პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია - სახელოწოდებით „შინ ევროპისკენ“- გაიმართა. აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შორის წარმოდგენილი არ ყოფილა ექს-პრემიერ, გიორგი გახარიას გუნდი.
რატომ თქვა უარი პარტია „საქართველოს“ წევრებმა აქციაზე გასვლაზე? უკავშირდება თუ არა მათი უარი 2019 წლის 20 ივნისს, for.ge-ს ამ კითხვებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი პასუხობს.
ბექა ლილუაშვილი: აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პარტიის პოზიცია მკაფიოა - მივესალმებით ყველა იმ ადამიანის ნებას, ვისაც სურვილი აქვს ევროკავშირთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატოს და მსგავსი მიზნის აქციაში მონაწილეობა მიიღოს. ამ აქციას ვერ განვიხილავთ როგორც ცალკე იზოლირებულს, პოლიტიკრი კონტექსტის არმქონეს. ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური აქციაა. საზოგადოებას თავზე არ უნდა მოახვიო შეფასება, თითქოს ამ აქციით პრობლემა გადაიჭრება. პოლიტიკოსების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რათა შევძლოთ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაში დაბრუნება. სწორედ, კოლეგებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გეგმა შევთავაზეთ.
აქციაზე თქენი არყოფნა გამომდინარეობს თუ არა იქიდანაც, რომ სწორედ აღნიშნული აქცია 20 ივნისს გაიმართა. ყველას გვახსოვს, თუ რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარია იყო. დღევანდელი ოპოზიცია იმ აქციის დაშლას გიორგი გახარიას აბრალებდა. ვინაიდან აქცია „შინ ევროპისკენ“ სწორედ 20 ივნიის დაემთხვა, თქვენთვის უხერხულობას წარმოადგენდა იქ ყოფნა და ამიტომ არ მიხვედით აქციაზე?
- საქართველოს ისტორიაში 20 ივნისი არის კონკრეტული მოვლენა, რომელიც უკავშირდება ძალიან გულწრფელ პროტესტს დღისით, ღამით კი საზოგადოების მხრიდან პარლამენტზე შტურმს. ამ თარიღის შერჩევით ორგანიზატორებმა მოქალაქეები არჩევანის წინაშე დააყენეს და ამიტომ არ გვინდოდა იმ აქციაზე დაგვეფიქსირებინა პოზიცია, რომელიც საზოგადოებას კონსოლდიზაციისკენ არ უბიძგებს.
2019 წლის მოვლენები როდესაც მოხდა, თქვენ ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით. რამდენად ამართლებთ დღეს თქვენი ლიდერის გიორგი გახარიას ქმედებას, რომელმაც ბრძანება გასცა აქციის დაშლის?
- ჩემი შეფასება დღესაც ასეთია - სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი მიუღებელია, მიუხედავად იმისა ხელისუფლებაში ვიქნები თუ ოპოზიციაში.
სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმის გამო დააკავეს „ნაციონალრი მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი დაკავება აღმოჩნდა გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი. ეს მისაღები იყო თქვენთვის?
- მელიას დაკავება მოხდა იმის გამო, რასაც ის 20 ივნისის ღამეს აკეთებდა. რაც შეეხება გიორგი გახარიას საკითხს, მისთვის მელიას დაკავება კი არ აღმოჩნდა მიუღებელი, მელიას დაკავების ფორმა იყო მიუღებელი, ისევე როგორც დღევანდელი საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც მიუღებელია გვარამიას დაკავების ფორმა, რომელიც არ შეესაბამებოდა იმ პოლიტიკურ კონტექსტს, რა კონტექსტითაც ქვეყანა იყო იმ მომენტში. ჩვენ ვიყავით ისეთ პროცესში, როდესაც ასოცირების ნაწილში კანდიდატის სტატუსის მონიჭება ჰქვია.
ევროკავშირის მიერ კანდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობთ და იმოქმედა 20 ივნისის ღამის მოვლენებმა, რომ ევროკავშირი ჯერ მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლა?
- ევროკავშირის არც რეკომენდაციაში და არც რეზოლუციაში 20 ივნისის ღამე არსად წერია. აქცენტი გაკეთებულია ბოლო წელიწადნახევარზე, რომლის დროსაც მოხდა დემოკრატიული გზიდან გადახვევა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თქვენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას გეგმა წარუდგინეთ, როგორ ფიქრობთ ისინი გამოგყვებიან?
- ყველა მხარესთან კონსულტაციები გვაქვს. მმართველ გუნდთანაც კომუნიკაცია გვქონდა და ველოდებით მათ პოზიციას.
დეპოლარიზაცია მოხდება?
- ამ შემთხვევაში მთავარია ალტერნატივა. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციის გზებით ხელისუფლების ცვლის დრო აღარ არის. ამ შემთხვევაში ალტერნატივა არის და ევროკავშირის მოწოდებაც არის, რომ პოლარიზაცია დასრულდეს. საზოგადოების პოლარიზაციის დასრულება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება დაინახავს იმ გზას, რითაც ხელისუფლება იცვლება. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ხალხი ხელისუფლების შესაცვლელად ყველაფრისთვის მზად არის, ეს კი ასე არაა. ვიდრე კონსოლიდაცია არ მოხდება და ჩვენს მოქალაქებს არ ვანახებთ იმ ნაბიჯებს, რითაც შეიძლება შედეგი დადგეს, იქამდე ყოველთვის გაჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია.
თქვენ ხელისუფლებას კონკრეტულად რა შესთავაზეთ?
- ჩვენი შეთავაზება როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის არის ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი. ამ შეთავაზებაში წარმოდგენილია დაახლოებით 10 სხვადასხვა მიმართულება - მართლსაჯულების, ძალოვანი სტრუქტურის, საარჩევნო სისტემაში კონკრეტულად გადასადგმელი ნაბიჯები.
ისევ რომ მოხდეს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთ მაგიდასთან დასხდომა, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობა მოხდეს, როგორც ეს იყო შარლ მიშელის დროს?
- ვფიქრობ, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ჩვენ გავაკეთებთ და ჩვენი პარტნიორების მხრიდან დახმარება არ დაგვჭირდება. თუმცა მათ უნდა დაინახონ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა.