საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ თვალი გადაავლო რა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს, მრავალი რეკომენდაცია და შენიშვნა დაგვიტოვა. თუმცა, პარალელურად, ბევრი დადებითიც აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ წლის მეორე ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით გაიზრდება.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2013 წელს საქართველოს ეკონომიკა 4 პროცენტით გაიზრდება და წლის დასაწყისში ნავარაუდევ 6 პროცენტს მხოლოდ 2014 წლიდან მიაღწევს. გარდა ამისა, სსფ-ს მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ წლეულს ინფლაციის მაჩვენებელი 1,5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2014 წლის ბოლოსათვის 5 პროცენტს მიუახლოვდება.
იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესისათვის სუბსიდიებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, სავალუტო ფონდის ვარაუდით, წლის მეორე ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ზრდას დაიწყებს.
სსფ არ მალავს, რომ რომ ეკონომიკური ზრდის ტემპებმა ქვეყანაში 2012 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყო შენელება, რაც, სავალუტო ფონდის შეფასებით, არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და რეფორმების შეყოვნებამ გამოიწვია.
სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ საქართველოში პენსიების შემდგომი ზრდა, შესაძლოა, ინფლაციასთან იყოს დაკავშირებული. საშუალოვადიან პერიოდში კი მაღალი პენსიებისთვის შენატანების სისტემა გახდეს საჭირო.
საქართველოს მთავრობამ, 2013 წლის პირველი აპრილიდან პენსია 125 ლარამდე გაზარდა, ხოლო ამ წლის პირველი სექტემბრიდან ამ მაჩვენებლის 150 ლარამდე გაზრდა იგეგმება. სწორედ საშემოდგომაზე ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას სავალუტო ფონდის წარმომადგენლები.
საერთოდაც, ინფლაციის საკითხი სსფ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ამ მხრივ, მათი რეკომენდაცია მონატარული პოლიტიკის შემსუბუქებას შეეხება.
„მაშინ როდესაც ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შემსუბუქება ასევე გამართლებულია“, - მიაჩნიათ სსფ-ში.
ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკს რეკომენდაციას აძლევს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი შემცირება უზრუნველყოს.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. 2011 წლის შუა პერიოდში არსებული 8 პროცენტიდან ამჟამინდელ 4.25 პროცენტამდე. ამის მიუხედავად, კრედიტების ზრდის დონე 2011 წლის ბოლოს 30 პროცენტიდან 2013 წლის მარტის ბოლოსთვის 12 პროცენტამდე შემცირდა“.
ინფლაცია გაცილებით ნაკლებია საქართველოს ეროვნული ბანკის 6-პროცენტიან საშუალოვადიან ორიენტირთან შედარებით. ამიტომაც მისია რეკომენდაციას იძლევა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი შემცირების მიმართულებით.
სსფ ეკონომიკური კუთხით დადებით ტენდენციებზეც საუბრობს. დასკვნით დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი მთავრობის მხრიდან სოციალური და სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსების გაზრდა წინგადადგმული ნაბიჯია სიღარიბისა და უმუშევრობის აღმოფხვრის თვალსაზრისით, თუმცა, სტაბილური ეკონომიკური ზრდა ასევე აუცილებელია, რათა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას.
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ენრგოსექტორში მეტ ჩართულობას გამჭვირვალე და „პატიოსანი თამაშის წესების“ დადგენის თვალსაზრისით. ამ მიზნით, სავალუტო ფონდი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საჯარო გახადოს იმ შეთანხმებების დეტალები, რომლებსაც ელექტროენერგიის დისტრიბუტორ კომპანიებთან მიაღწია ტარიფების შემცირების თაობაზე, რათა საზოგადოებისათვის ცნობილი იყოს იმ მიზეზების შესახებ, რომელთა გამოც ტარიფების შემცირება მოხერხდა.