საფუძვლიანად მიიჩნევა, რომ ევროკავშირი ელიტარული კლუბია. ასეთ კლუბში ყველას არ იღებენ, მით უმეტეს ისეთ სერიოზულ და სოლიდურ კლუბში, როგორიც ევროკაშირია. ეგ კი არა, ჩვენც ყველას არ ვიღებთ ჩვენს კლუბში. რომ მიგიღონ, გარკვეული პროცედურის გავლა, სათამაშო კლუბებისათვისაც კი აუცილებელია. ზოგჯერ ეს პროცედურა სახალისოც არის, ზოგჯერ - არც თუ ისე.
სახალისო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც კარდაც ცნობილი - „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“. ანეკდოტურ თვალსაჩინოებად მოვიყვანთ „ვარდისფერ სპილოზე ნადირობის“ ტესტს, რითაც კლუბის წევრობის მოსურნე არიფებში ბევრსაც, დიდ უმრავლესობას - უბრალოდ აგოიმებენ (ძალიან სერიოზულებმა და სოლიდურებმა შეგიძლიათ წაიკითხოთ - „გააუცხოებენ“) ხოლმე:
„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ვინმე გამოცდილი სპიკერი წევრობის კანდიდატ ვინმე არიფს ეკითხება: „აბა, შე საზრიანო, თუ იცი, როგორ უნდა მოკლა ყვითელი სპილო?“ თუ არიფი მართლაც „მხიარული და საზრიანი“ არ არის (ასეთი კი დიდი იშვიათობაა), პასუხად უკბილო ხუმრობებს შეთხზავს, იჯახირებს, ეგება „ყვითელი სპილოს“ ფენომენი საზრიანად განჭვრიტოს, როგორმე მხიარულ სიუჟეტად გააცოცხლოს და თვალსახეიროდ წარმოადგინოს; სპიკერი ცოტა ხანს ამ წვალებას აცდის, მერე აწყვეტინებს და ვითომ კეთილგანწყობილი, მაგრამ დამრიგებლური ტონით უყვება: „გეთაყვა, ყვითელი სპილო რომ მოკლა, პირველ რიგში უნდა წახვიდე მონადირეთა მაღაზიაში და შეიძინო თოფი ყვითელი სპილოსათვის“; ხოლო შემდეგ, სპიკერი აგრძელებს სახალისო ისტორიით - როგორ უნდა გაეკიდო ჩვეულებრივ დიდ სპილოს, სდიო ჯუნგლებში, სავანაში და სდიო მანამ, სანამ ის სადმე ჭაობის ყვითელ შლამში არ ჩაეფლობა. და როცა კისრამდე ჩაფლული ამ შლამით გვარიანად გაყვითლდება, დრო იხელთო, დინჯად, რადგან ვეღარსად გაგექცევა, გადმოიღო ყვითელ სპილოზე სანადირო თოფი, კარგად დაუმიზნო და დიდ შუბლს არ ააცილო! თხრობას სპიკერი ამ სიტყვებით ასრულებს: „ახლა ხომ გასაგებია, როგორ უნდა მოკლა ყვითელი სპილო?“ არიფი (ვიმეორებთ: თუკი ის მართლა მხიარული და საზრიანი არ არის, რაც დიდი იშვიათობაა) თავს უქნევს თანხმობის ნიშნად და სახეზე უთუოდ ნიშანდობლივი ყეყეჩური ღიმილი გამოესახება. სწორედ ეს, მოწიწების ღიმილი გახლავთ არიფის დაგოიმების პირველი სტადიის გავლის უტყუარი საბუთი. ეს აჩვენებს, რომ არიფი „საკმარის კონდიციამდე მომწიფდა“, თავის დაცვის არანაირი უნარი აღარ აქვს და უკვე მზადაა მთავარი დასაგოიმებელი დარტყმაც უდრტვინველად მიიღოს. ეს გამანადგურებელი დარტყმა კი სპიკერის მეორე შეკითხვაა: „აბა, გეთაყვა, რადგან უკვე იცი, როგორ მოკლა ყვითელი სპილო, ახლა კარგად დაფიქრდი და მითხარი, როგორ მოკლავ ვარდისფერ სპილოს?“ არიფიც, ისე, რომ ყეყეჩური მოწიწების ღიმილი კიდევ უფრო გამომსახველი ხდება, იწყებს: „მონადირეების მაღაზიაში უნდა შეიძინო თოფი ვარდისფერი სპილოსათვის...“ მაგრამ, როგორც კი ამ სისულელეს წამოროშავს, სპიკერი დამცინავად წამსვე მკვეთრად აწყვეტინებს: „შეჩერდი! სტოპ! ვარდისფერი სპილო - არ არსებობს!“ ...და არიფიც საბოლოოდ დაგოიმებულია, სრულად გაუცხოებული, ხოლო ელიტარული კლუბის კარი მისთვის ავტომატურად ჩარაზული...
სწორედ ამას, „ვარდისფერ სპილოზე ნადირობით“ არიფების ანეკდოტურ დაგოიმებასა ჰგავს ევროკავშირის ტესტი-დავალება „დეოლიგარქიზაციის“ თაობაზე. თუმცა, მსგავსად სახალისო ნამდვილად არ არის. რატომ და ახლავე ავხსნით:
ჩვენიც, შეიძლება უფრო ნაკლებად, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის, პრობლემა ყვითელი ან ვარდისფერი, სართოდაც - სპილო და მასზე ნადირობა კი არ არის, არამედ ჭაობის ის „ყვითელი შლამია“, რასაც უკანონობა და უსამართლობა ჰქვია და რითიც მძიმე წონოსანი კრიმინალები სარგებლობენ, სხვენზე უპირატესობას, დიდ სახრავსა თუ ყალბ სახელს, რასაც „ჭარბ ზეგავლენას“ უწოდებენ, დანაშაულებრივად იხვეჭენ; ზუსტად ისე, როგორც „ყვითელი სპილო“ მანამ არ არსებობს, სანამ იგი ჭაობის შლამში არ ჩაეფლობა, არც „ჭარბი ზეგავლენა“ ე.ი. სხვებთან შედარებით ამა თუ პირის აღმატებული სიმდიდრე, „ცნობადი“ სახელი, მეტი ავტორიტეტი, გამოჩენილი კაცობა, შემძლე საქმეები, ე.ი. სხვებთან შედარებით მისი „დიდი წონა“ საზოგადოებრივ ცოვრებაში, თუკი პატიოსნად დამსახურებულია, უკანონო და დანაშაულებრივი არ არის, როგორ შეიძლება, პრობლემა იყოს?! სწორედაც რომ პირიქით: ვინაიდან დიდი კაცები, დიდად სახელოვანი, მდიდარი და ძლიერი, შემძლე პიროვნებები ქმნიან იმ სიკეთეებს, რითაც, როგორც ადრე დედამიწა სპილოებს ეჭირათ, დღესაც უჭირავთ ყოველი ერი და სახელმწიფო! რა უბედურებაა, რა ღვთის რისხვაა მათ მიმართ შური, ღვარძლი, ბოღმა და მით უმეტეს - სანადიროდ მათი დევნა?! საჭირბოროტო პრობლემა ის კი არ არის, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, არამედ პირიქით - ისინი ცოტანი არიან და რაც შეიძლება მეტნი უნდა იყვნენ! რა სჯობია მაგალითად იმას, რომ ჩვენ, დღევანდელ ქართველებს ერთი ივანიშვილის ნაცვლად მრავალი დიდი კაცი გვყავდეს, განა რამდენიც მეტი გვეყოლება, იმდენჯერ ძლიერები არ ვიქნებით? როგორ შეიძლება ვინმეს „ჭარბი ზეგავლენა“, ე.ი. ვინმეს დიდი „სოციალური კაპიტალი“, ვინმეს დიდი ავტორიტეტი, ვინმეს დიდი სახელი, დიდი კაცობა, თუნდაც ოდენ დიდი სიმდიდრე, ერის პრობლემა იყოს?! ეგ ხომ სწორედ ისაა, რასაც დიდი კონსტანტინე ჩიოდა: „... დიდი კაცი თუ გამოგვერია ვინმე, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები!“
იმის ნაცვლად, რომ დანაშულის შლამში ჩაფლობა, ე.ი. „სპილოს გაყვითლება“, ანუ კონკრეტულად - უკანონოდ, ქურდობით, ძარცვით, კორუფციით, წართმევით, ძალადობით გამდიდრება, სხვისი დაჩაგვრით, დაშინებით, მუქარით, შეურაცხყოფით, „დაბულინგებით“, ვინმეზე ზეგავლენის მოხდენა, ანგარებიანი სარგებლის მისაღებად ამ „ზეგავლენით უკანონო ვაჭრობა“ (სამართლებრივი ტერმინია, განსხავევით - „ოლიგარქისგან“) - მოსყიდვა, მოქრთამვა, კონკურენტების უპატიოსნოდ გზიდან ჩამოცილება, უსამართლო უპირატესობის მოპოვება, „დაკრიშვა“ „შავი ფულის“ გამოყენება და სხვ. ე.ი. ის, რაც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში და ჩვენთანაც, მოქმედი კანონმდებლობით უდავოდ და ცალსახად მძიმე დანაშულია, რასაკვირველია - უთუოდ უნდა იქნას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აღკვეთილი! თუკი რამეა პრობლემა - სამართლის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა, სამართლის დაცვა და აღსრულება! თორემ „ჭარბი ზეგავლენა“, თუკი ის კანონიერია, ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ვებერთელა სპილოს სიდიადე სხვა „ნადირთა მცირეთა“, წვრილფეხა ცხოველებთან, შედარებით! განა შეიძლება ვინმე ამას ებრძოლოს, თუკი ჭკუათამყოფელია?!
....არადა, აგერ ეს, „სერიოზულთა და სოლიდურთა ელიტარული კლუბი“ - ევროკავშირი, როგორც დასაგოიმებელ არიფებს, სწორედ ამასა გვთხოვს: „(საქართველო) აიღებს და შეასრულებს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულებას. აღმოფხვრის იმ გადაჭარბებულ ზეგავლენას, რომელიც პირად ინტერესებს აქვთ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე“.
დეოლიგარქიზაცია, სამართლებრივადაც ყურისმომჭრელი, უჩვეულო ტერმინია, არც ერთ სერიოზულ იურიდიულ ლექსიკონში არც განიმარტება, მრავალგვარად შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული: თუკი იგი, ხატოვნად რომ ვთვათ, გულისხმობს იმ ჭაობის დაშრობას, რაშიც სპილო ანდა რა სპილო, თუნდაც რომელიმე მაიმუნი შეიძლება ჩაეფლოს, ისე გვარიანად გაისვაროს ჭუჭყითა და შლამის ტალახით, რომ მოყოლილი ანეკდოტის „ყვითელ სპილოდ“ მოგეჩვენოს - მაშინ, ეს გასაგებიცაა და მისაღებიც.
მაგრამ არსებობს „დეოლიგარქიზაციის“ გაუკუღმართებული, ნაცური გაგება: აქ პირიქითაა და გავლენიანი ადამიანების, მიუხედავად ამ გავლენის კანონიერებისა, მათ, „ყვითელი და ვარდისფერი სპილოებად“ დიფერენცირებას, შენიანებადა და მტრებად, დისკრიმინაციულ დაყოფასა გულისხმობს, როცა ზოგი იმთავითვე „ყვითელია“, ზოგიც „ვარდისფერი“, ნადირობის სეზონი გახსნილია და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, მაღაზიას მიაშუროს და შესაბამის ფერის სანადირო თოფიც იყიდოს.
ცხადია, ასეთი ინტერპრეტაცია სხვა არაფერია, თუ არა ზემოთ მოყვანილი ანეკდოტი - ე.ი. არიფი მონადირეების დაგოიმების იარაღი „ვარდისფერ სპილოზე“, რაც არ არსებობს, ნადირობის ტესტით...
...ჩვენი უკრაინელი მეგობრები, უკვე ელიტარული კლუბის კანდიდატები რომ არიან, გვარიანად დაწიანურებლან და საოცარი სამართლებრივი ნოვაცია, „დეოლიგარქიზაციის“ კანონი შარშან, 23 სექტემბერს უკვე მიუღიათ.
ამ ნოვატორულ კანონს თუ გადახედავთ (ზუსტად ასე ეწოდება: Закон Украины „О предупреждении угроз национальной безопасности, связанных с чрезмерным влиянием лиц, имеющих значительный экономический и политический вес в общественной жизни (олигархов)“ № 1780-IX), მართლაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ იმ არიფივით დაგოიმდნენ, რომელმაც მოისმინა რა ყვითელ სპილოზე ნადირობის სახალისო ისტორია, გადაწყვიტა ჭაობი კი არ დააშროს, არამედ უკვე ვარდისფერ სპილოზე სანადირო თოფი მართლაც იყიდოს. თოფი შეუძენია, ე.ი. კანონი უკვე მიუღია, მაგრამ სად და როგორ იპოვოს ახლა ვარდისფერი სპილო?! რადგან კანონი ჭაობის, ანუ უკანონობის შლამის წინააღმდეგ მიმართული სულაც არ არის, „ყვითელ სპილოს“ არცა ცნობს, ადგა ეს არიფი და თავადვე გამოიგონა, რას ეწოდება „ვარდისფერი სპილო“, ე.ი. „ოლიგარქი“. კანონში ვკითულობთ, რომ ოლიგარქი არის „მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირი“ (!), ანუ, თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ვარდისფერი სპილოც - ჩვეულებრივი სპილოა, ე.ი. დიდი, შესაძლოა ვებერთელაც, წონით გამოირჩევა და წვრილფეხა არსება ნამდვილად არ არის. მაგრამ სპილოს საკუთრივ ვარდისფერობა, ე.ი. „ოლიგარქის ოლიგარქობა“ უკანონობის შლამთან კი არ არის დაკავშირებული, ე.ი. ის ყვითელი კი არ არის, არამედ ვარდისფერია! რაც ქვემოთ ჩამოთვლილი ოთხი ნიშნიდან ნებისმიერი სამის ერთობლიობადაა (ვარდისფერი ხასიათდება, როგორც ოთხი მსგავსი „მოწითალო“ ფერიდან სამის კომბინაცია მაინც) მიჩნეული . ეს 4 ნიშანია:
„1) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
2) მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა ;
3) წარმოადგენს სამეურნეო სუბიექტის, რომელიც არის ბუნებრივი მონოპოლისტი, ანდა ბაზარზე უკავია მონოპოლიური (დომინანტური) მდგომარეობა, საბოოლოო ბენეფიციარი;
4) იმ სამეურნეო სუბიექტის, რომლის ბენეფიციარსაც იგი წარმოადგენს, აქტივების დადასტურებული ღირებულება, არემატება შრომისუნარიანი პირის საარსებო მინიმუმის 1 მილონჯერ მეტ ღირებულებას (2 270 მლნ. გრივნას);“
ამრიგად, თუ ამ ოთხიდან ნებისმიერი სამფეროვანი კომბინაცია, რაც კანონიერება-უკანონობასთან არაფრითაა დაკავშირებული, გვაქვს, ვარდისფერი სპილოცა გვყოლია! რაც მთავარია: ასეთი სპილო უნდა დაინახოს და აღრიცხოს არა ვინმე სხვამ, არამედ არც მეტი არც ნაკლები - უკრაინის სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ, ანუ საკმაოდ მრისხანე მონადირემ! ნადირობის არსი კი ეს არის: ვარდისფერი სპილოს, ანუ ოლიგარქის პოლიტიკური მოკვდინება - მას პოლიტიკასთან არავითარი შეხება აღარ უნდა ჰქონდეს - ეკრძალება მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის საქმიანობაში, მათი დაფინსება და საერთოდ, ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა, გარდა აქტიური საარჩევნო უფლებისა - ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს არჩევნებში. მოკლედ „ოლიგარქს“ პოლიტიკური სიკვდილი აქვს მისჯილი. „ოლიგარქი“ მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანია, „დიდი წონისაა“, ე.ი. თუნდაც გაუსვრელია, არა ყვითელი, არამედ „ვარდისფერი სპილოა“, ან თუ გნებავთ - „თეთრი ყვავია“, დისკრიმინაციულად ისჯება და მას, რაიმე სამართლიანი საფუძვლის გარეშე, ერთმევა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები - საკუთარი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობა! გამაოგნებელია!
რასაკვირველია, ჯერჯერობით ამ უკრაინულ თოფს ვარდისფერი სპილოსათვის არ გაუსროლია, არც რომელიმე ოლიგარქის „ჭარბი გავლენა“ ოდნავადაც არ შეუმცირებია და რაც მთავარია, იოტისოდენი გავლენა არ მოუხდენია იმ ძირეული პრობლემის აღმოფხვრაზე, რაც ე.წ. ოლიგარქების, სინამდვილეში - მსხვილი კრიმინალების, უკანონო, კორუფციულ, დანაშაულებრივ საქმიანობას უკავშირდება!
ბატონმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, როგორც ამ კანონის ინიციატორმა, ვინაიდან თავადაც ყოფილი „კავეენშიკია“, როგორცა ჩანს, ერთობ „მხიარული და საზრიანი“ გამოსავალი შემოგვთავაზა: იმისათვის, რომ „დეოლიგარქიზაცია“ განახორციელო, ე.ი. მოკლა ვარდისფერი სპილო, მარტო თოფი არ კმარა, უნდა გაიკეთო „ვარდისფერი სათვალე“ - საერთოდ ვერ დაინახო უკანონობის, უსამართლობის, კორუფციისა და დანაშულის შლამი, ის საზიზღარი ჭაობი, რაც, როგორც დიდი უბედურება დაგტყდომია თავს, სამაგიეროდ - ნებისმიერი სპილოს, ე.ი. გარკვეული ჭარბი გავლენის მქონე პირს, თუკი ამ სათვალით შეხედავ, დაარეგისტრირებ, ოლიგარქების რეესტრში(?!) შეიტან და რადგან თოფი, ანუ კანონი უკვე გაქვს, მათზე ნადირობის სეზონი გამოაცხადდება - მანამდე დევნი, ვიდრე არ მოინადირებ, პოლიტიკურ ლეშად არ აქცევ!
...როგორც ვხედავთ, უკრაინამ დაგვასწრო და იგი დეოლიგარქიზაციის თვალსაზრისითაც უკვე ჩვენსავით არიფი კი არ არის, არამედ დაწინაურებელი კანდიდატია, თუმცა ამ კანონით თუ ვიმსჯელებთ, საკითხავია, რისი კანდიდატი?! ჩვენ ისევ ოდენ პერსპექტიული არიფები ვართ, ღია კარებში, სადაც ვერ შეხვალ, ზღურბლზე ვდეგვართ და ჯერ უნდა იმაზე ვიმტვრიოთ თავი, რასაც გვეკითხებიან: „აბა, გეთაყვა, რადგან თქვენ უკვე იცით, რომ ყვითელი სპილო - ჭაობის შლამში ჩაფლული და ტალახით გასვრილი სპილოა, ხომ ვერ გვეტყოდით, როგორ უნდა მოკლათ ვარდისფერი სპილო?“ სამწუხაროდ, ეს ტესტი ასეთივე სახალისო ვერ არის, რადგან თუ ცოტა მაინც დავაკვირდებით, ძალიან გავს ამ ნაცნობ კითხვას - „როგორ დავიჭიროთ კატა ბნელ ოთახში?“
თუ საზომად სამართალი და სამართლიანობა, ე.ი. სჯული არა გაქვს და მას არ მისდევ, არანაირი უნივერსალური ფორმულა არც ბნელ ოთახში შავი კატისა და არც ვარდისფერი სპილოს პოვნისა, ცხადია - არ არსებობს. ვერც ვერავინ ვერასდროს შეთანხმდება, თუკი ვარდისფერ სათვალეს არ გაიკეთებს ან პირიქით, გარემოს ისე არ დააბნელებს, რომ მათზე ინადიროს.
დიდი გამჭრიახობა არა სჭირდება, ოლიგარქების ფორმულის მიგნებასა და ამოცნობას ჩვენში, სადაც არა ვარდისფერი, არამედ მუქი სათვალეებია მოდაში, სხვას არც არაფერს, „სპილოების“, ანუ „ჭარბი ზეგავლენის“ ადამიანებისა თუ მათი მომხრეების, უკიდურეს პოლარიზაციას, მათ ყვითელ და ვარდისფერ, ხოლო თუკი დღევანდელ პარტიულ ფერებს დავეყრდნობით, „წითელ“ და“ ლურჯ“ სამიზნეებად დიფერენციაციასა ნიშნავს და სხვას არაფერს. მარტივია: დეოლიგარქიზაციას ჩვენში არანაირი სხვა შინაარსი პრაქტიკულად, გარდა შემდგომი პოლარიზაციისა, არცა აქვს და ვერც ექნება! ეს კი სწორედაც რომ საპირისპიროა, რასაც ევროკავშირი უპირველესი რეკომენდაციით, პოლარიზაციის აღმოფხვრას რომ შეეხება, ლამის არის გვეხვეწება, რათა საკუთარ ელიტარულ კლუბში მიგვიღოს!
მაგრამ ჯიუტად იგივეს ვაგრძელებთ: ვინ არის „ოლიგარქი“ - ამ კითხვას ცალკე ნაცებმაც და ცალკე ქოცებმაც უკვე გასცეს პასუხი. ისედაც ყველამ ვიცოდით, როგორ უპასუხებდნენ. არაფერი შეცვლილა. აშკარაა, „ნაც-სპილოებიცა“ და „ქოც-სპილოებიცა“ გვყავს. უფრო სწორედ ვეება „ქოც-სპილო“, რადგან ნაცების სამიზნე ერთადერთი ოლიგარქი, ბიძინაა! ნაცებისთვის სხვა ოლიგარქი, გარდა „რუსი ოლიგარქისა“, ბუნებაში არც არსებობს.
ამ „დეოლიგარქიზაციის“ გადამკიდე, შეგვიძლია ჩვენს ორპატიულ სისტემას ისეთივე სიმბოლოები, როგორც ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებსა აქვთ, მოვუგონოთ. ქოცებისა იქნება მისი „ოლიგარქი“ ანუ ვარდისფერი სპილო, ნაცებისა კი - მუქი სათვალით, რადგან ყველაფერს მხოლოდ შავ ფერებში ხედავს, აღკაზმული ვირი, უთუოდ ვირი, რადგან „რუსი ოლიგარქის“ გარდა სხვას, არაფერსა და ვერაფერს, მათ შორის - ვერც სკუთარ ოლიგარქებს, ვერ ამჩნევს!
ასევე შეგვიძლია ავიღოთ ოლიგარქიასთან ბრძოლით უკვე ვარდისფერი სათვალით დაბრმავებული უკრაინის კანონი და იოლად აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ამ კანონის კრიტერიუმებით, საერთოდაც არ გახლავთ არანაირი ოლიგარქი, ე.ი. სულაც არაა სპილო, მართლაც: 1. იგი არ მონაწილეობს პოლიტიკაში (ამის არც ერთი ფაქტობრივი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია და მხოლოდ „აღქმებს“ თუ ნახავათ ე.წ. არგუმენტებად); 2. იგი მედიაზე რაიმე მნიშვნელოვანი ზეგავლენით, თუკი აქაც ფაქტებს დავეყრდონობით, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის; 3. მის არც ერთ საწარმოს, რომლის საბოლოო ბენეფიციარიცაა, არ უკავია ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა; ხელთ შეგვრჩება ერთადერთი, მე-4 კრიტერიუმი, რასაც ის ნამდვილად აკმაყოფილებს, რადგან მართლაც გახლავთ უზარმაზარი აქტივების, რაც სარსებო მინიმუმს არათუ მილიონჯერ, არამედ ასეულობით მილიონჯერ აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ ამ აქტივების ლომის წილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა, საბოლოო ბენეფიციარი. დასკვნა ნათელია: უკრაინული, ლამის სამაგალითოდ შერაცხული, „ვარდისფერი კრიტერიუმებით“ - ბიძინა არ გახლავთ ოლიგარქი.
სამაგიეროდ - ნაცების ფლანგზე, ე.ი. ამდენ ვირებში, უამრავი ყვითელი სპილოა - უკანონობის ჭაობში გვარიანად გასვრილი ოლიგარქი: მათ სახელ-გვარებს ქუჩაში ნებისმიერი გამვლელი ზეპირად ჩამოგითვლით.
ცხადია, ოლიგარქების უნივერსალური ფორმულის გამოგონება და მათ წინააღმდეგ სანადირო სეზონის გახსნა, ბოლოს თუ კლასობრივი მტრობის ჩამოგდებამდე, ე.ი. სრულ სიბნელემდე არა, დისკრიმინაციულობამდე, კანონის წინაშე თანასწორობის უგულებელყოფამდე, მაშასადამე - არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ ცივილიზებულობისგან სრულ გაუცხოებამდე (ასეთ გაუცხოებას ებრაულად - დაგოიმება ეწოდება), უსათუოდ მიგვიყვანს! ეს, ვიმეორებთ, პოლარიზაციის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდის უმოკლესი გზაც იქნება, რისგანაც დემოკრატია ვერ დაგვიცავს. იმიტომ, რომ ბარბაროსობა, ველურობა - დემოკრატიულიც არსებობს.
...აი აქ, კიდევ ერთი ელიტარული კლუბი „რა, სად, როდის?“ უნდა გავიხსენოთ: რატომ და იმიტომ, რომ სწორედ საამკლუბო იქნება ასეთი ტესტი: „დაასახელთ ჭარბი ზეგავლენის წინააღმდეგ დემოკრატიის ბარბაროსული ბრძოლის ისტორიული მაგალითი“. ამ კლუბის წევრებს არ გაუჭირდებოდათ სწორი პასუხის გაცემა და უმალ „ოსტრაკიზმი ათენის დემოკრატიაშიო!“ - უპასუხებდნენ. დიახ, არქაული დემოკრატიის ერთგვარი ველურობა გახლდათ, როცა „ჭარბი გავლენის“ მქონე „დიდ კაცებს“ ათენელები აგორაზე კენჭისყრით გამოუტანდნენ ხოლმე სამშობლოდან გაძევების განაჩენს, რასაც „ოსტრაკიზმი“ ეწოდებოდა და ველურობით იმას თუ შეედრებოდა, როცა სოკრატეს, მასაც ასევე „დემოკრატიული“ არგუმენტაციით, ციკუტა დაალევინეს. შორს რომ არ წავიდეთ, „დიდ კაცებთან“ ბრძოლის, როცა ნაძირლებისგან ჭკუადაკარგული ბრბო „ჭარბ ზეგავლენას“ ვერ ეგუება და ბოროტად შურს იძიებს ყველა იმ დიდი სიკეთისთვის, რაც ამ დიდ კაცს მათთვისვე უკეთებია, უამრავი მაგალითი ქართული სინამდვილისთვის უცხო არ არის. მათგან ისტორიულად ყველაზე ამაზრზენი, რასაკვირველია - პროგრესულობის სახელით დიდი ილიას ყვავებივით დაკორტნა და ბოლოს საზარელი მკვლელობაა. „ცინცხალი“ მაგალითიც გვაქვს - მეფე ერეკლეს დაკორტნა ბინძური ნეო-ჭილყვავების მიერ! რომ შეეძლოთ, ცხადია - მასაც მოკლავდნენ!
მსგავსი სიშლეგისკენ, უგუნურებისკენ, სრული ველურობისკენ, რაც „ბოროტი დეოლიგარქიზაციით“ , „ჭარბი ზეგავლენის“ წინააღმდეგ ეშმაკეული შეპყრობილობის მკაფიო მაგალითი გახლავთ, დაუფარავად მოუწოდებდა ბრბოს (დიახ, ბრბო და არა ხალხი, შეიძლება იყოს ასეთი მოწოდების ადრესატი) სააკაშვილი: ბიძინას სასახლის სარდაფში 800 მილიონი ევრო აქვს, მივუვარდეთ, წავართვათ, გავინაწილოთ, ბიძინა კი გამოვათრიოთ და „ოსტრაკიზმს“ ვინღა ჩივის, ლინჩის წესით დავსაჯოთო! არადა, ეს სწორედ ის სააკაშვილია, ვისაც სამართლითა და კანონით, საერთოდ ეკრძალება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, ვინაიდან თავისივე ნებით უარი თქვა სამშობლოზე და ქართველი მოქალაქე არც არის, უკრაინელი ბოროტმოქმედია! ეკრძალება, მაგრამ როდის იყო მისთვის ან უკუღმართი სხვა ნაცისთვის, რომელიმე აკრძალვას რაიმე მნიშვნელობა ოდესმე გააჩნდა?! მათი „მოწოდება და პროფესია“ პოლიტიკა კი არა, უკუღმართობაა, სამართლისა და სამართლიანობის საპირირისპიროდ - უსჯულოებაა; ხოლო ამგავრი „დეოლიგარქიზაციის“ მოწოდებები კი სჯულდაკარგული, დაბნეული, დეპერსონალიზებული ინდივიდების მასისთვის, რასაც არ მეტი, არც ნაკლები - ბრბო ეწოდება, არის განკუთვნილი. „გოიმობაც“ იგივესა ნიშნავს - ებრაელები წარმართებს, ე.ი. სჯულისგან გაუცხოებულებს, ე.ი. უსახურ „მასებსა“ თუ უფორმო „ბრბოებს“ და არა პატივსცემ ხალხებს, უწოდებდნენ.
...თუ გვსურს პოლარიზაციაც დავძლიოთ და „დეოლიგარქიზაციაც“ მართლზომიერად, გავიგოთ, ერთადერთი გამოსავალი გვაქვს: მივაფურთხოთ ეშმაკს, ზურგი ვაქციოთ დამგოიმებლებს, უცხოელ თუ აქაურ ნაცებს და სამართლისა და სამართლიანობის, ანუ - სჯულის გარშემო ყველანი გავერდიანდეთ! მაშინ, აღარ მოგვიწევს არც ვარდისფერი თუ ყვითელი სპილოების „ფორმულების“ გამოგონება და საბოლო ჯამში, ბნელ ოთახში კატის ძებნა. სჯულით გაერთიანება ისიცაა, როცა ყველანი ერთად პასუხისმგებლობით შევუდგებით უსამართლობის ჭაობის დაშრობას, რადგან მართალ გზაზე ვიაროთ და როგორმე ჭაობში ჩაფლობის, მისი შლამითა და ტალახით გასვრის, ერთი-მეორეზე ნადირობის თუ სხვადასხვა ჯურის მტერთაგან, მგელი იქნება ის თუ მგლისფერი ძაღლი, ჩვენზე ნადირობის საფრთხეებს გავუმკლავდეთ. ქართველები ვართ და ნუ ვიქნებით ვარდისფერი სპილოს ტესტით დაგოიმებული არიფი მონადირეების ბრბო. არ გვეკადრება. უნდა ვებრძოლოთ არა „ჭარბი ზეგავლინის“ დიდ კაცებს, არამედ - უსამართლობასა და უკანონობას.
აი, ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ელიტარული კლუბის არც თუ რთულ ტესტებზე.