საქართველოს სოფლების დიდი ნაწილი საძოვრების გარეშეა დარჩენილი. წინა მთავრობის წევრთა გონებაშეზღუდულობის შედეგებს გლეხები ახლა იმკიან. ყველაზე რთული ვითარება ამ მხრივ სამეგრელოში, ქართლში და კახეთშია.
სულ ახლახან საპროტესტო აქცია გაიმართა სოფელ ანაგაში, სადაც სოფლის მოსახლეობა გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის კუთვნილი 30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელსაც სოფელი საძოვრად იყენებდა 2007 წელს გაასხვისეს, თუმცა ადგილობრივებმა ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყვეს, როცა მეპატრონემ ნაკვეთის დამუშავება დაიწყო.
ანაგის მოსახლეობა დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვეს. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ანაგელები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ მჭედლიშვილის განცხადებით, ანაგაში საძოვრების თაობაზე მისთვის ახლა გახდა ცნობილი. საკრებულომ სასწრაფოდ მოკვლევა დაიწყო. „ჩვენც გვაინტერესებს, რა ხდება ამ მიწებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გავერკვევით და მოსახლეობას საქმის კურსში ჩავაყენებთ. ვიცით, რომ კერძო საკუთრებაა და იჯარით იყო გაცემული”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
ცოტა ადრე, იგივე პრობლემის წინაში აღმოჩნდნენ ზუგდიდის სოფელ ორულუს მცხოვრებნი. მათაც 32 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაყიდვა გააპროტესტეს და მიწის მესაკუთრეს საძოვრების დამუშავების საშუალება არ მისცეს.
ორულუში 32 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ზურაბ გვილავამ ჯერ კიდევ, როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, 2002 წელს სოფლის იმჟამინდელი გამგებლის დახმარებით აუქციონის გარეშე იყიდა.
„ჩვენ ამის შესახებ ერთი წლის შემდეგ გავიგეთ. მაშინვე გაჩნდა წინააღმდეგობა, მაგრამ გვიჩივლა, თითქოს მას ჩვენ 7 ათასი ლარის ზარალი მივაყენეთ და სასამართლოც დაინიშნა. სასამართლო განხილვამდე ჩვენთან ზუგდიდის საკრებულოს წევრი, კახა ქირია მოვიდა და გვითხრა, სასამართლოს წააგებთო და ჯობია მომცეთ 5 ათასი ლარი და იმ კაცს მოგაშორებთო. ჩვენ მაშინ ამდენი ვერ გადავიხადეთ და გვილავას ქირიას მეშვეობით 3 500 ლარი გავუგზავნეთ. ამის დამადასტურებელი საბუთი არ გვაქვს, მაგრამ გვყავს უამრავი მოწმე”, - ამბობს ორულუს მკვიდრი ემზარ მამფორია.
ზუგდიდის საკრებულოს წევრი კახაბერ ქირია კი აცხადებს, რომ ზურაბ გვილავას სოფლის მოსახლეობამ ზარალი მიაყენა და 3 500 ლარი, რომელიც მოსახლეობამ გადაიხადა, სწორედ ამ ზარალის საფასური იყო.
მიწის მესაკუთრის ზურაბ გვილავას წარმომადგენელი გიორგი ქუხილავას ინფორმაციით, გვილავამ მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაში 2013 წლის მარტში გადაიფორმა.
ერთი სიტყვით სოფლ ორულუში საკითხი კვლავ ღიად რჩება (ისევე როგორც თითქმის ყველგან, სადაც კი მსგავსი პრობლემაა). მოსახლეობა საძოვრების დათმობას არ აპირებს და დასახმარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. მათი თქმით, ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, როდესაც ორულუში იმყოფებოდა, მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მიწის საკითხს ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვეტდა.
საძოვრების უქონლობის გამო გლეხები იმდენად შეწუხებულნი არიან, რომ საპროტესტო აქციის გასამართად პარლამენტთანაც კი იკრიბებიან. სწორედ ასე მოიქცნენ აბაშის რაიონის, სოფელ კეთილაიას მცხოვრებნი, რომელთაც სოფლის 20 ჰექტარი მიწის საკითხი აქვთ გადასაწყვეტი.
გლეხების მტკიცებით, სოფლის საძოვარი ჯერ ვინმე ხურცილავაზე გაიყიდა, რომელმაც, თავის მხრივ, მიწა სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს მიყიდა:
„ჩვენ 30 წელია ვსარგებლობთ სოფლის საძოვრით. შესყიდვა გვინდოდა და არ შეგვასყიდინეს. ეს ვიღაც ხურცილავაზე ქურდულად გაიყიდა. როგორც გუშინ გამგეობაში გვითხრეს, მან ეს 20 ჰექტარი 15 ათას ლარად იყიდა და მერე სემეკის თავმჯდომარისთვის მიუყიდია 35 ათას ლარად. ტრაქტორმა რამდენჯერმე სცადა შემოსვლა, მაგრამ არ შევუშვით. მოვედით, დახმარება თუ იქნება, თორემ შიმშილით დავიხოცებით”, - ამბობს აბაშელი თეიმურაზ ნიკოლაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, უნდა მოხდეს გაყიდული მიწების შეფასება:
„უნდა შეფასდეს, რა ფორმებით, როგორ გაიყიდა, ვინ არიან მესაკუთრეები, რა ფასად იქნა გაყიდული. ჩვენ უნდა დავიწყოთ მფლობელებთან მოლაპარაკება. არავინ აპირებს მიწების ჩამორთმევას, მათ ნაციონალიზაციას. ამ მიმართულებით არ გვინდა წავიდეთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფომ გარკვეული სავარგულები საბაზრო ფასად გამოისყიდოს. ჩვენ ასეთი შემთხვევები გვექნება, ეს არის მძიმე მდგომარეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა”, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.