომ, რომ მის გვერდით დგას რუმინეთი, მის გვერდშია ევროკავშირის კონკრეტული სტრუქტურები, რომლებიც მოლდოვას გეოპოლიტიკურ ლობირებას უწევენ. მოლდოვის რუმინიზაციის პროცესი და რუმინეთის მხარდაჭერა სერიოზული ზურგია. გარდა ამისა, მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ ვერ შევძელით, მან შეძლო დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონთან დიალოგის წარმოება, განავითარა სამშვიდობო ინიციატივა, დნესტრისპირეთის მოსახლეობას და მოლდოვის ხელისუფლებას დღეს უკვე კარგი ურთიერთობა გააჩნიათ. მეტსაც გეტყვით, მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის ფეხბურთის გუნდები მონაწილეობენ მოლდოვის ეროვნულ ჩემპიონატში. ხომ გესმით, აფხაზური და ოსური გუნდები რომ მონაწილეობდნენ საქართველოს ჩემპიონატში, ეს უკვე იქნებოდა სერიოზული წარმატება. ჩვენ ამ მხრივ არაფერი გაგვიკეთებია, ჩვენ დავაკონსერვეთ კონფლიქტის კერები, ერთი ნაბიჯიც არ გადავდგით, რომ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან საერთო ხიდი გამოგვენახა, დიალოგი დაგვეწყო, თუნდაც მოლდოვის გამოცდილება გამოგვეყენებინა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველანაირად ბლოკავს ჩვენს ურთიერთობას აფხაზებთან და ოსებთან, მაინც შეგვეძლო საერთო ენის გამონახვა?
- რა თქმა უნდა, მოლდოვაში ნაკლებად ერეოდა რუსეთი? 1992 წლიდან აქვს რუსეთს მოლდოვის დნესტრისპირეთის ტერიტორია ოკუპირებული. ჩვენი ცხინვალის რეგიონი 2008 წლიდანაა ოკუპირებული. კოპენჰაგენის ერთ-ერთი მოთხოვნაა კონფლიქტურ კერებთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ კი ისე ვიქცევით, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს შემადგენლობაში თუ შედის, მგონი, ესეც დავივიწყეთ.
ევროკომისია დეოლიგარქიზაციისკენ მოგვიწოდებს, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ პასუხად იღებენ, რომ სააკაშვილისა და კეზერაშვილის პირობებში დეოლიგარქიზაციაზე საუბარი ზედმეტია. წარსულის ფაქტებზე როცა მსჯელობენ, ევროპა ივიწყებს იმას, რომ მიშას დროს უკანონოდ ფულის შოვნის გარდა იყო წამების ფაქტებიც, რაც ყოფილი ხელისუფლების ხელწერას წარმოადგენდა. მმართველი გუნდი ევროკავშირს შეახსენებს სერგო თეთრაძის წამებას, რომელიც დავიწყებულ იქნა, ასევე, ევროკავშირს დაავიწყდა აფხაზეთის ომი, ცხინვალის ომი.
- უკაცრავად, მაგრამ ვისი ბრალია ამ ფაქტების დავიწყება? სერგო თეთრაძე რომ დაავიწყდათ და პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია არ იკადრა ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, ვისი ბრალია? ვისი ბრალია, რომ პოლიტპატიმრების წამების ფაქტებს არ იძიებენ და პროკურატურას პოლიტპატიმრები რომ ურეკავენ, პროკურატურის წარმომადგენლები არც კადრულობენ, უპასუხონ? ვისი ბრალია, კეზერაშვილის დანაშაულზე გამოძიება რომ არ წარიმართა და კონკრეტული ფაქტები არ დაუდიათ?! ეს კი არა, როცა ლაფანყურის სპეცოპერაცია ჩატარდა და იქ ქართველი მოქალაქეები დაიღუპნენ, ესეც კი არ გამოიძია ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს საქმე გამოიძია მაშინდელმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ვმონაწილეობდი ამ საქმის ძიებაში, ერთ წელიწადში გამოვიძიეთ ეს საქმე და კონკრეტული ფაქტები დავდეთ. 400-გვერდიანი მტკიცებულებების დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ არ გამოვაქვეყნეთ, გადავეცით მთავარ პროკურატურას, სადაც იკვეთებოდა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი უმსხვილესი დანაშაული. ამიტომ „ქართული ოცნება“ სერგო თეთრაძის მკვლელობითა და პოლიტპატიმრების თემით სპეკულირებას ნუ ახდენს. ეს პოლიტიკური სპეკულაციაა და პოლიტიკურ სპეკულანტებთან არავის არ უნდა ურთიერთობა, მათ შორის, იმათაც, ვინც წინა რეჟიმის მსხვერპლი იყო.
ევროკავშირის პოზიციამ ჩვენს ოპოზიციას დესტაბილიზაციის მოსაწყობად ნიშანი მისცა. პოლარიზაციის დასრულება მათ სახელისუფლო პოლუსის მოშლად გაიგეს, უკვე მსჯელობენ არეულობაზე, შიდა პროტესტზე, სანქციებზე. ხომ არ ელით საქართველოში პროცესების დამძიმებას და დესტრუქციას?
- რა თქმა უნდა, უკვე ემზადებიან დესტრუქციული ქმედებისთვის, შეეცდებიან, მოახდინონ „გავრილოვი 2“- ის ეფექტი. მე არ ვიცი, „ქართული ოცნება“ როგორ შეძლებს საკუთარ მხარდამჭერებად გამოიყვანოს წინა რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანები, ეს ფაქტორი უკვე აღარ იმუშავებს.
თავის დროზე თქვენ 3+3 ფორმატი, იგივე 6 ერის პლატფორმა ახსენეთ, რომელ ფორმატში შეყვანასაც ჩვენი მეზობლები უპირებენ საქართველოს. საუბარია კავკასიის სამი ქვეყნის (აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის) და რეგიონის სამი დიდი მოთამაშის (ირანის, რუსეთის, თურქეთის) თანამშრომლობაზე. ვინაიდან ამ ფორმატს აშშ და ევროკავშირი არ უერთდება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი ბოლოდროინდელი უცნაური გადაწყვეტილებით შეგვატოვა 3+3-ის საეჭვო ფორმატს?
- შეტოვება ეს არ არის, საქართველოს გადასაწყვეტია, შეუერთდება თუ არა ამ ფორმატს. იმედია, არ შეუერთდება, რადგან ეს სიკეთის მომტანი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის. რჩება კიდევ ორმხრივი ურთიერთობები ევროპასთან, ჩვენ არავის არ გავუძევებივართ ევროკავშირიდან, უარი არავის არ უთქვამს, პირიქით, მოგვცეს შანსი, გამოვასწოროთ პოლიტიკური პრობლემები, მათ შორის, კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში და ვითანამშრომლოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან-ევროკავშირთან.
ესეც საინტერესო ლინკია: ბმული
ბმული
იმიტომ რომ ესენი დებილები არიან, დებილები
2013 წლიდან მაგაზე ვიფურთხებით აქაურები
მე დაჟე ინგლისურის მასწავლებელის დაქირავებას შევპირდი მაგათ, ოღონდ ამ ევროპა დასავლეთს გაააგებინეთ რამე მეთქი
მაგრამ ტვინი არა ააქვთ, ტვინი..... ინგლისურის ცოდნა ვერ უშველით ამათ
ნაცებმა ისევ ესენი გამოიყვანეს დამნაშავეებად .....ღირსებიც არიან