უკვე ორი წერილი შევთავაზე საიტის მკითხველს უკრაინიდან აქ არსებული სიტუაცის შესახებ. დღეს მესამე წერილში უფრო ყოფითი ამბების - ფასების, სერვისების, კომუნალური მომსახურების, ხელფასების, მცირე ბიზნესის და ა.შ. ირგვლივ, ომის მიერ მოტანილი პრობლემების შესახებ მინდოდა მომეყოლა, მაგრამ გადავწყვიტე შემდეგისთვის გადამედო, რადგან უკრაინა-მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გადაწყვეტილებამ და ჩვენთვის უარის თქმამ ყველაფერი უკანა პლანზე გადაწია... ამიტომ შევეცდები, გაგაცნოთ უკრაინისა და მოლდოვის, ჩემი თვალით დანახული „ევროუპირატესობები“, რითაც თურმე ასე „გაგვასწრეს“.
- იუსტიციის რეფორმა: მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: საქართველო - 49-ე ადგილი 139-დან, უკრაინა - 74-ე, მოლდოვა - 73:
- კორუფცია: საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველო - 45-ე ადგილი, უკრაინა - 122-ე, მოლდოვა: 105-ე.
- ორგანიზებული დანაშაული: მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, უკრაინას - 47,42, მოლდოვას - 46,35 (ყველაზე მაღალი კრიმინალობაა ვენესუელაში - 83,76).
- სიტყვის თავისუფლება 2021 (რეპორტიორები საზღვრების გარეშე Reporters Without Borders) საქართველო მე-60 ადგილი, უკრაინა - 97-ე, მოლდოვა - 89-ე.
- პრესის თავისუფლება (მსოფლიო ბანკი World Bank): საქართველო - 28,64; უკრაინა - 32,9; მოლდოვა: 31,61; (მსოფლიოში საუკეთესო არის ფინეთი - 6,99).
ამ მონაცემებმა მთელი ქართული პრესა და ინტერნეტსივრცე მოიარა, ყველას აუშალა ნერვები და კიდევ უფრო გაამძაფრა უსამართლობის განცდა. ამ ციფრების ფეხებზე დაკიდება ევროკომისიის რეკომენდატორთა სინდისზე იყოს, მე კი შევეცდები კიდევ უფრო განერვიულოთ იმის მოყოლით, რეალობაში როგორ ვადევნებ თვალს ამ ყველაფერს უკრაინაში ჩემი სამი წლის ცხოვრებისა და მოლდოვაში ორჯერ მცირე ხნით ყოფნის მანძილზე.
პირველი - „იუსტიციის რეფორმა“ და მეორე - „კორუფცია“ (ესენი უკრაინაში „უერთმანეთოდ ვერ ძლებენ“, ამიტომ არ დავაშორებ): მე პროფესიონალი არ ვარ და ზუსტად და სრულად არ ვიცი რა იგულისხმება ამაში, ან რა მდგომარეობა იყო „რეფორმამდე“, მაგრამ რამდენიმე მაგალითს მოგიყვებით საკუთარი გამოცდილებიდან, რაც პოლიციას, საგზაო მოძრაობის ჯარიმებს, კრიმინალთან ბრძოლას, საბუთების აღებას ეხება და დასკვნები და საქართველოსთან შედარება თქვენთვის მომინდვია:
კიევი - მეტროს სადგური „ჰიდროპარკი“ (მიწისზედა სადგურია, როგორც დაახლოებით ჩვენი „გოცირიძე“). ბილეთების სალაროსთან ვიდექი, ჩემი რიგი მოვიდა, ავიღე, ტელეფონი იქვე დავდე რომ ხურდა საფულეში ჩამედო, მარჯვნივ მოვტრიალდი ჩანთისთვის რომ გამეხედა, ვიღაცამ ჩქარაო მომაძახა უხეშად (აქ ასეა „წესი“), გამოვედი და... მოკლედ ტელეფონი დამავიწყდა. ოც, მაქსიმუმ ოცდახუთ წამში მოვბრუნდი (ფაქტობრივად მაშინვე, ჩანთასთან მისვლამდე გამახსენდა) და ტელეფონი აღარ იყო! აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვინმეს კი არა, ყველას არ დაენახა, თუ ვინ აიღო: იმ კაცს, რომელიც ჩემს შემდეგ რიგში იდგა (ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბილეთის აღება დამთავრებული), მოლარეს, და რაც მთავარია იქვე, სალაროს წინ მდგარ პოლიციელს. ვიდეო კამერებიც ყველა მხარეს აყენია. რა თქმა უნდა, ყველამ დამიკიდა: ზოგმა დამცინა, ზოგმა ჭკუა დამარიგა - ფრთხილდ უნდა იყოო, ტელეფონიც არავინ მათხოვა, რომ მაშინვე დამერეკა ჩემს ნომერზე - თუ ქურდი მათ შორის იდგა, ზარს გავიგებდი, ჯერ გამორთვასაც ვერ მოასწრებდა... მაგრამ ჩვენ ახლა „პოლიციის რეფორმაზე“ ვსაუბრობთ და არა ხალხზე: „რეფორმირებულმა პოლიციელმა“ ზუსტად ისე „გულისხმიერად“ გამაგზავნა „კონკრეტულ ადგილზე“, როგორც დანარჩენებმა.
ვიდეოჩანაწერი ნახე-მეთქი. ეგ კამერები ტერორისტებზე სათვალთვალოდ არის და არა „ლოხებს“ რომ ტელეფონს მოპარავენ, იმის საძებნადო. დამარეკინე მაინც-მეთქი და - არაო, ჩემი პირადი ტელეფონიაო. მერე მოვიფიქრე: მაშინ განცხადებას დავწერ ოფიციალურდ-მეთქი. რა აზრი აქვს, რას მიაღწევ, კიდევ ორ საათს დაკარგავ, სანამ გავაფორმებო. არა, უნდა დავწერო, სამსახურის ტელეფონია და რამე საბუთი უნდა მივიტანო, რომ მომპარეს-მეთქი. ეს აღარ მოეწონა და კარგი, დაგარეკინებო. დავრეკე. მაშინვე მიპასუხა იმ ვირიშვილმა, ელოდა დარეკვას. იმანაც ჭკუა დამარიგა: დატოვე უპტრონოდ და მე ავიღე, შენ რას იზამდიო? (!!!) უკვე „ლისოვაზე“ ვარო (ბოლო გაჩერებაა იმ ხაზზე). 4 ათასი გრივნა გაამზადე (400 ლარი) და მოვბრუნდები უკანო (ეკრანი ჰქონდა ჩამსხვრეული, ათასხუთასად ვერ ჩავაბარე მეორადებში, მაგრამ მთელი კონტაქტები და შეკვეთები იქ მქონდა და ვერ დავკარგავდი). სამი ათასზე შევთანხმდით. 15 წუთში მოვალო. პოლიციელი გვერდით მიდგას. მოვა და შენ რას იზამ-მეთქი? რა უნდა ვქნა, ჯიბიდან ხომ არ ამოგაცალა, შენ დაკარგე - იმან იპოვა, გიბრუნებს და შენ მადლობის ნიშნად ფულს ჩუქნი, მე რა შუაში ვარო, ჩამომიყალიბა! მოვიდა, გადავუხადე (2000-ზე ჩამოვიყვანე), პოლიციელიც იქვე იდგა...
რაც ომი დაიწყო, საჭესთან აღარ დავმჯადრვარ, მანამდე კიევში სამსახურის მანქანით ვმოძრაობდი. ახლა თუ გამოსწორდნენ, არ ვიცი, მაგრამ ომამდე თითქმის ერთი და იგივე ადგილებში მიწევდა მოძრაობა და იმ „კვადრატებში“ პატრულის ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ ვარ „სულელი, პრინციპული“ ქართველი, რომელსაც 340-გრივნიანი ჯარიმის გამოწერა უჩრევნია 100 გრივნის ქრთამად მიცემას...
ბინადრობის უფლების მოწმობის ასაღებდ მივედი, „კიევისა და კიევის ოლქის საემიგრაციო სამსახურში“ (მანამდეც ვიყავი ნამყოფი ჯარიმის გადასახდელად. ქვემოთ მაგაზეც გეტყვით). დატოვე საბუთები, პასპორტის ქსეროასლი და წადი, სამიდან ათ დღემდე ვადაში იქნებაო. სამი თუ ათი-მეთქი? გააჩნია როგორ მოიქცევიო და მიღიმის. არ მეჩქარება, იყოს ათი დღე-მეთქი და წამოვედი. ზუსტად ორ საათში მირეკავენ: თქვენს პასპორტში მონაცემები აკლია, კომპიუტერში ანკეტას ვერ ვავსებთო. წავედი ისევ, ვიფიქრე, ალბათ პასპორტის კიდევ სხვა გვერდის ასლი უნდა გადამეღო-მეთქი. აქო პასპორტშიო, მამის სახელი არ წერიაო („ოტჩესტვო“)!!! კინაღამ ინფარქტმა დამარტყა! არ იწერება ჩვენთან ეგ-მეთქი, ეგ კი არა, არც უკრაინულ პასპორტში გაქვთ, მხოლოდ შიდა პასპორტებში გიწერიათ-მეთქი. ეგ შენი საქმე არ არის, კომპიუტერში უნდა შევიყვანო მონაცმებიო. ისე გეტყვით-მეთქი „ოტჩესტვოს“. მერე რა ვიცით, რომ მართალს გვეტყვიო. გამაგიჟა! ფრანგი და ამერიკელი რომ მოდის, იმასაც უწერთ „ჟან ლუსიენოვიჩს“ და „ჯონ ჯეკოვიჩს“-მეთქი? და არც ეგ არის შენი საქმეო. კარგი, აღარ მინდა ეგ მოწმობა, საკონსულოს ვთხოვ იუსტიციის სამინისტროში გამირკვიოს-მეთქი. არ დაიჯერა, გაეცინა: საკონსულოს არა გაეროსო. კონტაქტებში მოვძებნე, ლათინური ასოებით ეწერა ტელეფონის ნომერს: „ზურაბ, კონსულ“. ცხვირთან მივუტანე და წამოვედი. 15 წუთი არ იყო გასული რომ დამირეკეს, მოდი, მოწმობა წაიღე, მზად არისო!
პირველად მანდ ჯარიმის გადასახდელად ვიყავი, ხუთი დღე გადამიცდა სამ თვეს, ვერ მოვასწარი საბუთის გაგრძელება. რაც მთავარია - თვით კანონში უდევთ კორუფციის შესაძლებლობა: ჯარიმა 1700 გრივნიდან სამმაგამდე (5100) და არავითარი კრიტერიუმი. ანუ არ არის განსაზღვრული - ვის მეტი და ვის ნაკლები. ხომ შეიძლება, რომ პირველი დარღვევისთვის, ან ცოტა ხნით გადაცილებისთვის, ან არალეგალურად მუშაობის გარეშე ვადაგადაცილებისთვის იყოს ნაკლები, ვიდრე წლობით არალეგალურად ცხოვრებისა და გადასახადების გადაუხდელად მუშაობისთვის, ან მეხუთედ დაჯარიმებისთვის? არა, მე როგორც გადავწყვეტ, ეგრე იქნებაო - „უმფროსმა“. გამომიწერა მაქსიმუმი! ჩემამდე ინდუსი გამოვიდა: შვიდი წელია აქ ვარ, მეხუთედ გადავიხადე ჯარიმა, ხუთივეჯერ 1700. წინა უფროსი კაი ტიპი იყო - ზემოდან 500 გრივნას ვუმატებდი, ამან ათასი წამართვაო. აბა, შენსავით „ბლატაობას“ ხომ არ დავუწყებდი და 5100-ს ხომ არ გამოვაწერინებდიო.
კორუფცია... როგორ გითხრათ... ალბათ, „საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი“ ან „ყოველდღიურობის ნორმა“ შეიძლება ვუწოდოთ: საავადმყოფოში ოპერაცია ან ნებისმიერი სხვა პროცედურა - ექიმს „ხალათის ჯიბეში“ არაოფიცილურად. არ გადაუხდი - მოკვდები! სამსახურში მისატანი ავადმყოფობის ყალბი ცნობა („დაჩაზე“ ხარ წასასვლელი რამდენიმე დღით, ან უბრალოდ გეზარება) - ქრთამი პოლიკლინიკის რეგისტარატურაში, ღიად, ყველას დასანახად. ახალ სამსახურს იწყებ - საჭიროა „მედიცინსკაია კარტა“: ნახავ ინტერნეტში ნომერს, დარეკავ, თუ ფულს დაუმატებ, სახლშიც კი მოგიტანენ, სულაც რომ შავი ჭირი გჭირდეს - ჩაწერილი იქნება, რომ ჯანმრთელი ხარ. მიიტან და დაიწყებ მუშაობას. დამსაქმებელმაც იცის, რომ ნაყიდი გაქვს საბუთი, მაგრამ თუ არ დადებს სეიფში, ვიღაც შემმოწმებელი მოვა და იმისთვის მოუწევს ქრთამის გადახდა...
მართვის მოწმობების ყიდვა, დიპლომის ყიდვა - აქ ყველფერი მოსულა. სკოლაში! საბავშვო ბაღში!!! ყველგან ქრთამი!
აღარაფერს ვამბობ კორუფციის უმაღლეს დონეზე, თან დიდ მასშტაბებში. ინტერნეტი სავსეა დატაცებულ ჰუმანტარულ დახმარებაზე და გზებისა თუ სხვა ობიექტების მშენებლობებზე მილიარდიანი კორუფციის ფაქტებით.
მესამე - ორგანიზებული დანაშაული: ალბათ, მე არ ვიცი, რას ჰქვია „ორგანიზებული დანაშაული“, მაგრამ რასაც მე საქართველოს ამბებს ვადევნებ თვალს, ასეთის შესახებ არაფერი მსმენია. ორგანიზებული ბანდა, რომელიც სისტემატურად ძარცვავს ან კლავს; კიბერდანაშაულს ჩადის და მოქალაქეების ანგარიშებიდან ფულს იპარავს; ბიზნეს-სტრუქტურებს წილში უზის, არეკეტებს, ურჩებს სასტიკად უსწორდება; იპარავენ ათასობით ძვირფას მანქანას და უპრობლემოდ ჰყიდიან რუსეთში, ან არალეგალურ სახელოსნოებში ნაწილებად შლიან და აქვე ყიდიან; „კანონიერი ქურდები“, „სხადნიაკები“... გეცნობათ? 90-იანი წლების საქართველოზე კი არა, დღევანდელ (ომამდელ) უკრაინაზე გიყვებით. „ორგანიზებული დანაშაული“ სხვა რამეა?! მე აღარ ვარ საქართველოში და მითხრას ვიმემ - ასეთები ხდება მანდ?!
მეოთხე და მეხუთე - სიტყვის თავისუფლება და პრესის თავისუფლება: ამის შედარება საქართველოსთან საერთოდ დაცინვაა... თავს აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ათჯერ მრავალრიცხოვან უკრაინაში ათჯერ ნაკლები არსამთავრობო ორგანიზციაა, ვიდრე საქართველოში. ხოლო იმისთვის, რომ არასამთვრობო ორგნიზაცია დააარსო, დაახლოებით თხუთმეტი ცნობა, ერთი თვე და ბევრი ნერვების შლაა საჭირო და არა ის, რაც ჩვენთან - მიდი იუსტიციის სახლში და თუ გინდა 15 წუთში იქიდან „ბისექსუალი კატების უფლებთა დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებლის სტატუსით გამოხვალ.
არც მე მჯეროდა, როდესაც ამბობდნენ: უშიშროება გვისმენს, ტელეფონში არაფრის თქმა არ შეიძლებაო; ექო ისმის ე.ი. გვისმენენო და ა.შ. მეცინებოდა. მაგრამ ვაიბერში სბუ-სგან (უკრაინის უშიშროების სამსახური) შეტყობინება რომ მომივიდა: ომია ახლა და რომ იცოდეთ - თქვენი ყველა საუბარი და ყველა მიმოწერა ტელეფონით და სოცქსელებით, იწერებაო, დავიჯერე და აღარ მეცინება. კი, გასაგებია, ომია, მაგრამ არა მგონია საქართველოში რომელიმე სამსახურმა გაბედოს, ან თუ გაბედა, ხალხმა ასე ურეაქციოდ მიიღოს პირადი საუბრების მოსმენა და მიმოწერაში ქექვა თუნდაც ომის დროს. აქ კი ყურიც არავის შეუბერტყავს - ისედაც დარწმუნებული იყვნენ.
ყველა ოპოზიციური ტელეარხი დაიხურა. მუშაობს მხოლოდ კოლომოისკის, ფირტაშისა და ახმეტოვის კუთვნილი არხები (კოლომოისკი ის ბიზნესმენია, რომელიც ზელენსკის გუნდის სპონსორად, სპონსორად კი არა - მბრძანებლად მოიაზრება). სასაცილო ის არის, რომ მათი ოპოზიციურობა დახურვამდეც მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ კოლომოისკის კონკურენტ თუ მასთან დაპირისპირებულ ოლიგრქებს ეკუთვნით და არა მას.
ასევე დაიხურა ქვეყანაში არსებული ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალის - ექსპრეზიდენტ პოროშენკოსთან ასოცირებული არხი „პრიამოი“ და მეხუთე არხი. ახლა უკრაინული ოპოზიციის ერთადერთი ტრიბუნა სოციალური ქსელებია.
აღარაფერს ვამბობ გენდერულ და ბავშვთა უფლებების დაცვაზე - საშინელი სტატისტიკის და ფაქტების „დაგუგვლა“ ყველას შეგიძლაით.
ისედაც თავი შეგაწყინეთ და აღარ გავაგრძელებ. კიდევ ბევრია შესადარებელი, მაგრამ როგორც გითხარით, შემდეგ წერილში ტრანსპორტის, კომუნიკაციების და სხვა ამბებს გეტყვით და იქაც შევეხებით ევროკომისიის დასკვნას (რადგან იქ უკრაინის „განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე“ და „რეფორმირებულ განათლების სისტემზეც“ იყო საუბარი).
მოლდოვაზე სალპარაკოდ აღარ დარჩა ადგილი და აღარც ღირს, მაგრამ ორ რამეს ვიტყვი მხოლოდ. ერთი ფაქტია, მეორე - „სიმბოლო“. ფაქტი: მოლდოველთა მხოლოდ 47%-ს სურს ევროკავშირში ყოფნა (რეფერენდუმი არ ჩატარებულა, ეს იმ გამოკითხვის შედეგებია, რომელიც ევროკომისიას ედო წინ რეკომენდაციის წერისას). „სიმბოლო“: ჩემთვის მოლდოვა უკვე ასოცირდება იმ ტაქსის მძღოლთან, უფრო ზუსტად - იმ მაისურთან, რომელიც ტაქსის მძღოლს ეცვა, ავტოსადგურიდან სასტუმრომდე რომ მიმიყვანა, კიდევ უფრო ზუსტად - იმასთან, რომ ეს იქ არავის არ უკვირდა და არ „ტეხავდა“: ზევით ეწერა „მოსკვა“ (რუსულად), მერე ეხატა დათვის ბელი (მოსკოვის ოლიმპიდის სიმბოლო 1980 წელს), ქვევით ეწერა: „ოლიმპიდა-80“... ხვალ, შესაძლოა, ის ტიპი გახდეს ევროკავშირის მოქალაქე!
ყოველ ჩემს სიტყვაზე პასუხს ვაგებ ურსულ ფონ დერ ლაიენის წინაშე...
ტანჯულ „რუსთაველს“ ზედ მოჰფენოდა
დაბოლებულთა ურიცხვი ჯარი
ევროპულ ქაქში იხარშებოდა...
Siro!!!