რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა უკრაინას უწინასწარმეტყველებს, რომ ის ძველ საზღვრებს ვეღარ დაუბრუნდება. მართლაც, ლუგანსკსა და დონეცკში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავენ რუსეთთან შეერთების საკითხებზე.
რაც შეეხება ყირიმს, ეს ტერიტორია უკვე რუსეთმა მიითვალა და 8 წელი გავიდა მისი ანექსიიდან. პუტინმა ყირიმის ნახევარკუნძული რუსული მიწების დაბრუნებად ჩათვალა და კოსოვოს პრეცედენტით გაამართლა. ზელენსკიმ პუტინს წლების შემდეგ უპასუხა: „ეს ჩემი მიწაა, ანექსირებული ყირიმი არასდროს გახდება რუსეთის ტერიტორია და მისი დაბრუნება დროის საკითხია“.
ყირიმის ისტორია მეტად ჩახლართულია. ამ ნახევარკუნძულზე ვის არ ეჭირა თვალი, თურქეთის ჩათვლით. ჯერ საბერძნეთის, რომის იმპერიები ფლობდნენ ამ ტერიტორიას, შემდეგ ბიზანტიის ხელში აღმოჩნდა, რასაც მოჰყვა კიევის რუსეთის გამგებლობაში მისი გადასვლა. მე-15 საუკუნიდან ყირიმი უკვე ოსმალეთის პროტექტორატი გახდა და მონებით ვაჭრობის ცენტრიც იყო. სახელი „ყირიმიც“ აქედანაა, რაც ყირიმელ თათრებს („ქირიმ“) აღნიშნავს.
მართალია, 1853 წელს დაწყებული ყირიმის ომი რუსეთმა წააგო, მაგრამ ყირიმის ნახევარკუნძული მაინც რუსეთის შემადგენლობაში რჩებოდა. მოგვიანებით სტალინმა გერმანელებთან კავშირის გამო ყირიმელი თათრები ცენტრალურ აზიაში გადაასახლა, მაგრამ მოულოდნელად ეს ტერიტორია ხრუშჩოვმა 1954 წელს უკრაინას გადასცა. როგორც ამბობენ, ყირიმი ხრუშჩოვის საჩუქარი არ ყოფილა უკრაინისთვის, უბრალოდ, 300 ათასი ყირიმელი თათრის გადასახლების შემდეგ იქაური ხალხი შიმშილმა მოიცვა, ამიტომ ხრუშჩოვმა ყირიმელთა ჩანაცვლება უკრაინელებით გადაწყვიტა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ როცა 1991 წელს უკრაინამ რეფერენდუმი ჩაატარა, ყირიმელებმა რუსეთიდან დამოუკიდებლად ყოფნას მისცეს ხმა, მაგრამ ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა რუსეთმა ყირიმში ძალით ჩაატარა რეფერენდუმი, უკვე განსხვავებული შედეგი დაიდო.
სხვათა შორის, ყირიმის ნახევარკუნძული თურქეთისთვის სუსტი წერტილია. თურქეთისა და რუსეთის ინტერესები შეიძლება ყირიმთან მიმართებითაც დაუპირისპირდეს ერთმანეთს.
რა ბედი ელის ყირიმის ნახევარკუნძულს, შეძლებენ თუ არა უკრაინელები მის დაბრუნებას, თუ ახდება ზელენსკის სიტყვები, რომ „ყირიმელი თათრები ოკუპაციას არ შეეგუებიან და ერთხელაც შინ დაბრუნდებიან“?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ყირიმის გამო თურქულ-რუსული ინტერესები დაპირისპირებულია ერთმანეთთან, რადგან თურქეთი არ ცნობს ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში. ერდოღანი დღესაც ოფიციალურად აცხადებს, ყირიმი უკრაინააო. უფრო მეტიც, ყირიმი ისეთი საკითხია, რომ ერდოღანი არასდროს შეეგუება რუსეთისთვის მის გადაცემას.
რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავშირებას კოსოვოს პრეცედენტთან, სოსო ცინცაძე იხსენებს, რომ ფინელმა დიპლომატმა (აჰტისაარმა) მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ სერბები და კოსოვარები ერთად ვერ იცხოვრებდნენ, ამიტომ ცალ-ცალკე უნდა შექმნილიყო კოსოვოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ გადაწყვეტილებას მაშინ ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა თვითონ ევროპაშიც. იმ პერიოდში სააკაშვილმაც თქვა, ეს ჩვენ შემოგვიბრუნდებაო.
„ისტორიულ სამართლიანობაზე თუ არის საუბარი, მაშინ ყირიმი რუსებს კი არა, თურქებს უნდა მისცენ, უფრო ადრე კი რომის იმპერიას ეკუთვნოდა. საერთოდ, ისტორიული სამართლიანობა უფრო სადღეგრძელოს სიტყვაა და არა პოლიტიკური, რადგან ისტორიული სამართლიანობის აღდგენა დამოკიდებულია ახალ ომებზე, არც ერთი ომი სამართლიანობის აღდგენას არ ემსახურება“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას და შეკითხვის საპასუხოდ, საბოლოოდ დაკარგავს თუ არა უკრაინა ყირიმს, განმარტა, „არავინ იცის, ისიც კი არ იციან, ეს ომი დასასრულისკენ მიდის თუ არა. ბოლო დღეებში დასავლეთი რასაც შეჰპირდა უკრაინას, თუ მართლაც მიაწოდა მძიმე არტილერია, ეს გადაწყვეტს ომის ბედს. ნაპოლეონმა ტყუილად კი არ თქვა, „არტილერია ომის ღმერთია“. ნაპოლეონის დროს იყო არტილერია ომის ღმერთი, ქვემეხების ეპოქაში, დღეს კი გრადები, ზალპური ცეცხლის კომპლექსები ბევრს რამეს გადაწყვეტს.
სოსო ცინცაძის განმარტებით, უკრაინა ყოველდღიურად ღებულობს ამ ტიპის იარაღს, გერმანიაც კი დაითანხმეს ამაზე, ინგლისმა შეაკეთა ქვემეხები და გადასცა უკრაინას, ასეთ პირობებში ზელენსკი არავითარ ზავზე არ წავა. ძალიან ბევრს კი ეცადა კიევში ჩასული ოთხეული, მაგრამ ზელენსკი ვერ დაიყოლიეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე.
ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, 1954 წლიდან ყირიმი ეკუთვნოდა უკრაინას. მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და უკრაინა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენულმა დამოუკიდებელმა რუსეთმაც აღიარა უკრაინა ყირიმის შემადგენლობით. ელცინს არავინ არ აძალებდა, ეცნო უკრაინა ყირიმის ჩათვლით, მას შეეძლო ეთქვა, რომ ყირიმთან მიმართებით რუსეთს გააჩნდა განსაკუთრებული პოზიცია და უკვე გასაგები იქნებოდა, რომ რუსეთი ედავებოდა უკრაინას ყირიმის ტერიტორიას, მაგრამ ელცინმა, პირიქით, აღიარა უკრაინა ყირიმთან ერთად. მოხდა ხარკოვის 1997 წლის ხელშეკრულებების დადება, რომლითაც უკრაინამ და რუსეთმა გაინაწილეს ყირიმში თავიანთი გავლენის ზონები, რუსეთმა მიიღო იქ სამხედრო ბაზის განთავსების უფლება და ამით თითქოს ყველაფერი დარეგულირდა.
„ახლა კი უცებ, მუხანათურად რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. საქართველოსთან მიმართებითაც ასე მოხდა, რუსეთმა ჯერ გვაღიარა, მერე დაგვიპყრო. რუსეთი ედავებოდა ზვიად გამსახურდიას, რატომ სცანი იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობაო. ამის გამო ზვიად გამსახურდიას სამხედრო გადატრიალება მოუწყეს. რა თქმა უნდა, იჩქერია მხოლოდ საბაბი იყო. ზვიად გამსახურდია არაფერ შუაში არ იყო, მას არ უცვნია იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, უბრალოდ, ზვიად გამსახურდიას და ჩეჩნებს ჰქონდათ სპეციფიკური ურთიერთობა და ზვიადმა შესთავაზა ჩეჩნებს კავკასიური ერთობის ერთიანი სახლის შექმნა, რაც, ბუნებრივია, არ ნიშნავდა იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარებას. ეს იყო კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა ტიპის ურთიერთობის მჭიდრო განვითარება ორ ძმურ კავკასიურ ხალხს შორის. საინტერესოა, რატომ ედავებოდნენ რუსები ზვიად გამსახურდიას იმას, რაც მერე თვითონ გააკეთეს უკრაინაში?!“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ყირიმთან დაკავშირებით თურქული ინტერესებიცაა, ისტორიულად დაახლოებით ხუთი საუკუნე თურქეთის გავლენის სფეროში შედიოდა ყირიმის ნახევარკუნძული, მაგრამ მოგვიანებით ყირიმზე კონტროლი დააწესა რუსეთის იმპერიამ. შესაბამისად, ერდოღანი დღემდე არ თვლის ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში.
მეც დავამატებ ცოტას - ყირიმელმა თათრების ცხენოსნებმა, გირეი ხანის მეთაურობით, რუსული არმიის მხარეს იბრძოლეს ოსმალების წინააღმდეგ და ოსმალების გაყრაში მათაც არანაკლები წვლილი მიუძღვით.
ხოლო ის, რომ ყირიმის ფაშისტების მიერ ოკუპაციისას მასიურად მონაწილეობდნენ ომში ფაშისტების მხარეს როგორც კარატელები, რომლებმაც სისხლში აბანავეს რუსული სოფლები და გაჟლიტეს პარტიზანები, მათ შორის აჯიმუშკაის ოპერაციის აქტიური მონაწილეები იყვნენ, კი გახდა მათი მასობრივი გადასახლების მიზეზი.
მაგალითად, სსრკ-ს ორგზის გმირის, მფრინავი ახმედ-ხან სულტანის ძმა კარატელი იყო (მამით ლაკი, დედით ყირიმელი თათარი).