გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორობა, როგორც ეს ნატოს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია ნახსენები, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია მისი აგრესიული და იმპერიალისტური პოზიციის გამო.
ნატოს სამიტისგან, რომელიც 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება, ოლაფ შოლცი უკრაინის ომის ფონზე ერთიანობისა და სიმტკიცის სიგნალს ელის.
ამასთანავე, გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უგუნური იქნება ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტის შეწყვეტა, რადგან ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტსა და მის პროპაგანდას წაადგება.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ 1997 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ადასტურებს იმ პრინციპებს, რომელსაც პუტინი ასე უხეშად არღვევს - ძალადობაზე უარის თქმა, საზღვრებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემა.