ევროკომისიის გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში ისედაც დაძაბული მდგომარეობა, უფრო მეტად დამძიმდა. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კონკრეტულმა პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა არსებული ვითარების სათავისოდ გამოყენება დაიწყეს, რაც საქართველოსთვის იმდენად საზიანოა, რომ ჩნდება გონივრული საფუძველი, ქვეყანამ 6 თვის თავზე, შესაძლოა, ვერ შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები და კვლავ ვერ მიიღოს ეს სტატუსი, რის შედეგადაც, დეკემბერში ქვეყანა კიდევ ერთ კრიზისს მიიღებს.
იმის მაგივრად, რომ მხარეები, როგორც „ქართული ოცნება,“ ისე ოპოზიციური სპექტრი, ერთად დასხდნენ და იფიქრონ პრობლემის გადაჭრის გზებზე, ერთმანეთის კრიტიკასა და ურთიერთბრალდებებში არიან. გაიჟღერა ულტიმტუმმა: ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ნაწილი მოითხოვს, კონსტიტუციასთან შეუასაბამო გადაწყვეტილებების მიღებას - გადადგეს „ქართული ოცნება“ და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ხელისუფლებას ვადასაც უწესებენ და ამბობენ, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიწყება უწყვეტი აქციები.
ამის ფონზე, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ დიდია ალბათობა, საქართველომ ვერ შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები. ვიცით, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ერთ-ერთია ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, რაც საბოლოოდ, ამ პირობებში, ნამდვილად ვერ შესრულდება.
ამის შედეგად, ჩნდება კითხვები, რომ ვერ/არ შევასრულოთ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, 6 თვის თავზე რა შედეგი ექნება საქართველოს? რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი ქვეყნისთვის, როგორც საგარეო კურსის გათვალისწინებით, ისე შიდა პოლიტიკური ვითარების მიმართულებით?
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერთ-ერთ ცუდ სცენარად შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი 6 თვის თავზე, ქვეყანა კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შესაძლოა, შეიცვალოს მოსახლეობის განწყობები და გიზარდოს ანტიევროპული დამოკიდებულება.
„გამორიცხული არაფერია, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო რუსეთისკენ ისედაც მიდის. მხოლოდ განცხადებები, რომ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, არ არის საკმარისი. ეკონომიკური დამოკიდებულებით, საქართველო უახლოვდება რუსეთს. კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით რუსეთს, შეიძლება არ განაცხადოს ამის შესახებ, მაგრამ რაც უფრო დაიმსახურებს დასავლეთის გულისწყრომას, ავტომატურად, უფრო მეტად დავუახლოვდებით რუსეთს.
ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენჯერმე მოტყუვდა. ზოგი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, ზოგს მართლა სჯერა ამ ყველაფრის. შესაძლებელია, რომ პრორუსული ძალები გააქტიურდნენ, თუ დეკემბრის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. შემდეგ იქნება განცხადებები, რომ ევროპას არ ვჭირდებით, არც ევროკავშირში და არც ნატო-ში არ სურთ ჩვენი გაწევრიანება. ამიტომაც, შესაძლებელია გაძლიერდეს ანტიევროპული განწყობებიც“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის უარი, ავტომატურად არ ნიშნავს რუსეთისკენ გეზის აღებას. თუმცა, როგორც მან For.ge-სთან საუბარში განაცხადა, ეს ქვეყნისთვის მძიმე იქნება, რადგან საქართველოში ანტიევროპული განწყობები გაძლიერდება.
„ეს ცუდი იქნება, რადგან რეალურად განაღდებული იყო შანსი, ევროპის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯის გადადმის თვალსაზრისით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო, საქართველოს ვინმე დასჯის, ასეთი რეპრესიული, საერთაშორისო ზომები არ არსებობს, მაგრამ ქვეყანამ დაისახა რაღაცის გაკეთება და ამის არგანხორციელება, საკმაოდ სერიოზული უსიამოვნო მომენტია.
ეს ერთმნიშვნელოვნად იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთისკენ აიღებს კურსს, მაგრამ ვინც მსგავს განვითარებას უწყობს ხელს და მათ ინტერესშია, რა თქმა უნდა, ახალი საფუძველი გაუჩნდებათ და უფრო აგრესიულები გახდებიან. შესაბამისად, ეს საფრთხე გაიზრდება. თუმცა, რადგან ერთ დღეს ევროპის საბჭომ უარი გვითხრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეორე დღეს რუსეთის ნაწილი გავხდებით, ასეთი ალტერნტივა არ არის. ეს მძიმე იქნება, რადგან ანტიევროპული განწყობები გაძლიერდება, რაც სრულიად მიუღებელია ჩემთვის“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
უნდა აღნიშნოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კიდევ ერთი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი მზადაა, მიანიჭოს საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ეს ქვეყნები საჭირო რეფორმებს განახორციელებენ,
„ეს ომი ახალ ფორმას სძენს ევროკავშირსაც. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მივანიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცოგოვინასა და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“,- განაცხადა მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი ს დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.