ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს დეპოლარიზაციისკენ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, რეფორმების გატარებისკენ. ამასთან, ქვეყანას წაუყენა კონკრეტული მოთხოვნები, რომლის შესრულების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, დღეს ვხედავ სრულიად საპირისპირო მდგომარეობას და საკმაოდ მძიმე სურათს: ქვეყანაში პოლარიზაცია ღრმავდება, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ხელშეწყობით. რეფორმების ჩატარებასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე არც ერთი მხარე არ ფიქრობს და საბოლოოდ ვიღებთ შედეგს: გზა არსაით, - საქართველო სადღაც გაიჭედა, გაიყინა, დაიკარგა...
წლების განმავლობაში ვისმენთ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთბრალდებებს, რომელიც განსაკუთრებით, ბოლო თვეების მანძილზე, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ორპოლუსიანობასა და ორპარტიულობას დასასრული არ უჩანს, პირიქით, ორივე მხარე სათავისოდ იყენებს არსებულ მდგომარეობას. ერთმა, ხელისუფლების შენარჩუნების, მეორემ, - ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილს ქვეყნის ინტერესები გადააყოლა. შესაბამისად, ამ პროცესმა ჩვენთვის შესაძლოა, სულ მცირე წლის ბოლომდე, ან უარეს შემთხვევაში, 2024 წლამდე გადაიწიოს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების შესასრულებლად კონკრეტულ ვადებს არ უწესებს, „ეს არის დინამიკური პროცესი და არ არის ხისტი მიდგომა“. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა წარმოადგინა. როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, როგორ და რამდენად სწრაფად წავლენ წინ.
„გარკვეული რეფორმები უნდა განხორციელდეს და შესრულდეს. ეს არის დინამიკური პროცესი, ეს არ არის ხისტი მიდგომა და პროცედურა, არც რაიმე განსაზღვრული ვადები არსებობს. რაც გაკეთდა იმას უკან ვერ დავაბრუნებთ. ეს არის დინამიკური პროცესი. ამიტომ ეს ყველაფერი ეფუძნება დამსახურებას. როცა ეს ყველაფერი გაკეთდება, ან თუ არ გაკეთდება სტაგნაცია იქნება - არაფერი წინ არ წავა. ხანდახან როდესაც ვხედავთ, რომ სხვა განმცხადებლები ამ სამისგან, რომელიმე უკან დაიწევს, შესაბამისი დამოკიდებულება იქნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის დამსახურება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას! ჩვენ ფინანსურად ვუჭერთ მხარს, ტექნიკური რჩევებით და ექსპერტული რჩევით, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ვცემთ პატივს. მათზეა დამოკიდებული, როგორ და რამდენად სწრაფად წავლენ წინ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი საქართველოსთვის, შეიძლება სულ მცირე რამდენიმე წლით გაიწელოს. მისი შეფასებით, ქვეყანაში მართლაც არ გვაქვს კარგი მდგომარეობა და საჭიროა ვითარების გამოსწორება.
„ერთი რამ ნათელია, როდესაც პირობას აყენებს პარტნიორი მოლაპარაკებისას, მისი შეუსრულებლობა იწვევს ჩვენი ევროპისკენ სვლის შეფერხებას მინიმუმ რამდენიმე წლით, ალბათ. ჩვენი მიზნის რეალიზაციის ამოცანა შეფერხდება.
ველოდი, რომ იქნებოდა დადებითი გადაწყვეტილება, თუმცა, არ გამოვრიცხავდი ამასაც, რადგან ჩვენ სირთულეები მართლაც გვაქვს საშინაო ფრონტზე და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ეს იქნება თავის მოტყუება. ჩვენი ასეთი რამ გვახასიათებს, ზოგჯერ ცოტა უფრო მეტი გვინდა, ვიდრე გვეკუთვნის ხოლმე. გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო პოზიტიური, მაგრამ იმის გათვალისწინება, რომ შეიძლებოდა რაღაც ნეგატიური მოჰყოლოდა ჩვენს შიდა განხეთქილებას და ამის შედეგად გამოწვეულ ტურბულენციას, ამაზე თვალის დახუჭვა იქნებოდა თავის მოტყუება“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ რაიმე კონკრეტული სტანდარტი დადგენილი არ არის, თუ როდის შეიძლება დაუბრუნდეს ევროკომისია საქართველოს საკითხს. როგორც მან For.ge-სთან საუბარში თქვა, როგორც კი, მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები ჩვენს მიერ შესრულდება, ევროკომისია შესაძლოა მაშინვე დაუბრუნდეს საქართველოს საკითხს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
„შესაძლებელია დიდი ხნით გადავვადდეს, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლების ნებაზე. თუ ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ვითარება გამოსწორდეს, მაგალითად, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გამოსწორდება სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლოა უფრო ადრე განიხილონ საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მიღება.
არ არის რაღაც სტანდარტი დადგენილი. შესაძლოა ნებისმიერ დროს განიხილოს ჩვენი საკითხი კიდევ ერთხელ, რადგან საქართველომ შესაძლოა მოთხოვნები დააკმაყოფილოს და რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, დღეის და ხვალის ამბავი არ არის უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვის დაწყება. როგორც ვარჰეიმ განმარტა, თუ ყველა კრიტერიუმი იქნება დაკმაყოფილებული, შემდეგი ნაბიჯი გადაიდგმება.
„დღეს პირველ გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსს ვურჩევთ. ამ პროცესიდან იწყება უკვე ათვლა. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. როდესაც ეს პირობები დაკმაყოფილდება, შემდგომ ავსახავთ ამას. თუ ყველა კრიტერიუმი იქნება დაკმაყოფილებული, შემდეგი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რაც გულისხმობს გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ ეს არ არის დღეის და ხვალის ამბავი“, - განაცხადა ვარჰეიმ.