მეუფე შიო მუჯირი: იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა

მეუფე შიო მუჯირი: იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა

წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის მაცხონებელი სიტყვა, მოცემული ჩვენთვის ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც ეძღვნება ყველა წმინდანის ხსენებას. დღეს ჩვენ ლოცვით მივმართავთ წმინდანებს და გამოვითხოვთ მათ კურთხევას ჩვენი ცხოვრებისეული გზის წარმართვისთვის. ყოველ ჩვენგანს ჰყავს მფარველი წმინდანი, რომლის ხსენებაც წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნება. დღეს კი არის ყველა წმინდანის ხსენება ერთად. ისინი ლოცულობენ დღეს ჩვენთვის; დღეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ანგელოზის დღე. ამიტომ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგელოზის დღეს.

წმინდანები თავიანთი ცხოვრებით, ღვაწლით, სიკვდილით, თავიანთი სისხლით მოწმობენ იმას, რომ უფალ იესო ქრისტეს მოძღვრება არის ცხოვრების სიტყვა, მაცხონებელი სიტყვა, მოცემული ჩვენთვის ღვთისგან, ჩვენი სულის გადარჩენისთვის. ისინი მოწმობენ იმას, რომ იესო ქრისტეს მოსვლამ დედამიწაზე დიადი ნაყოფი გამოიღო. სულიწმინდის გარდამოსვლამ დიადი ნაყოფი გამოიღო, რომ ცათა სასუფეველში, რომელიც გაგვიხსნა უფალმა იესო ქრისტემ, მრავალი ადამიანი შევიდა. ისინი მოწმობენ იმას, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ წმინდა ეკლესია წარმოშობს განსაკუთრებულ ადამიანებს, დიდებულ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა, როგორც წავიკითხეთ დღეს სამოციქულოში წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები (ებრ. 11, 37). ამიტომაც იგივე წმინდა პავლე მოციქული წერს, რომ საშინელ სამსჯავროზე წმინდანები განიკითხავენ ამ ქვეყანას. „ნუთუ არ იცით, რომ წმიდანნი განიკითხავენ ქვეყანას?“ (1 კორ. 6, 2) – წერს იგი.

იმჟამად წმინდანებს უწოდებდნენ ქრისტიანებს, როგორც სულიწმინდით განათლებულ ადამიანებს. სიტყვა „განიკითხავენ“ ამ შემთხვევაში იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდანები დასხდებიან სამსჯავროზე და გაასამართლებენ ადამიანებს, არა, არამედ იმას, რომ მათი სიწმინდე, კეთილი ცხოვრება, მოშურნეობა ამხელს და გამოაჩენს სხვების უზრუნველობას და ცოდვებს.

ამავე მნიშვნელობით უფალი იესო ქრისტე ამბობს ასეთ სიტყვებს: „სამხრეთის დედოფალი აღდგება ამ მოდგმასთან ერთად სამსჯავროზე და განიკითხავს მათ“ (მთ. 12, 42), ნინეველი კაცები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და განიკითხავენ მათ (მთ. 12, 41), თორმეტი მოციქული განიკითხავს, განსჯის ისრაელის თორმეტ ტომს (მთ. 19, 28) და არა მხოლოდ ადამიანებზეა ასე ნათქვამი, არამედ ანგელოზებზეც. მოციქული ასევე წერს: „ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ ანგელოზებსაც განვიკითხავთ?“ (1 კორ. 6, 3). მხოლოდ აქ იგულისხმება დაცემული ანგელოზები, დემონები და აქაც სიტყვა „განკითხვა“ იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, რომ ჩვენი მოშურნეობა, სულიერება ამხელს და განიკითხავს მათ უდებებას და ბოროტ ცხოვრებას.

დღეს წმინდა სახარებაში წავიკითხეთ ასეთი სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი“ (მთ. 10, 38). ძვირფასო ძმებო და დებო, ამ სიტყვებზე უნდა დავფიქრდეთ ძალიან, იმიტომ რომ ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც შედგება სირთულეებისგან, განსაცდელებისგან, სნეულებებისგან და თუ უარვყოფთ ამ ჯვარს, როგორც ამბობს უფალი, არ ვიქნებით მისი ღირსი. ამიტომ, ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, იესო ქრისტეს მაგალითის შემხედვარე, მოთმინებით და ქრისტიანული ღირსებით უნდა ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი, რომელიც უფლისგან გვეძლევა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს – ყველა წმინდანის ხსენებას. მათი ლოცვით მოგმადლოთ უფალმა თავისი მადლი და წყალობა, რადგან წმინდანთა ლოცვები არის ჩვენთვის წყარო სიმამაცისა, სულიერი ძალებისა ჩვენი მსახურების ღირსეულად აღსრულებისთვის, რომლისკენაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – თქვა მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას.